ცენტრალური ამერიკის ფილიალს ათასობით ადამიანი სტუმრობს
2015 წელს მექსიკაში იეჰოვას მოწმეების ცენტრალური ამერიკის ფილიალს თითქმის 175 000 სტუმარი ეწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ სამუშაო დღეს საშუალოდ 670 ადამიანი სტუმრობდა ფილიალს. სტუმრების უმეტესობა დიდ ჯგუფებად მოდიოდა, რომელთაც რამდენიმე დღე უწევდათ დაქირავებული ავტობუსებით მგზავრობა. ზოგმაც ბეთელში ექსკურსია თვეებით ადრე დაგეგმა.
„მივდივართ ბეთელში“
ზოგიერთისთვის ფილიალში, იგივე ბეთელში სტუმრობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ვერაკრუსის შტატის (მექსიკა) ერთ კრებაში უმეტესობას არ ჰქონდა საკმარისი თანხა, რომ 550 კმ-იანი მანძილი ავტობუსით დაეფარა. ამიტომ და-ძმებმა შეიმუშავეს გეგმა, სახელად „მივდივართ ბეთელში“. მათ დაიწყეს გუნდურად მუშაობა — ამზადებდნენ და ყიდდნენ კერძებს, აგროვებდნენ და აბარებდნენ პლასტმასის ბოთლებს. სამთვიანი შრომის შედეგად მათ უკვე შეეძლოთ ბეთელში გამგზავრება.
ღირდა ეს ყველაფერი ძალისხმევად? რა თქმა უნდა! ერთმა ახალგაზრდამ ლუსიომ დაწერა: „ბეთელში სტუმრობამ აღმძრა, ახალი სულიერი მიზნები დამესახა. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უფრო მეტად ვიხარჯები კრებისთვის“. 18 წლის ელიზაბეთი ამბობს: „ბეთელში განსაკუთრებულად შევიგრძენი ნამდვილი სიყვარული, რომელიც იეჰოვას მსახურებს აქვთ. ამან აღმძრა, იეჰოვასთვის უფრო მეტი გამეკეთებინა. ასე რომ, სრული დროით მსახურება დავიწყე“.
ათასობით სტუმარი ერთ დღეში
ზოგჯერ დღეში ათასობით სტუმარი მოდის ექსკურსიაზე. ფილიალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუმრები გულთბილად მიიღოს. ლიზი გვიყვება: „ნამდვილად გამამხნევებელია ამდენი სტუმრის დანახვა და მათი მადლიერების სიტყვების მოსმენა. რწმენა მიმტკიცდება, როცა ვიგებ, თუ რამხელა მსხვერპლს იღებს ზოგი, ბეთელი რომ დაათვალიეროს“.
როცა ბეთელში ათასობით სტუმარი მოდის, ექსკურსიებს სხვადასხვა განყოფილებაში მომუშავე ბეთელელებიც ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს დამატებითი სამუშაოა, ისინი სიამოვნებით იღებენ სტუმრებს. „როცა ექსკურსიის შემდეგ სტუმრების ბედნიერ სახეებს ვხედავ, ვრწმუნდები, რომ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად“, — ამბობს ხუანი.
ყველაზე საყვარელი ადგილი პატარებისთვის
ბეთელში სტუმრობა პატარებსაც ძალიან უყვართ. ნორიკო, რომელიც კომპიუტერულ განყოფილებაში მსახურობს, გვიყვება: «ექსკურსიაზე მოსულ ბავშვებს ხშირად ვეკითხები ხოლმე, თუ ისურვებდნენ ბეთელში მსახურებას, რაზეც ყველა მათგანი მპასუხობს: „დიახ!“». ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი „მათესა და თათიას კუთხეა“. აქ მათ შეუძლიათ სურათები გადაიღონ მულტსერიალის „დაუმეგობრდი იეჰოვას“ პერსონაჟების ფიგურებთან. ნორიკო დასძენს: „პატარებისთვის ეს ყველაზე საყვარელი ადგილია ბეთელში“.
ბავშვები ძალიან აფასებენ ბეთელელების შრომას. მაგალითად, მექსიკელი პატარა ბიჭუნა ჰენრი ფულს აგროვებდა ყულაბაში, რომ ბეთელში სტუმრობისას შესაწირავი გაეღო. მან თავის შესაწირავს ასეთი შინაარსის წერილი დაურთო: „გთხოვთ, ამ ფულით უფრო მეტი ჟურნალები და წიგნები დაბეჭდეთ. მადლობა, რომ იეჰოვასთვის შრომობთ“.
მთელი გულით გეპატიჟებით
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები თავიანთ ფილიალებსა და სტამბებში უფასო ექსკურსიებს ატარებენ. თუ გსურთ, ეწვიოთ ჩვენს რომელიმე ფილიალს, მზად ვართ, გულთბილად მიგიღოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მოგეწონებათ. მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამავე ვებ-გვერდზე განყოფილებაში ჩვენ შესახებ > ექსკურსიები ფილიალებში.