რა არის ქრისტეს მოსვლა?
ბიბლია გვპასუხობს:
ღვთის სიტყვაში ბევრ ადგილას არის ნახსენები, რომ მომავალში ქრისტე მოვა, როგორც მოსამართლე და განსჯის დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. a მაგალითად, მათეს 25:31—33-ში ნათქვამია:
„როცა მოვა კაცის ძე [იესო ქრისტე] ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“.
ეს გასამართლება „დიდი გასაჭირის“ დროს მოხდება, რომლის მსგავსიც არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. დიდი გასაჭირი თავის კულმინაციას არმაგედონის ომში მიაღწევს (მათე 24:21; გამოცხადება 16:16). ქრისტეს მტრები, რომლებიც მის მიერ მოყვანილ მაგალითში თხებად არიან მოხსენიებულნი, „სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (2 თესალონიკელები 1:9; გამოცხადება 19:11, 15). მათგან განსხვავებით, ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ცხვრებად არიან მოხსენიებულნი, „მარადიულად იცოცხლებენ“ (მათე 25:46).
როდის მოვა ქრისტე?
იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე . . . არავინ იცის“ (მათე 24:36, 42; 25:13). მიუხედავად ამისა, მან აღწერა არაერთი მოვლენის მომცველი ხილული ნიშანი, რაც მისი მოსვლის მიმანიშნებელი იქნებოდა (მათე 24:3, 7—14; ლუკა 21:10, 11).
ხორციელი სხეულით მოვა ქრისტე თუ სულიერით?
იესო სულიერი სხეულით აღდგა, ამიტომ ის სულიერი სხეულით მოვა და არა ხორციელით (1 კორინთელები 15:45; 1 პეტრე 3:18). სწორედ ამიტომ უთხრა იესომ სიკვდილამდე თავის მოციქულებს: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს“ (იოანე 14:19).
გავრცელებული არასწორი შეხედულებები ქრისტეს მოსვლის შესახებ
არასწორი შეხედულება: როდესაც ბიბლიაში ნათქვამია, რომ ხალხი იხილავს „ცის ღრუბლებზე მომავალ“ იესოს, ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ხილულად მოვა (მათე 24:30).
სინამდვილე: ბიბლია ხშირად ღრუბლებს იმ კონტექსტში იხსენიებს, როცა რაღაც დაფარულია თვალთახედვის არიდან (ლევიანები 16:2; რიცხვები 11:25; კანონი 33:26). მაგალითად, ღმერთმა უთხრა მოსეს: „აი! შავ ღრუბელში მოვდივარ შენთან“ (გამოსვლა 19:9). მოსეს პირდაპირი გაგებით ღმერთი არ უხილავს. მსგავსად ამისა, ქრისტე იმ გაგებით მოდის ღრუბლებზე, რომ ხალხი მიხვდება მის მოსვლას, თუმცა ფიზიკური თვალებით ვერ დაინახავენ მას.
არასწორი შეხედულება: გამოცხადების 1:7-ში ჩაწერილი სიტყვები „დაინახავს მას ყოველი თვალი“, რომელიც ქრისტეს მოსვლას ეხება, პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ.
სინამდვილე: ბიბლიაში გამოყენებული ბერძნული სიტყვები, რომლებიც ქართულად ითარგმნება, როგორც „თვალი“ და „დანახვა“, ზოგჯერ რაღაცის მიხვედრის ან ჩაწვდომის მნიშვნელობით გამოიყენება და არა პირდაპირი გაგებით რაღაცის დანახვის მნიშვნელობით (მათე 13:15; ლუკა 19:42; რომაელები 15:21; ეფესოელები 1:18). b ბიბლიაში ნათქვამია, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო „მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ (1 ტიმოთე 6:16). ამგვარად სიტყვები „დაინახავს მას ყოველი თვალი“ იმას ნიშნავს, რომ ყველა მიხვდება, რომ სწორედ იესო არის ის, ვინც ღვთის განაჩენს აღასრულებს (მათე 24:30).
არასწორი შეხედულება: 2 იოანეს მე-7 მუხლში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესო ხორციელად მოვა.
სინამდვილე: ამ ბიბლიურ მუხლში ვკითხულობთ: „ბევრი მატყუარა გაჩნდა ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებენ, რომ იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა“.
მოციქულ იოანეს დღეებში ზოგი უარყოფდა, რომ იესო დედამიწაზე ხორციელად მოვიდა. ესენი იყვნენ გნოსტიკოსები. 2 იოანეს მე-7 მუხლი მათ მცდარ არგუმენტს აბათილებს.