არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია ევთანაზიაზე?

რას ამბობს ბიბლია ევთანაზიაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლია ევთანაზიის შესახებ კონკრეტულად არაფერს ამბობს. a თუმცა ის გვეხმარება, რომ სიცოცხლეზე და სიკვდილზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს. მართალია, სიკვდილის პროვოცირება მიუღებელია, მაგრამ ჩვენგან არც ის მოითხოვება, რომ უკიდურეს ზომებს მივმართოთ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მაშინ, როცა სიკვდილი გარდაუვალია.

 ბიბლია ღმერთს შემოქმედს, „სიცოცხლის წყაროს“ უწოდებს (ფსალმუნი 36:9; საქმეები 17:28). ღვთისთვის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია, ამიტომ ის გმობს როგორც სხვის, ისე საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას (გამოსვლა 20:13; 1 იოანე 3:15). უფრო მეტიც, ბიბლია მოგვიწოდებს, ვიზრუნოთ როგორც საკუთარ, ისე სხვის უსაფრთხოებაზე (კანონი 22:8). აშკარაა, რომ ღმერთს სურს, დავაფასოთ მის მიერ ბოძებული სიცოცხლის ძღვენი.

როცა სიკვდილი გარდაუვალია

 ბიბლია განსჯის მკვლელობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანის სიკვდილი გარდაუვალია. ისრაელის მეფის, საულის შემთხვევა ამის ერთ-ერთი მაგალითია. ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა საულმა თავის მსახურს სთხოვა, რომ მოეკლა (1 სამუელი 31:3, 4). მსახურმა ამაზე უარი თქვა. თუმცა მოგვიანებით სხვა მსახურმა მოიტყუა, რომ საულის სურვილი მან შეასრულა. დავითმა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ღვთის თვალით უყურებდა, ეს მამაკაცი სისხლისღვრაში დაადანაშაულა (2 სამუელი 1:6—16).

ღირს სიცოცხლის გახანგრძლივება ნებისმიერ ფასად?

 ბიბლია არ მოითხოვს ჩვენგან სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებას მაშინ, როცა სიკვდილი აშკარად გარდაუვალია. ნაცვლად ამისა, ბიბლია ამ საკითხზე გაწონასწორებულ თვალსაზრისს გვთავაზობს. სიკვდილი, ჩვენი უდიდესი მტერი, არის ცოდვის საზღაური (რომაელები 5:12; 1 კორინთელები 15:26). სიკვდილს არც უნდა ვნატრობდეთ და მისი არც უნდა გვეშინოდეს; რომც მოვკვდეთ, ღმერთი გვპირდება, რომ მკვდრეთით აღგვადგენს (იოანე 6:39, 40). ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს აფასებს, ყველანაირად შეეცდება, რომ შეძლებისდაგვარად საუკეთესო სამედიცინო დახმარება მიიღოს. თუმცა ამაში არ იგულისხმება ისეთი სამედიცინო ჩარევა, რომელიც კვდომის პროცესს უბრალოდ მცირე ხნით გაახანგრძლივებს.

მიუტევებელი ცოდვაა თვითმკვლელობა?

 არა. ბიბლიაში არ წერია, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა. b მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის თვალში თვითმკვლელობა სერიოზული ცოდვაა, ის ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკური დაავადება, უკიდურესი სტრესი ან გენეტიკური თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება ადამიანს თვითმკვლელობის სურვილი აღუძრას (ფსალმუნი 103:13, 14). ბიბლიის მეშვეობით ღმერთი გასაჭირში მყოფთ ანუგეშებს. გარდა ამისა, ბიბლიაში წერია, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). აქედან გამომდინარე, აღდგომის იმედი იმ ადამიანებისთვისაც არსებობს, რომლებმაც ისეთი სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს, როგორიცაა თვითმკვლელობა.

a ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, ევთანაზია ანუ სიბრალულის გამო მოკვდინება განიმარტება როგორც „უკურნებელი სენით დაავადებული ან უბედური შემთხვევის გამო მძიმედ დაშავებული ადამიანის სიკვდილის განზრახ დაჩქარება მისთვის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით“ (Merriam-Webster Learner’s Dictionary). როდესაც ექიმი პაციენტს მისივე ნებით უსწრაფებს სიცოცხლეს, ამას ექიმის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა ეწოდება.

b ბიბლიაში ჩაწერილია სულ რამდენიმე ადამიანის შემთხვევა, რომლებმაც თვითმკვლელობა ჩაიდინეს. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი ღვთის ნების თანახმად არ მოქმედებდა (2 სამუელი 17:23; 1 მეფეები 16:18; მათე 27:3—5).