ისინი პანდემიის დროსაც ქადაგებენ
კოვიდპანდემიის დროს ჩვენმა და-ძმებმა განსხვავებული მეთოდებით დაიწყეს სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარება. კარდაკარ და სტენდებით ქადაგებიდან მათ მთელი ყურადღება ტელეფონით და წერილებით ქადაგებაზე გადაიტანეს. a ბევრი დადებითად შეხვდა ამგვარ სიახლეს. აშკარაა, რომ იეჰოვამაც აკურთხა ჩვენი და-ძმების მონდომება (იგავები 16:3, 4). ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთ კუნძულოვან ქვეყანაში მომხდარი რამდენიმე შემთხვევა.
პანდემიის დაწყებამდე ერთი ჩვენი და ჰელენი რეგულარულად აკითხავდა ახალგაზრდა ქალს. ისინი ბიბლიურ საკითხებზე საუბრობდნენ, თუმცა ეს ქალბატონი უარს ამბობდა ბიბლიის შესწავლაზე. ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე ჰელენმა მას ბიბლია და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მიუტანა. იზოლაციის დროს ჰელენმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ამ ახალგაზრდა ქალს ბიბლიის შესწავლა და უთხრა, რომ მათ ტელეფონით შეეძლოთ შესწავლის ჩატარება. ამჟამად ის დასთანხმდა შეთავაზებას. მას ძალიან მოეწონა შესწავლის პროცესი და ჰელენს სთხოვა, ყოველდღე ჩაეტარებინა მისთვის შესწავლა. გარდა ამისა, მან მალევე დაიწყო კრების შეხვედრების ტელეფონით მოსმენაც. რაც ყველაზე სასიხარულოა, ის არა მხოლოდ თავად იყენებს ბიბლიიდან ნასწავლს, არამედ სხვებსაც სიამოვნებით უზიარებს.
ერთმა კრებამ მსახურების დროს წერილები გაგზავნა პოლიციის განყოფილებაში. ისინი სამართალდამცავებს საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის ემადლიერებოდნენ. პოლიციელები გააოცა ამგვარი წერილების მიღებამ. ერთ-ერთმა მათგანმა კრების უხუცესს, ძმა ჯეფერსონს, ასეთი სიტყვები უთხრა: „ყოველთვის მეგონა, რომ იეჰოვას მოწმეებს პოლიციელები არ მოგწონდათ“. ჯეფერსონმა მას აუხსნა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მათ ისე მოეწონათ სამადლობელი წერილები, რომ პოლიციის შენობის შესასვლელში გამოაკრეს. „ამ წერილებმა შეიძლება სხვებიც დადებითად განაწყოს ჩვენ მიმართ“ , — აღნიშნა ერთ-ერთმა ოფიცერმა.
ედნა და ედნალინი პიონერებად მსახურობენ. b მათ სახლში ინტერნეტი არ ჰქონდათ და ვერ ახერხებდნენ კრების შეხვედრებზე ჩართვას. ამიტომ მეზობელს სთხოვეს, რომ მათთვის უკაბელო ინტერნეტის გამოყენების უფლება მიეცა და საფასურსაც გადაუხდიდნენ. მეზობელი უყოყმანოდ დათანხმდა, თანხის აღებაზე კი უარი განაცხადა. დებმა ის შეხვედრაზე დაპატიჟეს და ისიც დაესწრო. ამჟამად ეს ქალბატონი თავის შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ბიბლიას სწავლობს და კრების შეხვედრებსაც სისტემატურად ესწრება.
ადგილობრივმა და-ძმებმა გადაწყვიტეს, რომ საჯარო მოხსენების მოსასმენად დაეპატიჟებინათ მეზობლები, თანამშრომლები თუ სხვა ნაცნობები. ჩვენი და, ელაინი, რომელიც საავადმყოფოში მუშაობს, თავიდან თავს იკავებდა თანამშრომლების დაპატიჟებისგან. ის შიშობდა, რომ ზოგ ექიმს შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდა მოწმეების მიმართ. ბოლოს მან მაინც მისწერა თანამშრომლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და შეხვედრაზე დაპატიჟა ისინი. ელაინი განსაკუთრებით ერთი წყვილის დაპატიჟებისგან იკავებდა თავს, თუმცა ფიქრისა და ლოცვის შემდეგ მან მათაც გაუგზავნა შეტყობინება. ცოლმა მას უთხრა : „ანუ გინდა, რომ თქვენს რელიგიას შემოვუერთდე?“. ელაინმა აუხსნა, რომ ამ შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერი რელიგიის ადამიანს შეეძლო. მეორე დღეს ის გააოცა იმის დანახვამ, რომ ეს ცოლ-ქმარი შეხვედრის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე შეუერთდა ვიდეოკონფერენციას. შეხვედრის დამთავრებამდე ელაინმა იმ ქალბატონისგან მესიჯი მიიღო, სადაც ეწერა: „თქვენს შეხვედრას პირველად დავესწარი. ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული ვარ. მადლობა დაპატიჟებისთვის“.
ელაინმა მთლიანობაში 20 ექიმი დაპატიჟა, რომელთაგან 16 დაესწრო შეხვედრას. ამან ის ძალიან გაახარა. ელაინი პავლე მოციქულის სიტყვებს იშველიებს და აღნიშნავს: «მიხარია, რომ „გაბედულება მოვიკრიბე“ და „ღვთის სასიხარულო ცნობა“ თანამშრომლებს ვაუწყე» (1 თესალონიკელები 2:2).
პანდემიის პერიოდი არავისთვისაა ადვილი ასატანი. თუმცა ამ კუნძულოვან ქვეყანაში და სხვა ნებისმიერ ადგილას მცხოვრები ჩვენი და-ძმები სიხარულსა და დადებით განწყობას ინარჩუნებენ იმის წყალობით, რომ ანუგეშებენ და ეხმარებიან სხვებს (საქმეები 20:35).