არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა?

როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა?

 ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა ძირითადად იეჰოვას მოწმეების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. a შესაწირავების ყუთები მოთავსებულია ჩვენს დარბაზებში. აგრეთვე, ჩვენს ვებგვერდზე ჩამოთვლილია შესაწირავების გაღების სხვა საშუალებები. თითოეული თავად წყვეტს, კონკრეტულად რისთვის გაიღებს შესაწირავს — მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის, ადგილობრივი კრების საჭიროებებისა თუ ორივესთვის ერთად.

 იეჰოვას მოწმეებს არ მოეთხოვებათ მეათედის ან შემოსავლიდან რაიმე კონკრეტული თანხის გადახდა (2 კორინთელები 9:7). კრების შეხვედრებზე დასწრება უფასოა. აქ არ ხდება ფულის აგროვება. გარდა ამისა, არცერთი იეჰოვას მსახური არ იღებს ფულად ანაზღაურებას რელიგიური ღონისძიებების ჩასატარებლად, იქნება ეს ნათლობა, თუ დაკრძალვასა და ქორწილთან დაკავშირებული სხვადასხვა ცერემონია. იეჰოვას მოწმეები არ იღებენ ფინანსურ მოგებას პროდუქციის გაყიდვით, აზარტული თამაშებით, კარნავალებსა და სხვადასხვა წვეულებებში მონაწილეობით, ლატარიის თამაშით ან მსგავსი ღონისძიებებით. მეტიც, ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე ფინანსურ შემოწირულობას. არ ხდება შემომწირველის შესახებ რაიმე ინფორმაციის გასაჯაროება (მათე 6:2—4). ჩვენი ვებგვერდი და პუბლიკაციები არ შეიცავს სარეკლამო შინაარსის მასალებს.

 იეჰოვას მოწმეების თითოეული კრება ყოველთვიურად აწარმოებს ფინანსურ ანგარიშებს, რომლებიც ღიაა საზოგადოებისთვის. რეგულარულად მოწმდება თითოეული კრების საფინანსო ჩანაწერები, რათა გონივრულად იქნეს გამოყენებული შემოწირული თანხები (2 კორინთელები 8:20, 21).

შესაწირავის გაღების საშუალებები

  •   შესაწირავისთვის განკუთვნილი ყუთები: თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ შესაწირავი ნაღდი ფულით ან გამოწეროთ ჩეკი და ჩააგდოთ ის სამეფო დარბაზში, საკონგრესო დარბაზში ან ჩვენი შეხვედრებისთვის განკუთვნილ სხვა ნებისმიერ ადგილას განთავსებულ შესაწირავების ყუთში.

  •   ონლაინ შესაწირავები: ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია შესაწირავების გაღება ჩვენს ვებგვერდზე არსებული განყოფილებიდან „გაიღეთ შესაწირავი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციისთვის“ საკრედიტო ბარათით, სადებეტო ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან სხვა ელექტრონული საშუალებით. b ზოგი იეჰოვას მოწმე წინასწარ გადადებს ხოლმე გარკვეულ თანხას ყოველთვიურად, რათა რეგულარულად გაიღოს შესაწირავი ზემოთ ჩამოთვლილი ამა თუ იმ საშუალებით (1 კორინთელები 16:2).

  •   დაგეგმილი შესაწირავები: შესაწირავის ზოგიერთი საშუალება წინასწარ მოითხოვს დაგეგმვას ან იურიდიულ კონსულტაციას. ამგვარი ინფორმაციის წყალობით შეძლებთ, გონივრულად ისარგებლოთ თქვენს ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემით. ბევრ ჩვენს თანაქრისტიანს სასიკეთოდ წაადგა მემკვიდრეობასთან, ანდერძთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის წინასწარ მოძიება. გთხოვთ, დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალს, თუ აპირებთ შესაწირავის გაღებას შემდეგი სახით:

    •   საბანკო გადარიცხვა

    •   სადაზღვევო ან საპენსიო პოლისი

    •   უძრავი ქონება

    •   წილები და აქციები

    •   ანდერძი და მინდობილობა

 თქვენს ქვეყანაში არსებული შესაწირავების გაღების საშუალებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდზე jw.org არსებული განყოფილება „გაიღეთ შესაწირავი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციისთვის“.

a მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად, ზოგჯერ ისინიც იღებენ შესაწირავს, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები.

b დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს: „შესაწირავის გაღება ვებგვერდის მეშვეობით“.