არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

ღირს ადრენალინის მისაღებად რისკზე წასვლა?

ღირს ადრენალინის მისაღებად რისკზე წასვლა?

პრობლემა

„გვირაბში ჩქაროსნულმა მატარებელმა დიდი სისწრაფით ჩამიქროლა, მე კი ამ დროს მატარებელთან ძალიან ახლოს ვიდექი. იმდენად მომიზღვავდა ადრენალინი, რომ სულ გადამავიწყდა ჩემი პრობლემები“ (ლიონი). *

„როცა ციცაბო კლდიდან წყალში ვხტებოდი, რამდენიმე წამის მანძილზე სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი. ხშირად ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ზოგჯერ შიში მიპყრობდა“ (ლარისა).

ლიონის და ლარისას მსგავსად, მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ბევრი ახალგაზრდა ზოგჯერ საკმაოდ დიდ რისკზე მიდის, რათა გამოსცადონ, სად გადის მათი შესაძლებლობების ზღვარი. შენც ხომ არ გიზიდავს მძაფრი შეგრძნებები? თუ ასეა, ეს სტატია სწორ მიმართულებას მოგცემს.

რა უნდა იცოდე

ადრენალინის მიღება შეიძლება დაუოკებელ სურვილად გექცეს. შესაძლოა წამიერად საოცარი სიმსუბუქე და სიამოვნება იგრძნო, მაგრამ მალე უფრო მძაფრი შეგრძნების განცდის სურვილი გიპყრობს. მარკო, რომელიც ლიონის მსგავსად გვირაბში მატარებლის სიახლოვეს დგებოდა ხოლმე, იხსენებს: „მძაფრი შეგრძნებების მორევმა ჩამითრია — სიამოვნებას მხოლოდ მცირე ხნით განვიცდიდი, ცოტა ხანში კი ისევ მიჩნდებოდა ადრენალინის მიღების ძლიერი სურვილი“.

ერთ დროს ჯასტინიც ექსტრემალური სპორტით იყო გატაცებული. გორგოლაჭებიან ციგურებზე შემდგარი ჯასტინი მიმავალ მანქანას ჩასჭიდებდა ხოლმე ხელს და დიდი სისწრაფით მიქროდა. ის ამბობს: „ვერ ვკმაყოფილდებოდი მძაფრი შეგრძნებებით და ისევ მინდებოდა იმავეს განცდა. მინდოდა, ხალხი აღფრთოვანებულიყო ჩემით, მაგრამ საბოლოოდ საავადმყოფოში ამოვყავი თავი“.

თუ თანატოლებს აჰყვები, შეიძლება საღი აზრი დაკარგო. ერთი ახალგაზრდა, სახელად მარვინი, იხსენებს: «ერთხელ მეგობრებმა მაიძულეს, მაღალ შენობაზე ცოცვა-ცოცვით ავსულიყავი. ისინი მიკიჟინებდნენ: „მიდი, შენ ამას შეძლებ!“. რაც უფრო ზევით მივიწევდი, მით უფრო მეტად მიპყრობდა შიში და მთელი სხეული მიცახცახებდა». ზემოხსენებული ლარისა ამბობს: „იმას ვაკეთებდი, რასაც სხვები. გაუაზრებლად მივყვებოდი დინებას“.

ახალგაზრდები რომ აიყოლიონ, ზოგი ინტერნეტის მეშვეობით რეკლამას უკეთებს ექსტრემალური გართობის მოყვარულებს და თითქმის არაფერს ამბობს, თუ რაოდენ სახიფათოა ასეთი გართობა. სოციალურ ქსელებში ექსტრემალური გართობის ამსახველ ზოგ ვიდეოს დადებისთანავე ძალიან ბევრი ნახვა აქვს; შედეგად, ექსტრემალური გართობის მოყვარულები პოპულარულები ხდებიან.

მაგალითად, ზოგ ასეთ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ლახავენ ფიზიკურ დაბრკოლებებს — ღობეებს, კედლებს, კიბეებს — სწრაფად და მოხერხებულად ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე. სპორტის ამ სახეობას პარკური ეწოდება. მსგავსი ვიდეოების ყურებამ შეიძლება მცდარ დასკვნამდე მიგიყვანოს, რომ ამას ყველა აკეთებს და სარისკო თითქმის არაფერია. ამიტომ შესაძლოა შენც მოგინდეს, ისეთი რამით გაერთო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

შენი შესაძლებლობების ზღვარი რომ გამოსცადო, ბევრად უკეთესი და უსაფრთხო საშუალებები არსებობს. ბიბლიაში ნათქვამია: „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). თუმცა ღვთის სიტყვა იმასაც გვირჩევს, რომ „აზრიანად . . . ვიცხოვროთ“ (ტიტე 2:12). რა არის ამისთვის საჭირო?

გამოსავალი

განჭვრიტე მოსალოდნელი საფრთხეები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს, უგუნური კი სისულელეს გაავრცელებს“ (იგავები 13:16). სანამ გართობის რომელიმე სახეობას აირჩევ, გაარკვიე, რა საფრთხეები ახლავს თან. ჰკითხე საკუთარ თავს: ღირს ამის გამო, სიცოცხლე დავკარგო ან სერიოზულად დავშავდე? (ბიბლიური პრინციპი: იგავები 14:15).

ისეთი მეგობრები აირჩიე, რომლებიც სიცოცხლეს უფრთხილდებიან. ნამდვილი მეგობრები არასდროს გიბიძგებენ, რისკზე წახვიდე და არც ისეთი რამის გაკეთებას გაიძულებენ, რაც არ გინდა. ლარისა ამბობს: „ჩემი მეგობრები, რომლებსაც გაწონასწორებული შეხედულებები აქვთ, დამეხმარნენ, გონივრულად ამერჩია გართობა. როცა მეგობრები შევიცვალე, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 13:20).

ჰკითხე საკუთარ თავს: ღირს ამის გამო, სიცოცხლე დავკარგო ან სერიოზულად დავშავდე?

ისე გაერთე, რომ სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდო. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ, როგორც წესი, ახალგაზრდა „საკუთარი პრინციპებისა და საზღვრების დადგენას“ ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების პერიოდში სწავლობს (Adolescent Risk Behaviors). თუ გინდა გაიგო, სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი, აირჩიე უსაფრთხო გარემო, გამოიყენე დამცავი აღჭურვილობა და მიიღე უსაფრთხოების სხვა ზომები.

გაიგე, სინამდვილეში რა აგიმაღლებს ღირსების გრძნობას. ადამიანების პატივისცემას მაშინ იმსახურებ, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს ღირსეულად ართმევ თავს და არა მაშინ, როცა ადრენალინის მისაღებად რისკზე მიდიხარ. ლარისა იხსენებს: „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც კლდიდან გადმოვხტი და მას შემდეგ ვეღარ შევძელი გაჩერება — ერთ სარისკო ნაბიჯს მეორე მოჰყვებოდა და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. კარგი იქნებოდა, თავის დროზე მესწავლა უარის თქმა“.

დასკვნა: ნაცვლად იმისა, რომ უაზრო რისკზე წახვიდე მხოლოდ იმიტომ, რომ ადრენალინი მიიღო, განსჯის უნარს მოუხმე და გონივრულად აირჩიე გართობა (ბიბლიური პრინციპი: იგავები 15:24).

^ აბზ. 4 სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.