რატომ უნდა ვილოცოთ? ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?
ბიბლია გვპასუხობს:
რასაკვირველია. ბიბლიიდან და ღვთის მსახურთა ცხოვრებისეული შემთხვევებიდან ჩანს, რომ ღმერთი პასუხობს ლოცვებს. ბიბლიაში ნათქვამია: „თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს, მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 145:19). მაგრამ თუ გინდათ, რომ ღმერთმა მოგისმინოთ, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თქვენზე და იმაზე, თუ როგორ ლოცულობთ.
რას მოითხოვს ღმერთი მათგან, ვინც ლოცვით მიმართავს?
ლოცვით მიმართონ ღმერთს და არა იესოს, მარიამს, წმინდანებს, ანგელოზებსა თუ გამოსახულებებს. მხოლოდ იეჰოვა ღმერთია „ლოცვების მომსმენი“ (ფსალმუნი 65:2).
ილოცონ ღვთის ნებისამებრ ანუ გაითვალისწინონ მისი მოთხოვნები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული (1 იოანე 5:14).
ღმერთს მიმართონ იესოს სახელით და ამგვარად აღიარონ მისი უფლებამოსილება. „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“, — თქვა იესომ (იოანე 14:6).
ილოცონ რწმენით, და საჭიროების შემთხვევაში ღმერთს რწმენის განმტკიცება სთხოვონ (მათე 21:22; ლუკა 17:5).
იყვნენ თავმდაბალნი და გულწრფელნი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს“ (ფსალმუნი 138:6).
დაჟინებით ითხოვონ. იესომ თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (ლუკა 11:9).
რას არა აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა?
თქვენს წარმომავლობას ან ეროვნებას. „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ვლოცულობთ. თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ დამჯდარმა, თავდახრილმა, დაჩოქილმა ან ფეხზე მდგომმა (1 მატიანე 17:16; ნეემია 8:6; დანიელი 6:10; მარკოზი 11:25).
შეგიძლიათ ილოცოთ ხმამაღლა ან გულში. ღმერთი პასუხობს გულში წარმოთქმულ ლოცვებსაც, რომელთა შესახებაც სხვებმა არაფერი იციან (ნეემია 2:1—6).
მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, უმნიშვნელო რამეზე ესაუბრებით თუ გულისტკივილს უზიარებთ. ღმერთი მოგვიწოდებს, „ყველა საწუხარი მას მივანდოთ, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე“ (1 პეტრე 5:7).