არჩეულ მასალაზე გადასვლა

საკმარისია იესოსადმი რწმენა გადასარჩენად?

საკმარისია იესოსადმი რწმენა გადასარჩენად?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ქრისტიანებს სწამთ, რომ იესო კაცობრიობის ცოდვებისთვის მოკვდა (1 პეტრე 3:18). თუმცა გადასარჩენად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ იმის დაჯერება, რომ იესო ჩვენი მხსნელია. დემონებმაც იციან, რომ იესო არის „ღვთის ძე“, მაგრამ ამის ცოდნა მათ არ გადაარჩენს. ისინი განადგურებას ექვემდებარებიან (ლუკა 4:41; იუდა 6).

 რა უნდა გავაკეთო, რომ გადავრჩე?

  •   უნდა ირწმუნოთ, რომ იესომ სიცოცხლე გაიღო კაცობრიობის ცოდვებისთვის (საქმეები 16:30, 31; 1 იოანე 2:2). ამაში იმის რწმენაც იგულისხმება, რომ იესო რეალური პიროვნება იყო და ყველაფერი, რასაც ბიბლია მის შესახებ ამბობს, სიმართლეა.

  •   გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში (2 ტიმოთე 3:15). ბიბლიიდან ვიგებთ, რა უთხრეს მოციქულმა პავლემ და სილამ საპყრობილის ზედამხედველს: „ირწმუნე უფალი იესო და გადარჩები“. ამის შემდეგ მათ „იეჰოვას a სიტყვის“ სწავლება დაუწყეს მას (საქმეები 16:31, 32). ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საპყრობილის ზედამხედველს ღვთის სიტყვა სათანადოდ არ ესმოდა და შესაბამისად, იესოსადმი რწმენაც არ ჰქონდა. მას საფუძვლიანად უნდა შეესწავლა წმინდა წერილები (1 ტიმოთე 2:3, 4).

  •   მოინანიეთ (საქმეები 3:19) თქვენც უნდა მოინანიოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი სინანული უნდა იგრძნოთ წარსულში ჩადენილი არასწორი საქციელისა თუ აზროვნების გამო. როდესაც მიატოვებთ ისეთ საქმეებს, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს და „მონანიების დამამტკიცებელ საქმეებს“ გააკეთებთ, თქვენი სინანული სხვებისთვისაც გახდება ცხადი (საქმეები 26:20).

  •   მოინათლეთ (მათე 28:19). იესოს სიტყვების თანახმად, ვისაც სურს, მისი მოწაფე გახდეს, უნდა მოინათლოს. ციხის ზედამხედველი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მოინათლა (საქმეები 16:33). მსგავსადვე, მას შემდეგ, რაც მოციქულმა პეტრემ უამრავ ადამიანს იესოს შესახებ ჭეშმარიტება ასწავლა, მათგან, „ვინც მთელი გულით მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა“ (საქმეები 2:40, 41).

  •   დაემორჩილეთ იესოს მითითებებს (ებრაელები 5:9). ისინი, რომლებიც იესოს ყველა მითითებას იცავენ, თავიანთი ცხოვრებით ცხადყოფენ, რომ მისი მიმდევრები არიან (მათე 28:20). ისინი ხდებიან „სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (იაკობი 1:22).

  •   ბოლომდე მოითმინეთ (მარკოზი 13:13). იესოს მოწაფეებს გადასარჩენად მოთმინება სჭირდებათ (ებრაელები 10:36). მაგალითად, პავლე მოციქული ზედმიწევნით იცავდა იესოს სწავლებებს და ყოველთვის ინარჩუნებდა ღვთისადმი ერთგულებას; იგი სიცოცხლის ბოლომდე მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს (1 კორინთელები 9:27).

 რა არის „ცოდვილის ლოცვა“?

 ზოგ რელიგიაში სპეციალურ ლოცვებს წარმოთქვამენ, მაგალითად ისეთს, როგორიცაა „ცოდვილის ლოცვა“ და „ლოცვა ხსნისთვის“. როგორც წესი, ამ ლოცვების წარმომთქმელები აღიარებენ თავიანთ ცოდვილ მდგომარეობას და სწამთ, რომ იესო მათი ცოდვებისთვის მოკვდა. ისინი იმასაც სთხოვენ იესოს, რომ ის მათ გულში ანუ მათ ცხოვრებაში შევიდეს. ბიბლია არსად მოიხსენიებს „ცოდვილის ლოცვას“ და არც იწონებს ასეთ შაბლონურ ლოცვებს.

 ზოგი ფიქრობს, რომ „ცოდვილის ლოცვის“ წარმოთქმით, ხსნას მოიპოვებს. სინამდვილეში, ლოცვა გადარჩენის გარანტია არ არის. არასრულყოფილების გამო, ხშირად ჩავდივართ ცოდვებს (1 იოანე 1:8). ამიტომ ასწავლიდა იესო თავის მიმდევრებს, გამუდმებით ელოცათ ცოდვების პატიებისთვის (ლუკა 11:2, 4). უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგმა ქრისტიანმა, რომლებიც მარადიული ხსნის გზაზე იდგნენ, დაკარგა ეს შესაძლებლობა, რადგან ღმერთს ზურგი აქცია (ებრაელები 6:4—6; 2 პეტრე 2:20, 21).

 როდის შეიქმნა „ცოდვილის ლოცვა“?

 თეოლოგებს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგი ფიქრობს, რომ ამ ლოცვას დასაბამი პროტესტანტული რეფორმაციის პერიოდში მიეცა. ზოგის აზრით, კი ეს ლოცვა წარმოიშვა მე-18 და მე-19 საუკუნეებში ახალი რელიგიური მიმდინარეობების ჩამოყალიბებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიბლია არ მოგვიწოდებს ასეთი ლოცვების წარმოთქმისკენ. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ ლოცვები ავტომატურად არ უნდა ვიმეოროთ.

a როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვა ღმერთის სახელია.