არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავეხმაროთ მენტალური პრობლემების მქონეთ?

როგორ დავეხმაროთ მენტალური პრობლემების მქონეთ?

ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17:17).

არსი

შეიძლება თავი უსუსურად ვიგრძნოთ, როცა მენტალური პრობლემების მქონე მეგობრის დახმარებას ვცდილობთ. თუმცა ასეთ დროსაც შეგვიძლია დავანახვოთ მას, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის. რისი გაკეთება შეგვიძლია?

პრაქტიკული ნაბიჯები

მზად იყავით მოსასმენად (ᲘᲐᲙᲝᲑᲘ 1:19).

მეგობრის დასახმარებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისი მოსმენაა. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერზე პასუხი უნდა გქონდეთ. აგრძნობინეთ, რომ ყურადღებით უსმენთ და გულწრფელად გადარდებთ. ეცადეთ, მის მდგომარეობაში შეხვიდეთ და ნაჩქარევად არ გააკეთოთ დასკვნები. გახსოვდეთ, შეიძლება ისეთი რამ თქვას, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობს და მოგვიანებით ინანოს კიდეც (იობი 6:2, 3).

ანუგეშეთ (1 ᲗᲔᲡᲐᲚᲝᲜᲘᲙᲔᲚᲔᲑᲘ 5:14).

შეიძლება თქვენი მეგობარი ბევრ რამეზე წუხდეს ან უღირსობის გრძნობას ებრძოდეს. მაშინაც კი, თუ სიტყვებს ვერ პოულობთ, შეძლებთ მის ნუგეშისცემას, თუ დაარწმუნებთ, რომ ზრუნავთ მასზე.

გამოავლინეთ სიყვარული (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17:17).

შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება. ჰკითხეთ, რა სჭირდება ნაცვლად იმისა, რომ თავად გააკეთოთ დასკვნები. თუ უჭირს ამის თქმა, აიღეთ ინიციატივა და შესთავაზეთ დახმარება, მაგალითად სეირნობა, საყიდლებზე ერთად წასვლა, დალაგება და სხვა (გალატელები 6:2).

იყავით სულგრძელნი (1 ᲗᲔᲡᲐᲚᲝᲜᲘᲙᲔᲚᲔᲑᲘ 5:14).

შეიძლება თქვენი მეგობარი ყოველთვის არ იყოს საუბრის განწყობაზე. დაარწმუნეთ, რომ მზად ხართ, ნებისმიერ დროს მოუსმინოთ, როცა საუბარი მოუნდება. მენტალური პრობლემების გამო შეიძლება ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რაც გულს გატკენთ; მაგალითად, რაღაც გქონდეთ დაგეგმილი და უარი გითხრათ ან უეცრად ცუდ გუნებაზე დადგეს. როცა დახმარებას ცდილობთ, მოთმინებით და გაგებით მოეკიდეთ მის მდგომარეობას (იგავები 18:24).

ძალისხმევა დაგიფასდებათ!

„მინდა, ის ადამიანი ვიყო, რომლის იმედიც ჩემს მეგობარს მუდამ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოსავალს ვერ ვთავაზობ, ვცდილობ, გულისყურით მოვუსმინო. ზოგჯერ მხოლოდ მომსმენი ყური სჭირდება, რომ თავი უკეთ იგრძნოს“, — ფერა, a რომლის მეგობარსაც კლინიკური დეპრესია და კვებითი და შფოთვითი აშლილობა აქვს.

„ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ძალიან მზრუნველი და პოზიტიური ადამიანია. ამას წინათ სადილზე დამპატიჟა და ისეთი თბილი გარემო შემიქმნა, რომ თავისუფლად ვისაუბრე ჩემს გრძნობებზე. ამან ძალიან გამამხნევა“, — ჰაიუნი, რომელსაც კლინიკური დეპრესია აქვს.

„მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩემი ცოლი ისეთ რამეს აკეთებს, რაც მაღიზიანებს, იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს მისი დაავადების ბრალია და არა მისი ბუნების ნაწილი. ეს მეხმარება, რომ არ გავბრაზდე და უკეთ გავუგო მას“, — ჯეიკობი, რომლის ცოლსაც კლინიკური დეპრესია აქვს.

„ჩემი მეუღლისგან საოცარ მზრუნველობას და მხარდაჭერას ვგრძნობ. როცა შფოთვითი შეტევა მაქვს, არასდროს მაიძულებს იმის გაკეთებას, რაც არ მინდა. ზოგჯერ თავადაც ამბობს უარს საყვარელი საქმის კეთებაზე. ის ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან თავგანწირვით და დიდსულოვნებით გამოირჩევა“, — ენრიკო, რომელსაც შფოთვითი აშლილობა აქვს.

a ზოგი სახელი შეცვლილია.