შედეგებით თავადაც გაოცდა
ერთ მარტოხელა დედას, სახელად დესიკარს, ძალიან უნდოდა პიონერად მსახურება. ის ვენესუელაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური კრიზისია. ამის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა პიონერად მსახურების დაწყება. თავიდან ის დიდი სიხარულით შეუდგა ქადაგებას, თუმცა შემდეგ კორონავირუსმა იფეთქა.
პანდემიის დასაწყისში დესიკარს ძალიან გაუჭირდა მსახურებაში ახალი მეთოდების გამოყენება. წერილების წერაც დიდად არ ეხერხებოდა. თანაც ქვეყანაში ინტერნეტი ძვირი ღირს, ამიტომ ვერც ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ქადაგებდა. ის ამბობს: „გულგატეხილი ვიყავი. ხელ-ფეხი შემეკრა. ვფიქრობდი, რომ ჩემს პიონერობას აზრი არ ჰქონდა“.
2021 წლის იანვარში იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა ვენესუელაში ორგანიზება გაუწია სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიას. 60 რადიოსადგურისა და 7 სატელევიზიო არხის მეშვეობით ხუთივე შაბათ-კვირას საჯარო მოხსენებები გადაიცემოდა. და-ძმები დაინტერესებულებს მოხსენებების მოსასმენად იწვევდნენ. ფილიალმა მოხსენებებთან დაკავშირებული კითხვები და ბიბლიური მუხლები შეარჩია, რომლებსაც და-ძმები წერილების წერისას და სატელეფონო საუბრებისას იყენებდნენ. ამასთანავე, ვენესუელის ფილიალმა მაუწყებლებს მოუწოდა, რომ ხალხისთვის ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ და ამ ახალი მეთოდით ექადაგათ.
დესიკარი სიხარულით ჩაერთო ამ კამპანიაში მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახით არასოდეს უქადაგია. თუმცა მას დახმარებაც დასჭირდა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ტექნიკაში ცუდად ერკვეოდა. მან თავის ქალიშვილს სთხოვა, რომ ცოტაოდენი რამ მაინც ესწავლებინა მისთვის. საბოლოოდ მან შეძლო მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობა.
დესიკარმა არაერთ თავის ნაცნობს გაუგზავნა შეტყობინება და წინასწარ ჩაწერილი მოხსენებების მოსასმენად დაპატიჟა. შედეგებით თავადაც გაოცდა. საკმაოდ ბევრმა მოისმინა მოხსენებები და დესიკარს კითხვები დაუსვა. ზოგმა ვერ შეძლო მოხსენებების მოსმენა, მაგრამ დესიკარს სთხოვა, რომ მათთვის შინაარსი მაინც მოეყოლა. ის აღნიშნავს: „ძირითად აზრებს ვიწერდი და მათ ვუზიარებდი. თვის მანძილზე 5-ზე მეტი განმეორებითი მონახულება არასოდეს მქონია, მაგრამ კამპანიის ბოლოს 112 განმეორებითი მქონდა გაკეთებული“. a
მოხსენების მოსასმენად დესიკარმა თავისი დაც დაპატიჟა, რომელიც კარის მეზობლად ცხოვრობს. „ჩემდა გასაკვირად, ის დამთანხმდა. ყოველ კვირა დღეს, დილის 8 საათზე, მასთან მივდიოდი და ერთად ვუსმენდით მოხსენებას. ჩემი და უამრავ კითხვას მისვამდა პროგრამის დროსაც და მის შემდეგაც“, — აღნიშნავს დესიკარი. მისი და ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გახსენების საღამოსაც დაესწრო და დესიკარს იმის უფლებაც მისცა, რომ მისი ინტერნეტი გამოეყენებინა მსახურებისთვის.
დესიკარი ამბობს: „ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი და ჩემი კრების უხუცესების. ისინი დამეხმარნენ, სიხარულით გამეგრძელებინა მსახურება“ (იერემია 15:16). დესიკარი ახლაც პიონერია და დღემდე ეკონტაქტება მათ, ვისაც ტექსტური შეტყობინების მეშვეობით უქადაგა.
a იეჰოვას მოწმეები ქადაგების დროს ითვალისწინებენ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ადგილობრივ კანონებს.