რჩევები ოჯახებს | ქორწინება
როგორ მივუჩინოთ თავისი ადგილი ელექტრონულ მოწყობილობებს?
ელექტრონულმა მოწყობილობებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ოჯახის ბედნიერებას ან ძირი გამოუთხაროს მას. რა გავლენის მოხდენა შეუძლია მათ თქვენს ქორწინებაზე?
რა უნდა იცოდეთ
ელექტრონული მოწყობილობების გონივრულად გამოყენებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ქორწინებაზე. მაგალითად, ზოგი წყვილი დღის განმავლობაში ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით უკავშირდება ერთმანეთს.
«ისეთი მოკლე მესიჯიც კი, როგორიცაა მაგალითად, „მიყვარხარ“ ან „შენზე ვფიქრობ“, შეიძლება ბევრს ნიშნავდეს» (იონათანი).
ელექტრონული მოწყობილობების არაგონივრულად გამოყენებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ქორწინებას. მაგალითად, ზოგი იმდენად ხშირად იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს, რომ მეუღლისთვის დრო აღარ რჩება და მას სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევს.
„დარწმუნებული ვარ, ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემს ქმარს საუბარი სურდა, მაგრამ მე ტელეფონში ვიყავი ჩარგული“ (ჯულისა).
ზოგი ამბობს, რომ შეუძლია მეუღლესთან სხვადასხვა საკითხზე იმსჯელოს და თან ელექტრონული მოწყობილობაც გამოიყენოს. თუმცა, როგორც სოციოლოგი შერი ტერკლი ამბობს, ეს სინამდვილეში ეგრეთ წოდებული „მულტიტასკინგის ილუზიაა“. ცხადია, რომ „მულტიტასკინგი“ ანუ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, სულაც არ არის შედეგის მომტანი. სოციოლოგი განმარტავს, რომ, „რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებს ადამიანი ერთდროულად, მით უფრო მცირდება საქმის ხარისხი“. a
„ძალიან მსიამოვნებს მეუღლესთან საუბარი, თუმცა არა მაშინ, როცა პარალელურად სხვა საქმით არის დაკავებული. ასეთ დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვერც კი მამჩნევს“ (სარა).
გახსოვდეს: ელექტრონულ მოწყობილობებს შეუძლია ხელი შეუწყოს ოჯახის ბედნიერებას ან პირიქით, ხელი შეუშალოს მას.
რა უნდა გააკეთოთ
დაადგინეთ პრიორიტეტები. ბიბლიაში ვკითხულობთ, დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მე და ჩემი მეუღლე ელექტრონული მოწყობილობების გამო ერთმანეთს ნაკლებ დროს და ყურადღებას ხომ არ ვუთმობთ?“
„არასასიამოვნოა იმის დანახვა, რომ რესტორანში ვახშმობისას ქალიც და მამაკაციც ტელეფონებში არიან ჩარგულები. არ გვინდა, ტექნიკის მონებად ვიქცეთ და დაგვავიწყდეს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი — ერთმანეთთან ურთიერთობა“ (მეთიუ).
დაადგინეთ ზღვარი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ (ეფესოელები 5:15, 16). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე ვუპასუხო ისეთ შეტყობინებებს, რომლებიც არც თუ ისე სასწრაფოა, ხომ არ აჯობებს, კონკრეტული დრო გამოვყო მათ წასაკითხად და პასუხის მისაწერად?“.
„ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადამყავს და შეტყობინებებს მოგვიანებით ვპასუხობ ხოლმე. იშვიათია ისეთი შემთხვევა, რომ შემოსული ზარი, მესიჯი ან მეილი სასწრაფოდ საჭიროებდეს პასუხის გაცემას“ (იონათანი).
თუ შესაძლებელია, სამსახურის საქმე სამსახურშივე დატოვეთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „სახლში მოსვლის შემდეგაც სამსახურის საქმეებს ხომ არ ვაგვარებ ტელეფონით, რის გამოც დრო აღარ მრჩება მეუღლესთან ურთიერთობისთვის? თუ ასეა, რა გავლენას მოახდენს ეს ჩემს ქორწინებაზე? რას იტყოდა ჩემი მეუღლე ამაზე?“.
„ტექნოლოგიების წყალობით შეგვიძლია ნებისმიერ დროს ვიმუშაოთ. დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ტელეფონი გამუდმებით არ შევამოწმო და სამსახურის საქმეებით არ დავკავდე იმ დროს, როცა მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ“ (მეთიუ).
ისაუბრეთ მეუღლესთან იმაზე, თუ როგორ იყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). ისაუბრე მეუღლესთან, თუ როგორ იყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს და საჭიროების შემთხვევაში, რა ცვლილებებს მოახდენდით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული კითხვები მსჯელობისთვის.
„მე და ჩემი მეუღლე გულწრფელად ვეუბნებით ერთმანეთს, როცა ვამჩნევთ, რომ რომელიმე ჩვენგანი ბევრ დროს უთმობს ტელეფონს ან პლანშეტს. ორივეს კარგად გვესმის, რომ ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. ამიტომ ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთის აზრს“ (დანიელა).
გახსოვდეთ: ელექტრონული მოწყობილობები თქვენი მსახური უნდა იყოს და არა ბატონი.
a ამონარიდი წიგნიდან: Reclaiming Conversation—The Power of Talk in a Digital Age.