ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
„საფლავს საკუთარი ხელით ვითხრიდი“
დაბადების წელი: 1978
ქვეყანა: სალვადორი
წარსულში: ბანდის წევრი
მოკლე ბიოგრაფია
„თუ მართლა გინდა ღმერთის გაცნობა, იეჰოვას მოწმეებს არასდროს ჩამოშორდე!“. ამ სიტყვების მოსმენაზე სახტად დავრჩი. იმ დროს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა ახალი დაწყებული მქონდა. ალბათ გაინტერესებთ, რამ გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია. ნება მომეცით, ჩემი წარსულის შესახებ გიამბოთ.
დავიბადე სალვადორში, ქალაქ კესალტეპეკეში. ჩემს მშობლებს 15 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან მე მეექვსე ვიყავი. მშობლები მასწავლიდნენ, რომ პატიოსნად მეცხოვრა და კანონმორჩილი ვყოფილიყავი. გარდა ამისა, ჩვენს ოჯახში ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, ლეონარდო სხვა მოწმეებთან ერთად მოდიოდა ხოლმე და ბიბლიას გვასწავლიდა. მაგრამ ბიბლიიდან ნასწავლს არასერიოზულად ვეკიდებოდი და არასწორ გადაწყვეტილებებს ერთმანეთის მიყოლებით ვიღებდი. 14 წლის ასაკში სკოლის მეგობრებთან ერთად ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება დავიწყე. თანდათანობით ჩემმა მეგობრებმა სკოლაში სიარულს თავი დაანებეს და ბანდას შეუერთდნენ. მეც მათ კვალს მივყევი. მთელ დღეებს ქუჩაში ვატარებდით. ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად ხალხს ფულს ვძალავდით და ვიპარავდით.
ბანდა ჩემი ოჯახი გახდა. მზად ვიყავი, მათთვის თავი გამეწირა. ერთხელ, ჩემი მეგობარი, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ჩემს მეზობელს დაესხა თავს. მეზობელმა მოახერხა მისი დამორჩილება და პოლიციაში დარეკვა. ჩემი მეგობარი რომ გაეშვა, განრისხებულმა მის მანქანას ხელკეტი დავუშინე და ფანჯრების მსხვრევა დავიწყე. ის მემუდარებოდა, გავჩერებულიყავი, მაგრამ ყური არ ვათხოვე და მანქანა მთლიანად დავულეწე.
18 წლის რომ ვიყავი, ჩემს ბანდას პოლიციასთან სერიოზული შელაპარაკება მოუვიდა. ის-ის იყო, თვითნაკეთი ბომბი უნდა მესროლა, რომ უცებ ხელში ამიფეთქდა. მეც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. ერთადერთი ის მახსოვს, რომ ჩემი დაფლეთილი ხელი დავინახე, შემდეგ კი გული წამივიდა. გონს რომ მოვედი, საავადმყოფოში ვიყავი და მარჯვენა ხელი უკვე აღარ მქონდა. მარჯვენა თვალში მხედველობა თითქმის დავკარგე, მარჯვენა ყურში კი — სმენა.
მომხდარის მიუხედავად, საავადმყოფოდან გამოწერისთანავე ბანდას დავუბრუნდი. მალევე პოლიციამ დამაკავა და ციხეში ამოვყავი თავი, სადაც ბანდის წევრებს უფრო დავუახლოვდი. ყოველ დილას მარიხუანას მოწევით ვიწყებდით, ერთად ვსაუზმობდით და დაღამებამდე ერთად ვიყავით.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა
ერთხელაც ციხეში ლეონარდომ მომინახულა. საუბრისას მან მარჯვენა მკლავზე გაკეთებულ ტატუზე მკითხა: „იცი, რას ნიშნავს ეს სამი წერტილი?“. „როგორ არ ვიცი?! სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი“ — ვუპასუხე მე. ამაზე ლეონარდომ მითხრა: „მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი: საავადმყოფო, ციხე და სიკვდილი. საავადმყოფოში უკვე იყავი, ახლა ციხეში ხარ. რაღა დაგრჩა?!“.
ლეონარდოს ნათქვამზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ის მართალი იყო; საფლავს საკუთარი ხელით ვითხრიდი. ლეონარდომ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ღვთის სიტყვიდან ნასწავლმა აღმძრა, ცხოვრებაში ცვლილებები მომეხდინა. მაგალითად, ბიბლიაში წერია, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ასე რომ, პირველ რიგში სამეგობრო წრე უნდა შემეცვალა. ამიტომ ბანდის შეხვედრების ნაცვლად, იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე, რომლებიც ციხეში ტარდებოდა. იქ ერთ პატიმარს, ანდრესს შევხვდი. ის ციხეში მოინათლა. მან შემომთავაზა, რომ დილაობით ერთად გვესაუზმა. მას შემდეგ მეტად აღარ ვიწყებდი დილას მარიხუანას მოწევით. ნაცვლად ამისა, ყოველ დილით მე და ანდრესი ბიბლიურ მუხლს განვიხილავდით.
ბანდის წევრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორ ვიცვლებოდი. ერთხელაც ბანდის ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა, რომ ჩემთან საუბარი უნდოდა. ძალიან შემეშინდა, რადგან, როგორც წესი, ბანდის დატოვება თითქმის შეუძლებელია; არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა ის. მან მითხრა: „გხედავთ, რომ ჩვენს შეხვედრებზე აღარ დადიხარ და იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს ესწრები. რის გაკეთებას აპირებ?“. ავუხსენი, რომ ბიბლიის შესწავლის გაგრძელებას ვაპირებდი და მსურდა, ცხოვრების წესი შემეცვალა. ჩემდა გასაკვირად, მან მითხრა, რომ თუ ნამდვილად მსურდა, იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი, ბანდა ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდებოდა. შემდეგ მან ასეთი რამ მითხრა: „თუ მართლა გინდა ღმერთის გაცნობა, იეჰოვას მოწმეებს არასდროს ჩამოშორდე! გვჯერა, რომ ცუდი საქმეების კეთებას თავს დაანებებ. საქმე მოსალოცად გაქვს, რადგან სწორ გზას ადგახარ. მოწმეები ნამდვილად დაგეხმარებიან. შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს მეც ვსწავლობდი მათთან ბიბლიას. ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრიც იეჰოვას მოწმეა. არაფრის შეგეშინდეს და უკან არ დაიხიო!“. მართალია, დაძაბულობა ბოლომდე არ მომეხსნა, მაგრამ მისმა სიტყვებმა უზომოდ გამახარა. გულში იეჰოვას მადლობას ვუხდიდი. თავს გალიიდან გამოფრენილი ჩიტივით ვგრძნობდი. ჩემს თავზე გამოვცადე იესოს სიტყვები: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).
ყოფილი მეგობრებიდან ზოგი გამოსაცდელად ნარკოტიკებს მთავაზობდა ხოლმე. უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ცდუნებას ვერ ვუძლებდი. მაგრამ დროთა განმავლობაში, არაერთი მხურვალე ლოცვის შედეგად, როგორც იქნა, დავძლიე მავნე ჩვევები (ფსალმუნი 51:10, 11).
ციხიდან რომ გამოვედი, ბევრს ეგონა, ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ. ამჯერად ციხეში იმისთვის მივდიოდი, რომ სხვა პატიმრებისთვის ბიბლია მესწავლებინა. როგორც იქნა, ჩემი ყოფილი მეგობრები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ შევიცვალე, მაგრამ ყოფილი მტრები ასე არ ფიქრობდნენ.
ერთხელ მსახურებაში ყოფნის დროს მოწინააღმდეგე ბანდის წევრები თავს დაგვესხნენ და ალყაში მოგვაქციეს. ისინი შეიარაღებულები იყვნენ და ჩემი მოკვლა სურდათ. ჩემმა პარტნიორმა თავაზიანად, მაგრამ გაბედულად აუხსნა, რომ მე აღარ ვიყავი ბანდის წევრი. ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. მათ მცემეს და გამაფრთხილეს, იმ ტერიტორიაზე ფეხი აღარ დამედგა. შემდეგ იარაღი დაუშვეს და გაგვიშვეს. ბიბლიამ მართლაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. ადრე ასეთი რამ რომ მომხდარიყო, მათზე შურს ვიძიებდი, მაგრამ ამჯერად 1 თესალონიკელების 5:15-ში ჩაწერილი პრინციპი გავითვალისწინე: „იცოდეთ, ნურავის გადაუხდით სამაგიეროს, არამედ ისწრაფეთ, რომ კარგი გაუკეთოთ ერთმანეთსაც და სხვებსაც“.
მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გავხდი, ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ პატიოსნად ვიცხოვრო. ცხოვრების წესის შეცვლა ადვილი არ იყო, მაგრამ იეჰოვას დახმარებით, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინებით და ახალი მეგობრების მხარდაჭერით ეს შევძელი. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ძველ საქმეებს არასდროს დავუბრუნდე (2 პეტრე 2:22).
კურთხევები
მოძალადე და აგრესიული ვიყავი. ცხოვრების წესი რომ არ შემეცვალა, დარწმუნებული ვარ, დღეს ცოცხალი აღარც ვიქნებოდი. ბიბლიის დახმარებით სრულიად შევიცვალე და დავძლიე ცუდი ჩვევები. აგრეთვე ვისწავლე, რომ მშვიდობიანი ვიყო ყველასთან, მათ შორის მტრებთან (ლუკა 6:27). ისეთი მეგობრები მყავს, რომლებიც კარგი თვისებების განვითარებაში მეხმარებიან (იგავები 13:20). ახლა აზრიანი ცხოვრება მაქვს, რადგან ვემსახურები ღმერთს, რომელმაც წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა მაპატია (ესაია 1:18).
2006 წელს სპეციალური სკოლა გავიარე დაუქორწინებელი მქადაგებლებისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ დავქორწინდი და მე და ჩემს მეუღლეს ქალიშვილი შეგვეძინა. დღეს დროის უმეტეს ნაწილს სხვებისთვის იმ ბიბლიური პრინციპების სწავლებას ვუთმობ, რომლებიც პირადად მე დამეხმარა. ადგილობრივ კრებაში უხუცესად ვმსახურობ და ვცდილობ, ახალგაზრდებს დავეხმარო, თავიდან აირიდონ ის შეცდომები, რაც მე დავუშვი მათ ასაკში. საკუთარი ცხოვრების დანგრევის ნაცვლად, ახლა ბედნიერი მომავლისთვის ვაშენებ, რომელსაც ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვპირდება.