ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ
გამოცხადების 21:4 — „შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს“
„მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი; და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი“ (გამოცხადება 21:4; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ახსნა
ღმერთმა პირობა დადო, რომ მოსპობს როგორც ტანჯვასა და ტკივილს, ისე ყველა პრობლემის გამომწვევ მიზეზს.
„მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“. ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იეჰოვას a დაპირების ჭეშმარიტებას, რომელსაც ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ყველას მოსწმენდს ცრემლს სახიდან“ (ესაია 25:8; გამოცხადება 7:17). ეს ფრაზა კარგად გადმოსცემს ღვთის დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანის სიკვდილით ან სხვა მიზეზების გამო იტანჯება.
„აღარ იქნება სიკვდილი“. ეს გამოთქმა შეიძლება ასეც ითარგმნოს: „აღარ იარსებებს სიკვდილი“ ან „აღარავინ მოკვდება“. ღმერთი დაგვპირდა, რომ მოსპობს სიკვდილს და მის გამომწვევ მიზეზებს. გარდა ამისა, გარდაცვლილებიც აღდგებიან მკვდრეთით (1 კორინთელები 15:21, 22). შესაბამისად, სიკვდილს „ბოლო მოეღება“ (1 კორინთელები 15:26).
„აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. ღვთის ამ დაპირებაში ის არ იგულისხმება, რომ ადამიანები სრულიად უგრძნობი გახდებიან ფიზიკური ტკივილის მიმართ, რომელიც ზოგჯერ უბრალოდ გამაფრთხილებელი სიგნალივითაა და სხეულის დაზიანებისგან გვიცავს. ამაში ის იგულისხმება, რომ ღმერთი ცოდვის b შედეგად გამოწვეულ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ტკივილს მოუღებს ბოლოს და კაცობრიობას გაასრულყოფილებს (რომაელები 8:21, 22).
„წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ეს ფრაზა იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ძველი ცხოვრების რეჟიმს, რომლის ნაწილადაც იქცა სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილი, ახალი ცხოვრების რეჟიმი ჩაანაცვლებს“. ადამიანები მარადიულად გაიხარებენ დედამიწაზე იდეალურ გარემო პირობებში ცხოვრებით და ასეთი სახით ღმერთი თავის თავდაპირველ განზრახვას სისრულეში მოიყვანს (დაბადება 1:27, 28).
კონტექსტი
21-ე თავი იწყება მოციქული იოანეს მიერ ნანახი ხილვის აღწერით: „ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა“ (გამოცხადება 21:1). აქ იოანე სიმბოლური ენით აღწერს მოსალოდნელ ცვლილებებს, რომელთა შესახებაც ბიბლია სხვა მონაკვეთებშიც საუბრობს (ესაია 65:17; 66:22; 2 პეტრე 3:13). ღმერთი „ახალი ცით“ ანუ თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით ჩაანაცვლებს ადამიანთა მთავრობებს და იმმართველებს „ახალ დედამიწაზე“ ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახალ საზოგადოებას შექმნიან დედამიწაზე (ესაია 65:21—23).
რა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხილვა დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს ეხება? პირველი, ღვთის დაპირება, რომელსაც ის შემდეგი სიტყვებით გვაცნობს: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა!“ (გამოცხადება 21:3). ღმერთმა ეს დაპირება ზეცაში მცხოვრებ ანგელოზებს კი არ მისცა, არამედ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს. მეორე, ხილვა აღწერს მსოფლიოს, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4). სიკვდილი ზეცაში არასდროს არსებობდა, ის მხოლოდ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს აყენებს ზიანს (რომაელები 5:14). ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ეს ხილვა აღწერს მომავალში დედამიწაზე არსებულ გარემოს.
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „გამოცხადებაზე“.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.
b ბიბლიაში „ცოდვა“ მოიაზრებს ნებისმიერ ისეთ ქმედებას, განწყობას, გრძნობას ან ფიქრს, რაც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება (1 იოანე 3:4). იხილეთ სტატია „რა არის ცოდვა?“.