რას ნიშნავს „თვალი თვალის წილ“?
ბიბლიის თვალსაზრისი
ღვთის მიერ ისრაელისთვის მოსეს მეშვეობით მიცემულ კანონში ნათქვამი იყო: „თვალი თვალის წილ“, ანუ „თვალის სანაცვლოდ თვალი“. იესომ ამ სიტყვების ციტირება მოახდინა მთაზე ქადაგებისას (მათე 5:38; გამოსვლა 21:24, 25; კანონი 19:21). ეს კანონი მიუთითებდა, რომ ბოროტმოქმედების ჩადენის შემთხვევაში სასჯელი დანაშაულის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. a
აღნიშნული კანონი ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული წინასწარი განზრახვით იქნებოდა ჩადენილი. მოსეს კანონში მათზე, ვინც დანაშაულს განზრახ ჩაიდენდა, ნათქვამი იყო: „მოტეხილობის სანაცვლოდ მოტეხილობა, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი. ისევე დასახიჩრდეს ის, როგორც თვითონ დაასახიჩრებს სხვას“ (ლევიანები 24:20).
რა მიზნით გამოიყენებოდა კანონი „თვალის სანაცვლოდ თვალი“?
კანონი „თვალის სანაცვლოდ თვალი“ არ აძლევდა ადამიანებს უფლებას, თავად ეძიათ შური. პირიქით, ეს ეხმარებოდა დანიშნულ მსაჯულებს, სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღოთ და არც ზედმეტად მკაცრები ყოფილიყვნენ და არც ზედმეტად შემწყნარებლები.
აღნიშნული კანონი აგრეთვე შეაკავებდა თითოეულ ადამიანს, განზრახ მიეყენებინა ზიანი სხვებისთვის. კანონში ნათქვამი იყო: „ვინც დარჩება, [ვინც ღვთის სამართალს იცავს] გაიგებს, შეეშინდება და მსგავს ბოროტებას აღარ ჩაიდენს თქვენ შორის“ (კანონი 19:20).
ვრცელდება ქრისტიანებზე კანონი „თვალის სანაცვლოდ თვალი“?
არა, ამ კანონის დაცვა ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებათ. ეს მოსეს კანონის ნაწილი იყო, რომელიც იესოს სიკვდილის შემდეგ გაუქმდა (რომაელები 10:4).
მიუხედავად ამისა, ეს კანონი ღვთის აზროვნებას ირეკლავს. მაგალითად, აქედან ჩანს, რომ ღმერთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიანობას (ფსალმუნი 89:14). გარდა ამისა, ამ კანონში ვლინდება ღვთის სამართლის ნორმები, კერძოდ ის, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს (იერემია 30:11).
მცდარი შეხედულებები კანონზე „თვალის სანაცვლოდ თვალი“
მცდარი შეხედულება: კანონი „თვალის სანაცვლოდ თვალი“ მეტისმეტად მკაცრი იყო.
სინამდვილე: ეს კანონი განაჩენის გამოტანის დროს მეტისმეტად მკაცრი ან სასტიკი ზომების მიღებას არ მოითხოვდა. აღნიშნული კანონი სათანადოდ მხოლოდ მას შემდეგ აღსრულდებოდა, რაც მსაჯულები შეაფასებდნენ მდგომარეობას და განსაზღვრავდნენ, იყო თუ არა დანაშაული წინასწარი განზრახვით ჩადენილი (გამოსვლა 21:28—30; რიცხვები 35:22—25). ასე რომ, კანონის — „თვალის სანაცვლოდ თვალი“ — გათვალისწინებით თავიდან იყო არიდებული უკიდურესად მკაცრი სასჯელის გამოტანა.
მცდარი შეხედულება: კანონი „თვალის სანაცვლოდ თვალი“ დაუსრულებელი პირადი შურისძიების საფუძველს ქმნიდა.
სინამდვილე: მოსეს კანონში აღნიშნული იყო: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი“ (ლევიანები 19:18). კანონი ხალხს პირადი შურისძიებისკენ კი არ უბიძგებდა, არამედ აღძრავდა მათ, ნდობა გამოეცხადებინათ ღვთისა და მის მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი სისტემის მიმართ (კანონი 32:35).
a ეს სამართლებრივი პრინციპი, რომელიც ზოგჯერ „ტალიონის კანონით“ მოიხსენიება, მომდინარეობს ლათინური ტერმინიდან „ლექს ტალიონის“. ის აგრეთვე გამოიყენებოდა ზოგიერთი უძველესი ერის სამართლებრივ სისტემაში.