არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის შეთანხმების კიდობანი?

რა არის შეთანხმების კიდობანი?

ბიბლია გვპასუხობს

 შეთანხმების კიდობანი იყო წმინდა სკივრი, რომელიც ისრაელებმა ღვთის ბრძანებით გააკეთეს. ღმერთმა დეტალურად აუხსნა ისრაელებს, როგორი უნდა ყოფილიყო შეთანხმების კიდობანი. მასში ინახებოდა ქვის ორი ფილა, რომლებზეც ათი მცნება იყო დაწერილი (გამოსვლა 25:8—10, 16; 31:18).

  •   კიდობნის აგებულება. კიდობანი სიგრძით 2,5 წყრთა იყო, სიგანითა და სიმაღლით — 1,5 (დაახლ. 111 × 67 × 67 სმ). ის აკაციის ხისგან იყო დამზადებული და შიგნიდანაც და გარედანაც სუფთა ოქროთი იყო მოვარაყებული; ზედა კიდეზე შემოვლებული ჰქონდა ოქროს არშია. სახურავი მთლიანად სუფთა ოქროსი იყო, რომელზეც ორი ოქროს ქერუბიმი იდგა; ერთი — ერთ ბოლოში, მეორე — მეორე ბოლოში. სახეები მათ ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიქცეული, ორივე ფრთა ზემოთ ჰქონდათ აწვდილი და კიდობნის სახურავს ფარავდნენ. კიდობნის ოთხივე ფეხის ზემოთ მიმაგრებულ ოქროს რგოლებში ოქროთი მოვარაყებული აკაციის ხის ორი კეტი იყო გაყრილი. ამ კეტების მეშვეობით ისრაელებს შეეძლოთ კიდობნის ტარება (გამოსვლა 25:10—21; 37:6—9).

  •   კიდობნის ადგილსამყოფელი. თავიდან შეთანხმების კიდობანი კარვის წმინდათაწმინდაში ინახებოდა; წმინდათაწმინდის შესასვლელთან ფარდა იყო ჩამოფარებული, რათა კიდობანი მღვდლებისა და ხალხის თვალთაგან დაფარული ყოფილიყო. შეთანხმების კიდობანი კარავთან ერთად აიგო. კარავში ისრაელები თაყვანს სცემდნენ ღმერთს; შესაძლებელი იყო მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა (გამოსვლა 40:3, 21). წმინდათაწმინდაში შესვლა და კიდობნის ხილვა მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს (ლევიანები 16:2; ებრაელები 9:7). მოგვიანებით, კიდობანი სოლომონის ტაძრის წმინდათაწმინდაში გადაიტანეს (1 მეფეები 6:14, 19).

  •   კიდობნის დანიშნულება. კიდობანში ინახებოდა წმინდა ნივთები. ისინი ისრაელებს იმ შეთანხმების შესახებ შეახსენებდა, რომელიც ღმერთმა მათ სინას მთასთან დაუდო. კიდობანი აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გამოსყიდვის დღეს (ლევიანები 16:3, 13—17).

  •   კიდობანში შენახული ნივთები. თავდაპირველად კიდობანში ჩადეს ქვის ორი ფილა, რომლებზეც ათი მცნება ეწერა (გამოსვლა 40:20). მოგვიანებით კი მასში ჩააწყვეს „ოქროს ჭურჭელი მანანით“ და „აარონის კვერთხი, კვირტები რომ გამოიღო“ (ებრაელები 9:4; გამოსვლა 16:33, 34; რიცხვები 17:10). როგორც ჩანს, ჭურჭელი და კვერთხი კიდობნიდან მანამ ამოიღეს, სანამ მას სოლომონის ტაძარში გადაიტანდნენ (1 მეფეები 8:9).

  •   კიდობნის გადატანა. ეს საქმე ლევიანებს ევალებოდათ. ისინი კიდობანს კეტებით მხრებზე შედგმული ატარებდნენ (რიცხვები 7:9; 1 მატიანე 15:15). კეტები ყოველთვის რგოლებში უნდა ყოფილიყო გაყრილი, რათა ლევიანები კიდობანს არ შეხებოდნენ (გამოსვლა 25:12—16). როდესაც კიდობანი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ, მას ფარავდნენ „ჩამოსაფარებელი ფარდით“, რომელიც კარვის წმინდას წმინდათაწმინდისგან ყოფდა (რიცხვები 4:5, 6). a

  •   კიდობნის გადატანითი მნიშვნელობა. კიდობანი ისრაელთან ღვთის ყოფნას განასახიერებდა. მაგალითად, როცა კიდობანი კარვის წმინდათაწმინდაში ან ისრაელთა ბანაკში იყო, მის თავზე ყოველთვის ჩნდებოდა ღრუბელი, რაც იეჰოვას ისრაელთან ყოფნასა და მის კურთხევებზე მიანიშნებდა (ლევიანები 16:2; რიცხვები 10:33—36). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვას „ქერუბიმებზე მჯდომი“ ეწოდება; ამ ქერუბიმებში კიდობნის სახურავზე დამაგრებული ორი ქერუბიმი იგულისხმება (1 სამუელი 4:4; ფსალმუნი 80:1). ეს ქერუბიმები იეჰოვას ეტლს წარმოადგენდნენ (1 მატიანე 28:18). ვინაიდან კიდობანი იეჰოვას ისრაელთან ყოფნას განასახიერებდა, ამ წმინდა სკივრის სიონში გადატანის შემდეგ დავითს მართებულად შეეძლო ეთქვა, რომ იეჰოვა „სიონში მკვიდრობს“ (ფსალმუნი 9:11).

  •   კიდობნის სახელწოდებები. ბიბლიაში წმინდა სკივრი მოხსენიებულია ისეთი სახელებით, როგორიცაა „მოწმობის კიდობანი“, „შეთანხმების კიდობანი“, „იეჰოვას კიდობანი“ და „შენი [იეჰოვას] ძლიერების კიდობანი“ (რიცხვები 7:89; იესო ნავეს ძე 3:6, 13; 2 მატიანე 6:41).

     ბიბლიაში კიდობნის სახურავს „შერიგების საფარი“ ეწოდება (1 მატიანე 28:11). აქედან ვიგებთ, რა როლს ასრულებდა კიდობნის სახურავი გამოსყიდვის დღეს. ამ დღეს მღვდელმთავარი შეწირული ცხოველის სისხლს კიდობნის სახურავზე და მის წინ ასხურებდა. ამგვარად ის ასრულებდა ცოდვების „გამოსყიდვის წესს თავისთვის, თავისი სახლისა და ისრაელის მთელი კრებულისთვის“ (ლევიანები 16:14—17).

დღესაც არსებობს შეთანხმების კიდობანი?

 ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კიდობანი აღარ არის საჭირო, რადგან ის შეთანხმება, რომელიც ღმერთმა მისი მეშვეობით ისრაელ ერთან დადო, „ახალი შეთანხმებით“ შეიცვალა. „ახალი შეთანხმება“ ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით შევიდა ძალაში (იერემია 31:31—33; ებრაელები 8:13; 12:24). ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოვიდოდა დრო, როცა კიდობანი აღარ იარსებებდა; თუმცა ის ღვთის მსახურებს არ მოენატრებოდათ (იერემია 3:16).

 მას შემდეგ, რაც ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა, იოანემ ხილვაში ნახა ზეციერი ტაძრის საწმინდარი და შეთანხმების კიდობანი (გამოცხადება 11:15, 19). იოანეს მიერ ნანახი კიდობანი ღვთის ადამიანებთან ყოფნაზე და იმ კურთხევებზე მიუთითებს, რომლებსაც მათ ახალი შეთანხმება მოუტანს.

თილისმის ფუნქციას ასრულებდა კიდობანი?

 არა, კიდობანი თილისმის ფუნქციას არ ასრულებდა; შესაბამისად, ამა თუ იმ ადგილზე მისი ყოფნა წარმატების გარანტია ვერ იქნებოდა. მაგალითად, ისრაელები დამარცხდნენ აისთან ბრძოლაში, იმის მიუხედავად, რომ კიდობანი მათ ბანაკში იყო. ამის მიზეზი ერთ-ერთი ისრაელის ორგულობა გახდა (იესო ნავეს ძე 7:1—6). მოგვიანებით, ისრაელები ფილისტიმელებთან ბრძოლაშიც დამარცხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრძოლის ველზე კიდობანი თან ჰქონდათ. ისინი იმიტომ დამარცხდნენ, რომ ისრაელი მღვდლები, ხოფნი და ფინხასი ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ (1 სამუელი 2:12; 4:1—11). ფილისტიმელებმა ბრძოლის დროს კიდობანი ხელში ჩაიგდეს, თუმცა მას სიკეთე არ მოუტანია მათთვის; პირიქით, ამის გამო ღმერთმა ფილისტიმელებს საშინელი სენი შეჰყარა. ისინი მხოლოდ მაშინ განიკურნენ, როცა კიდობანი ისრაელებს დაუბრუნეს (1 სამუელი 5:11—6:5).

შეთანხმების კიდობნის ისტორია

წელი (ძვ. წ.)

მოვლენა

1513

ბეცალელი და მისი დამხმარეები ისრაელი ხალხისგან შემოწირული მასალით კიდობანს ამზადებენ (გამოსვლა 25:1, 2; 37:1).

1512

მოსე კიდობნისა და კარვის მიძღვნის ცერემონიას ატარებს და ნიშნავს მღვდლებს (გამოსვლა 40:1—3, 9, 20, 21).

1512 — 1070

კიდობანი სხვადასხვა ადგილზე გადააქვთ (იესო ნავეს ძე 18:1; მსაჯულები 20:26, 27; 1 სამუელი 1:24; 3:3; 6:11—14; 7:1, 2).

1070 წლის შემდეგ

მეფე დავითს კიდობანი იერუსალიმში გადააქვს (2 სამუელი 6:12).

1026

კიდობანი იერუსალიმში, სოლომონის ტაძარში გადააქვთ (1 მეფეები 8:1, 6).

642

მეფე იოშია კიდობანს ტაძარში აბრუნებს (2 მატიანე 35:3). b

607 წლამდე

როგორც ჩანს, კიდობანი ტაძრიდან გაიტანეს, ვინაიდან იმ ნივთებს შორის, რომლებიც ბაბილონში ძვ. წ. 607 წელს ტაძრის განადგურების დროს წაიღეს, კიდობანი არ არის ნახსენები. ის არც იმ ნივთებს შორის არის მოხსენიებული, რომლებიც ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს (2 მეფეები 25:13—17; ეზრა 1:7—11).

63

რომაელი სარდალი პომპეუსი იერუსალიმს იპყრობს. ტაძრის წმინდათაწმინდაში ის კიდობანს ვერ პოულობს. c

a ღმერთმა ისრაელებს გარკვეული მითითებები მისცა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაეფარათ და გადაეადგილებინათ კიდობანი. როდესაც ისრაელები ამ მითითებებს არ ითვალისწინებდნენ, სავალალო შედეგებს იმკიდნენ (1 სამუელი 6:19; 2 სამუელი 6:2—7).

b ბიბლია არ აკონკრეტებს ვინ, როდის და რატომ გაიტანა კიდობანი ტაძრიდან.

c იხილეთ The Histories, by Tacitus, წიგნი V, აბზაცი 9.