ვინ შექმნა?
პეპელა კომბოსტოს თეთრულას სამკუთხა პოზა
პეპელამ ფრენა რომ შეძლოს, მზის სხივების მეშვეობით უნდა გაითბოს კუნთები. თუმცა, პეპლის ერთ-ერთი სახეობა, კომბოსტოს თეთრულა, ღრუბლიან ამინდებშიც კი უფრო მალე იღებს ასაფრენად საჭირო სითბოს, ვიდრე სხვა პეპლები. რა განაპირობებს ამას?
დაფიქრდით: ასაფრენად საჭირო მზის სითბოს მისაღებად მრავალი სახეობის პეპელას ფრთები ან ჩამოშვებული აქვს, ან ჰორიზონტალურად გაშლილი. თუმცა კომბოსტოს თეთრულა ასეთ დროს სამკუთხა ფორმას იღებს. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოპტიმალური სითბოს მისაღებად კომბოსტოს თეთრულა ორივე ფრთას ისე კეცავს, რომ შეიქმნას 17-გრადუსიანი დახრილობის კუთხე. ამგვარ მდგომარეობაში მზის ენერგია პირდაპირ გულმკერდში არსებულ საფრენ კუნთებში ხვდება, შედეგად კუნთები თბება და პეპელაც მზად არის ასაფრენად.
ეგზეტერის (ინგლისი) უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, გაუმჯობესდებოდა თუ არა მზის პანელის ფუნქციონირება, თუ მას კომბოსტოს თეთრულას მსგავსად სამკუთხედის ფორმას მისცემდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ მეთოდის გამოყენებით თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება.
მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ პეპელა კომბოსტოს თეთრულას ფრთების ზედაპირს არეკვლის განსაკუთრებული უნარი აქვს. პეპლის სამკუთხა პოზასა და ფრთის ამრეკლავ სტრუქტურაზე დაკვირვებით მეცნიერებმა შექმნეს უფრო მსუბუქი და პროდუქტიული მზის პანელი. მკვლევართა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, პროფესორმა რიჩარდ ფრენჩ-კონსტანტმა, პეპელა კომბოსტოს თეთრულას უწოდა „მზის ენერგიის მიღების ექსპერტი“.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია ის, რომ კომბოსტოს თეთრულას მზის ენერგიის მიღების ასეთი განსაკუთრებული უნარი აქვს თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?