იეჰოვას მოწმეები სასტუმრო „ბოსერტს“ ტოვებენ
2012 წელის ნოემბერში იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს სასტუმრო „ბოსერტი“. მათ გასაღები გადასცეს სასტუმროს ახალ მფლობელს და იმ ათასობით სტუმრის მსგავსად, რომელთათვისაც ამ სასტუმროს უმასპინძლია, მათაც დატოვებს სასტუმრო. თანხას, რომელიც ახალმა მყიდველმა ამ შენობაში გადაიხადა, იეჰოვას მოწმეები ისევ და ისევ ბიბლიის საგანმანათლებლო საქმეს მოახმარენ.
მოწმეებმა გაყიდეს ეს 14-სართულიანი იტალიური რენესანსის სტილით აგებული შენობა, რადგან მათი მთავარი სამმართველო ადგილმდებარეობას იცვლის და ბრუკლინიდან უორიკში (ნიუ-იორკის შტატი) გადადის. თუმცა, ეს პროცესი კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.
ასწლიანი ისტორია
ლუი ბოსერტმა, ნიუ-იორკელმა ხე-ტყით მოვაჭრემ, 1909 წელს ააშენა სასტუმრო „ბოსერტი“. ის იყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სასტუმრო, რომელშიც სახლობდნენ მუდმივი მაცხოვრებლები და ამავე დროს, ჩერდებოდნენ სტუმრები. რადგან სასტუმროს ნომრები მალე შეივსო, ბოსერტმა 1914 წელს გააფართოვა სასტუმრო. შედეგად, მისი ფართობი თითქმის გაორმაგდა, 1916 წელს კი სასტუმროს სახურავზე ამოქმედდა რესტორანი, რომელიც „მარინ-რუფის“ სახელით გახდა ცნობილი.
მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იეჰოვას მოწმეებმა ეს შენობა იყიდეს და ისე განაახლეს, რომ მთავარ სამმართველოში მომუშავეთათვის მოსახერხებელი ყოფილიყო. სამეჯლისო დარბაზები სასადილო ოთახებად გადაკეთდა, ხოლო სახურავზე არსებული რესტორანი სტუმრების მისაღები ოთახი გახდა.
2010 წლიდან ამ შენობაში აბინავებდნენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიოდნენ მთავარი სამმართველოს დასათვალიერებლად.
ახალ მფლობელს დაგეგმილი აქვს შენობის განახლება და კვლავ სასტუმროდ გადაკეთება. ვინაიდან შენობა შესანიშნავ მდგომარეობაშია, ახალი მფლობელისთვის ნამდვილად არ იქნება რთული, სადა საცხოვრებელი ოთახების სასტუმროს მდიდრულ ნომრებად გადაკეთება.
სასტუმრო იბრუნებს თავდაპირველ ბრწყინვალებას
სანამ იეჰოვას მოწმეები სასტუმრო „ბოსერტს“ შეიძენდნენ, ის უყურადღებოდ იყო მიგდებული წლების მანძილზე. შენობის თეთრი ფასადი ჭუჭყისგან გაშავებულიყო, სახურავის კარნიზზე ტერაკოტისგან (გამომწვარი თიხისგან) ნაკვეთი მასიური ორნამენტები კი — დაბზარული და თითქმის ჩამოშლილი. ფანჯრის ჩარჩოებიც ძველი და მორყეული იყო, ხოლო რესტორან „მარინ-რუფს“ მტრედები დაჰპატრონებოდნენ. ასე რომ, მოწმეებს გრანდიოზული სარემონტო სამუშაოების შესრულება მოუწევდათ. ამ საქმეში გამოცდილი იეჰოვას მოწმეები ამერიკის არაერთი შტატიდან ჩავიდნენ ნიუ-იორკში, რათა თავიანთი დრო და უნარი სასტუმროს გასარემონტებლად გამოეყენებინათ. ამ შენობის გარემონტება 1991 წელს დასრულდა.
მოწმეებმა შენობის კირქვა-გრანიტის ფასადი გაწმინდეს და შეაკეთეს, გამომწვარი თიხისგან დამზადებული სახურავის კარნიზის ორნამენტები კი მინაბოჭკოვანი ანალოგით შეცვალეს. მათ აგრეთვე ახალი, მაკაგონის ხისგან დამზადებული ფანჯრის ჩარჩოებიც ჩასვეს.
მოწმეებმა აგრეთვე განაახლეს შენობის ინტერიერი და განსაკუთრებული ყურადღება ერთ დროს საოცრად ლამაზ მისაღებს დაუთმეს. დაზიანებული მარმარილოს კედლები რომ აღედგინათ, მათ ქვის მასალა იტალიის იმ სამტეხლოდან ჩამოიტანეს, საიდანაც ჩამოტანილი მასალითაც თავდაპირველად მოპირკეთდა შენობის ინტერიერი. მოწმეებმა აგრეთვე აღადგინეს ჭერზე გაკეთებული თაბაშირის ორნამენტები, რომლებიც წყლისგან იყო დაზიანებული.
ყველაზე რთული მისაღებში აღმართული მასიური რკინის სვეტებისთვის თავდაპირველი იერსახის დაბრუნება აღმოჩნდა. მათ ეს სვეტები დაფარეს იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ბათქაშით, რომელიც მარმარილოს წააგავს. ეს სვეტები არაერთხელ იქნა გადაღებილი წინა მფლობელების მიერ. იეჰოვას მოწმე მოხალისეთაგან არავინ იცოდა ხელოვნური მარმარილოს დამზადების იტალიური ტექნოლოგია. ინფორმაცია უახლოესი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიძიეს. მოხალისეებს კვირები დასჭირდათ, რომ თეორია პრაქტიკაში გამოეყენებინათ და სვეტებისთვის პირვანდელი ბრწყინვალება დაებრუნებინათ.
1991 წელს აღდგენითი სამუშაოები დასრულდა და შენობა გამოსაყენებლად პრაქტიკული და, ამავე დროს, ლამაზი იყო. ქალაქის ისტორიული ნაგებობების იერსახის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი კომიტეტის ინიციატივით, სასტუმრო „ბოსერტს“ ლუსი მოუზესის სახელობის ორდენი მიენიჭა.