რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა საბავშვო ბაღების შესახებ
ხშირად მშობლებს სამსახურის გამო ურჩევნიათ, სკოლამდელი ასაკის ბავშვები საბავშვო ბაღში მიიყვანონ, სადაც მათ აღზრდასა და განვითარებაზე იზრუნებენ. კარგი იქნება ეს თქვენი შვილისთვის?
კითხვები, რომლებზეც ღირს დაფიქრება
თუ შვილს ბაღში მიიყვანთ, უარყოფითად ხომ არ აისახება ეს თქვენს ურთიერთობაზე? შესაძლოა. პატარა ასაკში ბავშვი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ამ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს, ვისთან ექნება მას ურთიერთობა. ეცადეთ, ბავშვის ფორმირების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოთ მასთან (კანონი 6:6, 7).
მშობლები, რომლებიც აპირებენ შვილების საბავშვო ბაღში მიყვანას, უნდა დაფიქრდნენ, როგორ შეინარჩუნებენ შვილებთან მჭიდრო კავშირს.
ხომ არ შეასუსტებს ბაღში სიარული შვილზე თქვენს გავლენას? შესაძლოა. ერთ წიგნში ნათქვამია: „რაც მეტ დროს ატარებენ სკოლამდელი ასაკის ბავშვები ერთად, მით მეტად ახდენენ ერთმანეთზე გავლენას“ (Hold On to Your Kids).
მშობლები, რომლებიც აპირებენ შვილების საბავშვო ბაღში მიყვანას, უნდა დაფიქრდნენ, ექნებათ თუ არა შვილებზე ისეთივე გავლენა, როგორიც ადრე.
მოამზადებს საბავშვო ბაღი თქვენს შვილს სკოლისთვის? ზოგი ეთანხმება ამ აზრს. ზოგი კი ამბობს, რომ საბავშვო ბაღი ბავშვის უნარების განვითარებაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს ან საერთოდ არ ახდენს. როგორც არ უნდა იყოს, ბავშვთა ფსიქოლოგი პენელოპე ლიჩი აღნიშნავს: „ნუ დააჯერებთ საკუთარ თავს იმას, რომ რასაც ბავშვები ასეთ დაწესებულებებში ისწავლიან, მთელი ცხოვრება გამოადგებათ. არც ის დაიჯეროთ, რომ ბავშვისთვის უკეთესია, რაც შეიძლება ადრე შეიყვანოთ სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ბოლომდე ვერ აცნობიერებთ, რამდენად დადებითად მოქმედებს ბავშვზე ის, რაც დაბადებიდან დღემდე გისწავლებიათ მისთვის“.
მშობლები, რომლებიც აპირებენ შვილების საბავშვო ბაღში მიყვანას, უნდა დაფიქრდნენ, რამდენად აუცილებელია ამის გაკეთება ან რის ფასად დაუჯდებათ ეს.
შესაძლებელია, ერთ-ერთმა მშობელმა არ იმუშავოს და სახლში დარჩეს ბავშვთან? ზოგ ოჯახში ორივე მშობელი იმიტომ მუშაობს, რომ ოჯახს კარგი შემოსავალი ჰქონდეს და არაფერი მოაკლდეთ. მაგრამ ღირს კი ამის გაკეთება?
მშობლები, რომლებიც აპირებენ შვილების საბავშვო ბაღში მიყვანას, უნდა დაფიქრდნენ, როგორ შეუძლიათ ხარჯების შემცირება იმ მიზნით, რომ ერთ-ერთი მშობელი ბავშვთან დარჩეს.
ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანამდე კარგად აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგრამ თქვენი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის ამგვარ დაწესებულებაში მიყვანას, შემდეგ როგორ უნდა მოიქცეთ?
რა უნდა გააკეთოთ
ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ამ პრინციპის გათვალისწინებით კარგად დაფიქრდით, რომელ საბავშვო ბაღში მიიყვანთ შვილს ან ვის მიაბარებთ.
გაეცანით ვარიანტებს
ზოგი მშობელი კერძო ბაღს ირჩევს, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი აღმზრდელია და რამდენიმე ბავშვი.
ზოგ მშობელს ურჩევნია, ბავშვი ნათესავს ჩააბაროს, აღმზრდელი დაიქირავოს, რომელიც მათთან იცხოვრებს ან ძიძა აიყვანოს.
ყველა შესაძლო ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გაესაუბრეთ იმ მშობლებს, რომლებსაც შვილები საბავშვო ბაღში დაჰყავთ ან დამხმარე ჰყავთ აყვანილი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია“ (იგავები 13:10).
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანას გადაწყვეტთ?
მოიძიეთ ინფორმაცია იმ ბაღის შესახებ, რომელიც შეარჩიეთ
არის თუ არა ეს დაწესებულება ლიცენზირებული და აკმაყოფილებს თუ არა კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს? რა რეპუტაციით სარგებლობს? აქვთ თუ არა აღმზრდელ-მასწავლებლებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და კარგი დახასიათებები?
დაცულია თუ არა სისუფთავე? არის თუ არა უსაფრთხო გარემო?
რა გასართობ და შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს აღსაზრდელებს? a
მოიძიეთ ინფორმაცია აღმზრდელ-მასწავლებლებზე
რა განათლება აქვთ მიღებული? ეს გულისხმობს, აქვთ თუ არა მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; გავლილი აქვთ თუ არა სპეციალური კურსები პირველადი დახმარების აღმოსაჩენად და გულ-ფილტვის რეანიმაციის პროცედურის ჩასატარებლად.
შესაძლებელია თუ არა, გადაამოწმოთ, ხომ არ არიან ისინი ნასამართლევი, რომლებიც თქვენს შვილს მოუვლიან?
ხშირად ხომ არ იცვლება მომსახურე პერსონალი? თუ ასეა, მაშინ თქვენს შვილს ახალ-ახალ აღმზრდელებთან მოუწევს შეგუება.
როგორია ბავშვების შეფარდება აღმზრდელებთან მიმართებით? თუ შეფარდების მაჩვენებელი მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს შვილს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევენ. ცხადია, ის, თუ რამდენი ყურადღება სჭირდება ბავშვს, დამოკიდებულია მის ასაკსა და შესაძლებლობებზე.
მზად არიან თუ არა აღმზრდელები მშობლებთან კომუნიკაციისთვის, რათა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდეს ბავშვის მდგომარეობისა და ინტერესების შესახებ?
a მაგალითად, აღმზრდელის როლს ტელევიზორი ასრულებს თუ ბავშვები ისეთი თამაშებით ერთობიან, რაც მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს?