ვინ იყვნენ მდიდარი და ლაზარე?
ბიბლია გვპასუხობს:
მდიდარი და ლაზარე გამოგონილი პერსონაჟები არიან იესოს ერთ-ერთი მონათხრობიდან (ლუკა 16:19—31). ეს ორი მამაკაცი ადამიანთა ორ ჯგუფს განასახიერებს: 1) იესოს დროს მცხოვრებ ამაყ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს და 2) დაბალი ფენის წარმომადგენელ გულწრფელ ხალხს, რომლებიც ეხმაურებოდნენ იესოს ცნობას.
ამ სტატიაშია:
რა თქვა იესომ მდიდარსა და ლაზარეზე?
ლუკას მე-16 თავში იესო საუბრობს ორი მამაკაცის შესახებ, რომელთა მდგომარეობაც ძირეულად იცვლება.
მოდი მოკლედ შევიხსენოთ ეს ამბავი: მდიდარი კაცი განცხრომაში ცხოვრობდა. ერთი მათხოვარი, სახელად ლაზარე, მის ჭიშკართან მიჰყავდათ ხოლმე. ის ნატრობდა, რომ მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცები მაინც ეჭმიათ მისთვის. გავიდა დრო და ლაზარე მოკვდა. ანგელოზებმა ის აბრაამის გვერდით მიიყვანეს. მდიდარი კაციც გარდაიცვალა და დამარხეს. ამ მონათხრობში ორივე მამაკაცი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. მდიდარი სიკვდილის შემდეგ ცეცხლოვან სატანჯველში ხვდება. გაწამებული აბრაამს შესთხოვს, ლაზარე გაუგზავნოს, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გაუგრილოს. აბრაამი უარს ეუბნება სათხოვარზე და უხსნის, რომ მათი მდგომარეობა შეიცვალა და ამ ორ მამაკაცს შორის ახლა უკვე დიდი უფსკრულია და ვერც ერთი შეძლებს მის გადალახვას და ვერც მეორე.
ნამდვილად მოხდა ეს ამბავი?
არა. ეს არის იგავი, რომლითაც იესოს რაღაცის სწავლება სურდა მსმენელისთვის. მკვლევრებიც ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ეს უბრალოდ იგავია. მაგალითად, 1912 წელს გამოცემულ ლუთერის ბიბლიაში, კოლონტიტულში, აღნიშნულია, რომ ეს არის იგავი, კათოლიკურ „იერუსალიმის ბიბლიაში“, სქოლიოში კი ნათქვამია: „[ეს არის] ამბის სახით გადმოცემული იგავი, რომლის პერსონაჟებიც რეალურად არ არსებობდნენ“.
იმის თქმა ხომ არ სურდა იესოს ამ იგავით, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება? ის იგულისხმა, რომ ზოგი ადამიანი ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯება, აბრაამი და ლაზარე კი ზეცაში მოხვდნენ? მოდი დავფიქრდეთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებს.
მაგალითად:
თუ მდიდარი კაცი მართლა ცეცხლში იწვოდა, წყალს ლაზარეს თითის წვერიდან ხომ ცეცხლი ააორთქლებდა?!
რომც არ აორთქლებულიყო, განა წყლის ერთი წვეთი საკმარისი იქნებოდა ცეცხლში მყოფი ადამიანის გასაგრილებლად?
როგორ იქნებოდა აბრაამი ზეცაში მაშინ, როცა იესოს ნათქვამიდან აშკარად ჩანს, რომ ზეცაში არავინ იყო ასული იმ დროისთვის, როცა ამ იგავს მოჰყვა? (იოანე 3:13).
უჭერს მხარს იესოს ეს მონათხრობი მოძღვრებას ჯოჯოხეთის შესახებ?
არა. მართალია, ეს ნამდვილი ამბავი არ არის, მაგრამ, ზოგის აზრით, ის მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ სიკვდილის შემდეგ კარგი ადამიანები ზეცაში აგრძელებენ ცხოვრებას, ბოროტები კი ჯოჯოხეთში იტანჯებიან. a
ლოგიკურია ასეთი დასკვნა? არა.
მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ ვერანაირად ვერ ეთავსება იმას, რასაც ბიბლიიდან მკვდრების მდგომარეობის შესახებ ვიგებთ. მაგალითად, ბიბლიაში არ წერია, რომ ყველა კარგი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში განაგრძობს სიცოცხლეს, ხოლო ბოროტი ადამიანები ჯოჯოხეთში იტანჯებიან. იქ ვკითხულობთ: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).
რა მნიშვნელობას ატარებს ეს მონათხრობი?
ამ იგავში საუბარია ადამიანთა ორ ჯგუფზე, რომელთა მდგომარეობაც მალე ძირეულად შეიცვლებოდა.
მდიდარი კაცი განასახიერებს ფულის მოყვარულ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც ზემოდან დაჰყურებდნენ უბრალო ხალხს (ლუკა 16:14; იოანე 7:49). მათ მოისმინეს იესოს ცნობა, თუმცა შეეწინააღმდეგნენ მას.
ლაზარე განასახიერებს დაბალი ფენის წარმომადგენელ უბრალო ხალხს, რომელთაც რელიგიური წინამძღოლები ზემოდან დაჰყურებდნენ და რომლებიც დადებითად გამოეხმაურნენ იესოს ცნობას.
ორივე ჯგუფის მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა.
იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ფიქრობდნენ, რომ ღვთის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. თუმცა ისინი არ გამოეხმაურნენ იესოს ცნობას, რის გამოც ღმერთმა უარყო როგორც თავად ისინი, ისე მათი თაყვანისმცემლობის ფორმა. ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. ხოლო, რაც შეეხება ტანჯვას, მათ იმის მოსმენა ტანჯავდათ, რასაც იესო და მისი მიმდევრები ქადაგებდნენ (მათე 23:29, 30; საქმეები 5:29—33).
უბრალო ხალხი, რომელთაც რელიგიური წინამძღოლები მთელი ცხოვრება არაფრად აგდებდნენ, დადებითად გამოეხმაურნენ იესოს ცნობას. ამის გამო მათ ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვეს და იმის შესაძლებლობა მიეცათ, რომ მარადიულად ესარგებლათ მისი წყალობით (იოანე 17:3).
a ბიბლიის ზოგმა მთარგმნელმა სიკვდილის შემდეგ მდიდარი კაცის ადგილმდებარეობის აღსაწერად გამოიყენა სიტყვა „ჯოჯოხეთი“. თუმცა დედნისეულ ტექსტში ლუკას 16:23-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „ჰადესი“ კაცობრიობის საერთო სამარის მნიშვნელობას ატარებს.