რას ამბობს ბიბლია ტატუირებაზე?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიაში სხეულის მოხატვა ანუ ტატუირება მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული. ლევიანების 19:28-ში ვკითხულობთ: „ზედ არაფერი დაიხატოთ“. ღმერთმა ეს მითითება მისცა ისრაელ ერს, რათა განსხვავებული ყოფილიყვნენ მეზობელი ხალხებისგან, რომლებიც თავიანთი ღვთაებების სახელებსა და სიმბოლოებს სხეულზე იხატავდნენ (კანონი 14:2). მართალია, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ისრაელებისთვის მიცემული კანონის დაცვა, მაგრამ მასში ჩაწერილ პრინციპებს სერიოზული ყურადღება მაინც უნდა მიექცეს.
უნდა გაიკეთოს ქრისტიანმა ტატუ ან მოიხატოს სხეული?
შემდეგი ბიბლიური მუხლები დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში:
ქალები „კდემამოსილებით შეიმკონ“ (1 ტიმოთე 2:9, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ეს პრინციპი კაცებსაც ეხებათ და ქალებსაც. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვისი გრძნობები და ჩვენი გარეგნობით ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივიქციოთ.
ზოგი იმიტომ იხატავს სხეულს, რომ სურს, ხაზი გაუსვას საკუთარ ინდივიდუალურობას და იმას, თუ რამდენად დამოუკიდებელია. ზოგს კი ამით სხვებისთვის იმის ჩვენება უნდა, რომ თავიანთი სხეულის ბატონ-პატრონები არიან. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“ (რომაელები 12:1). კარგად უნდა გაიაზროთ, რატომ გსურთ ტატუს გაკეთება. იმიტომ ხომ არა, რომ გინდათ, მოდას არ ჩამორჩეთ ან რომელიმე კატეგორიის ადამიანების თვალში აღიარება მოიპოვოთ? თუ ასეა, ერთი რამ არ დაგავიწყდეთ: სურვილი დროებითია, ტატუ კი — მუდმივი. თუ გულწრფელად დაფიქრდებით, რატომ გსურთ ტატუს გაკეთება, გონივრულ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ (იგავები 4:7).
„მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). ხშირად ზოგი ნაჩქარევად და დაუფიქრებლად იკეთებს ტატუს და ავიწყდება, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მის სხვებთან ურთიერთობასა თუ სამუშაოს შოვნაზე. უფრო მეტიც, ტატუს გაკეთება არც ისე იაფია და მისი მოცილება საკმაოდ მტკივნეული პროცესია. დაკვირვებებიდან გამოჩნდა, რომ დღეს მომგებიან ბიზნესად იქცა ტატუს მოცილება — მათგან უმეტესობა, ვინც ტატუს იკეთებს, საბოლოოდ ნანობს ამას.