რატომ აკითხავენ იეჰოვას მოწმეები კვლავ და კვლავ მათ, ვინც უარს ამბობს ბიბლიური ცნობის მოსმენაზე?
ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, ბიბლიური ცნობა გავუზიაროთ ყველა ადამიანს, მათაც, ვინც თავიდან უარი განაცხადა მის მოსმენაზე (მათე 22:37—39). ჩვენ ღვთის სიყვარული გვეხმარება, დავემორჩილოთ მისი ძის ბრძანებას, „საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქმეები 10:42; 1 იოანე 5:3). ეს დავალება რომ შევასრულოთ, საკმარისი არ არის მხოლოდ ერთხელ ვესაუბროთ ადამიანებს ბიბლიურ ცნობაზე. ძველ დროში მცხოვრები წინასწარმეტყველების მსგავსად, ჩვენც არაერთხელ ვაკითხავთ მათ (იერემია 25:4). მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, ყველას გადავცეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14).
ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა იქ გვიპოვია მომსმენი ყური, სადაც თავიდან არავის გამოუვლენია ინტერესი. რა განაპირობებს ამას?
ადამიანები საცხოვრებელ ადგილს იცვლიან.
ოჯახის სხვა წევრები ავლენენ ინტერესს.
ადამიანები იცვლებიან. ზოგს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების ან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო სულიერი საკითხებისადმი ინტერესი უჩნდება (მათე 5:3). ერთ დროს მოწინააღმდეგეებიც კი შეიძლება შეიცვალონ, როგორც ეს მოციქული პავლეს შემთხვევაში მოხდა (1 ტიმოთე 1:13).
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არავის ვაიძულებთ, მოისმინოს სასიხარულო ცნობა (1 პეტრე 3:15). ჩვენ გვესმის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის სცემს თაყვანს (კანონი 30:19, 20).