არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

გალატელების 6:9 — „სიკეთის ქმნისას ნუ მოვდუნდებით“

გალატელების 6:9 — „სიკეთის ქმნისას ნუ მოვდუნდებით“

 „ასე რომ, ნუ მოვიშლით სიკეთის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალატელები 6:9, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

  „სიკეთის ქმნისას ნუ მოვდუნდებით, ვინაიდან თავის დროზე მოვიმკით, თუკი არ მოვიქანცეთ“ (გალატელები 6:9, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, ეკეთებინათ სიკეთე, ანუ ის, რაც ღვთის თვალში სწორი იყო. თუ ასე მოიქცეოდნენ, შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ღმერთი მათ დააჯილდოებდა.

 „ნუ მოვიშლით“. ეს ფრაზა შეიძლება ასეც ითარგმნოს „ნუ მოვდუნდებით“. დედნისეულ ტექსტში ეს სიტყვები შესაძლოა იმ აზრსაც ატარებდეს, რომ არ მოგვიცვას გულგატეხილობამ ან არ დავკარგოთ ენთუზიაზმი. ამ სიტყვებში პავლე საკუთარ თავსაც გულისხმობდა, რადგან დროდადრო მასაც უწევდა გულგატეხილობასთან ბრძოლა (რომაელები 7:21—24).

 „სიკეთის კეთება“. სიკეთე მოიაზრებს ყველაფერ იმას, რაც ქრისტიანმა ღვთის მსახურებაში უნდა აკეთოს, მათ შორის თანაქრისტიანებისა თუ სხვების მხარდაჭერას (გალატელები 6:10).

 „თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“. პავლემ შეახსენა მკითხველს, რომ როგორც თესლის გაზრდას სჭირდება დრო, ისე სიკეთის შედეგების დასანახად არის დროის გასვლა აუცილებელი. მან ეს აზრი მე-7 მუხლში ჩაწერილ აზრს დაუკავშირა, სადაც ნათქვამია: „კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის“. თუ ქრისტიანი ღვთისმოსაწონად იქცევა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდ მოსავალს მოიმკის. ამაში ისიც მოიაზრება, რომ ის მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს (რომაელები 2:6, 7; გალატელები 6:8).

კონტექსტი

 მოციქულმა პავლემ ეს წერილი დაახლოებით ახ. წ. 50—52 წლებში გალატელ ქრისტიანებს მისწერა. მისი მიზანი იყო, დაეცვა კრება მათგან, ვისაც თავი ქრისტიანად მოჰქონდა, მაგრამ ქრისტეს შესახებ ცნობას ამახინჯებდა (გალატელები 1:6, 7). ეს ცრუ მასწავლებლები ქრისტიანებს უმტკიცებდნენ, რომ აუცილებელი იყო მოსეს კანონის დაცვა (გალატელები 2:15, 16). პავლემ კი ახსნა, რომ ამ კანონმა თავისი დანიშნულება უკვე შეასრულა და ღვთის თაყვანისმცემლებს მეტად აღარ მოეთხოვებოდათ მისი დაცვა (რომაელები 10:4; გალატელები 3:23—25).

 როცა პავლემ ქრისტიანებს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა, ის მოსეს კანონის დაცვას არ გულისხმობდა. სინამდვილეში ის მათ მოუწოდებდა, რომ შეესრულებინათ ქრისტეს კანონი, ანუ იესოს მსგავსად კარგი ეკეთებინათ (გალატელები 6:2; მათე 7:12; იოანე 13:34).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „გალატელებზე“.