ბიბლიური მუხლების ახსნა
1 პეტრეს 5:6, 7 — „დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ … თქვენი ყველა საზრუნავი მას დააკისრეთ“
„დაიმდაბლეთ თავი ძლევამოსილი ღვთის წინაშე, რათა თავის დროზე აგამაღლოთ, და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ თქვენ თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას დააკისრეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7; ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985).
ახსნა
ამ სიტყვებით მოციქულმა პეტრემ დაარწმუნა ქრისტიანები, რომ მათ შეეძლოთ თავისუფლად ელოცათ და ესაუბრათ ღმერთთან თავიანთ პრობლემებსა თუ საწუხარზე. ღვთისთვის ძვირფასნი არიან თავმდაბალი ადამიანები და მხარდაჭერის გარეშე არ ტოვებს მათ.
„დაიმდაბლეთ თავი ძლევამოსილი ღვთის წინაშე“. ბიბლიის ზოგ თარგმანში წერია, რომ ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ უნდა დავიმდაბლოთ თავი. ბიბლიაში ღვთის ხელი ხშირ შემთხვევაში იმაზე მიუთითებს, რომ მას შესწევს ძალა, დაიცვას და გადაარჩინოს ხალხი (გამოსვლა 3:19; კანონი 26:8; ეზრა 8:22). როცა ქრისტიანები მას ნდობას უცხადებენ, ამით თავს იმდაბლებენ ღვთის წინაშე. ისინი აცნობიერებენ, რომ მათ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და დამოუკიდებლად არ შეუძლიათ განსაცდელების გადალახვა (იგავები 3:5, 6; ფილიპელები 4:13). მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ღმერთი შესაფერის დროს თავის ძალას მათ დასახმარებლად გამოიყენებს (ესაია 41:10).
„თავის დროზე აგამაღლოთ“. მას, ვინც მოთმინებით იტანს განსაცდელებს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ღმერთი თავის დროზე აამაღლებს ანუ მოთმინებისთვის დააჯილდოებს. ის არ დაუშვებს, რომ თავისი თაყვანისმცემლები განსაცდელებს უსასრულოდ შეხვდნენ ან მათ ისეთი სირთულეები ჰქონდეთ, რომელთა ატანასაც ვერ შეძლებენ (1 კორინთელები 10:13). თუ მისი მსახურები ყოველთვის განაგრძობენ კარგის კეთებას, ღმერთი მათ თავის დროზე დააჯილდოებს (გალატელები 6:9).
„ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“. ქრისტიანებს შეუძლიათ თავმდაბლურად მიმართონ ღმერთს ლოცვით და ასე აჩვენონ, რომ თავიანთ საწუხარს მას ანდობენ, ანუ როგორც ზოგიერთ თარგმანშია ნათქვამი, საწუხარს მას აკისრებენ. ერთ წყაროში ნათქვამია: «სიტყვა „დაკისრება“ საკუთარი თავიდან რაიმეს მოშორებას გულისხმობს, რაც მიზანმიმართული ქმედებაა». როცა ქრისტიანი ღმერთს ანდობს თავის საწუხარს, ასე მდგომარეობა უმსუბუქდება და როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „ღვთის მშვიდობა“ ეუფლება (ფილიპელები 4:6, 7). თუ ის დარწმუნებულია, რომ ღმერთი ზრუნავს მასზე და მისი დახმარების ძალა შესწევს, შეუძლია სჯეროდეს, რომ ღმერთს სურს, მას მხარში დაუდგეს (ფსალმუნი 37:5; 55:22).
კონტექსტი
პეტრეს მიერ ქრისტიანებისთვის მიწერილი პირველი წერილი მე-5 თავით მთავრდება (1 პეტრე 1:1). ქრისტიანები წარსულშიც არაერთ ისეთ განსაცდელს ხვდებოდნენ, რაც მათ რწმენას სცდიდა და საწუხარს უჩენდა (1 პეტრე 1:6, 7). პეტრემ კარგად იცოდა, რა სირთულეებს ხვდებოდნენ ისინი. სწორედ ამიტომ მისწერა მათ ახ. წ. 62—64 წლებში ასეთი გამამხნევებელი წერილი (1 პეტრე 5:12).
მათ, ვინც რწმენის გამო განსაცდელებს ხვდებოდნენ, პეტრე თავისი წერილის დასასრულს შეახსენებდა, რომ თუ თავმდაბლები დარჩებოდნენ და ღმერთს მიენდობოდნენ, შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ის მათ გააძლიერებდა და განამტკიცებდა (1 პეტრე 5:5—10). პეტრეს სიტყვებს დღესაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან.
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „1 პეტრეზე“.