ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ მოვიშორო უარყოფითი ფიქრები?
როგორი შეხედულება გაქვს საკუთარ თავზე?
ოპტიმისტი
„ვცდილობ, რაც შეიძლება მხიარული და უდარდელი ვიყო. მინდა, რომ სულ ვიღიმოდე“ (ვალერია).
პესიმისტი
„როცა რაღაც კარგი ხდება, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ყალბი და მოჩვენებითია“ (რებეკა).
რეალისტი
„სულ ოპტიმისტი რომ ვიყო, გული გამიტყდება, როცა რაღაც ისე არ მოხდება, როგორც მინდა. პესიმისტი რომ ვიყო, სულ ცხვირჩამოშვებული ვივლი; ამიტომ რეალისტი ვარ და ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც სინამდვილეშია“ (ანა).
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15). ნამდვილად, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავიდან მოიშორონ უარყოფითი ფიქრები და აქცენტი დადებითზე გააკეთონ, უფრო ბედნიერები არიან. ისინი მეგობრებსაც ადვილად იძენენ. რასაკვირველია, არავის უნდა ისეთებთან ურთიერთობა, ვისაც სულ სახე ჩამოსტირის.
და მაინც, რაც არ უნდა ოპტიმისტი იყო, ზოგჯერ მაინც ვერ გაექცევი სადარდებელს. მაგალითად:
ახალ ამბებში მუდმივად ისმენ ინფორმაციას ომების, ტერორიზმისა და დანაშაულის შესახებ.
შეიძლება ოჯახში არსებულ პრობლემებს ებრძვი.
უდავოა, გაქვს პირადი სისუსტეებიც, რომლებთანაც გიწევს ბრძოლა.
შეიძლება მეგობარმა გატკინა გული.
ნაცვლად იმისა, რომ თვალი დახუჭო ამგვარ ფაქტებზე ან პირიქით, სულ მათზე იფიქრო და იდარდო, ჯობია, გაწონასწორებულად შეხედო ყველაფერს. თუ ცხოვრების რეალობას თვალს გაუსწორებ, უარყოფითზე ზედმეტად აღარ იფიქრებ და სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდებს ის, რაც შენ გარშემო ხდება.
ნუ შეგაშინებს ცხოვრებისეული ქარტეხილები და გახსოვდეს, მზე კვლავ გამოანათებს!
რა შეგიძლია გააკეთო?
რეალურად შეაფასე საკუთარი შეცდომები.
„არ არსებობს დედამიწაზე მართალი კაცი, რომელიც კარგს აკეთებდეს და არასოდეს სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). ის ფაქტი, რომ ყოველთვის სწორად ვერ იქცევი და შეცდომებს უშვებ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არა იმაზე, რომ არაფერი გამოგდის.
რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: იმუშავე საკუთარ თავზე, თუმცა ნუ დაგავიწყდება, რომ არასრულყოფილი ხარ! „გული რომ არ გამიტყდეს, ბევრს არ ვფიქრობ ჩემს შეცდომებზე. ვცდილობ, ამ შეცდომებზე ვისწავლო და მათი დახმარებით გავუმჯობესდე“, – ამბობს ქეილები.
ნუ შეადარებ საკუთარ თავს სხვას!
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს და ნურც შეგვშურდება“ (გალატელები 5:26). თუ სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს ათვალიერებ და ხედავ, რომ სხვები შენ გარეშე იკრიბებიან და კარგ დროს ატარებენ, შეიძლება ძალიან გაბრაზდე. ამ დროს ახლო მეგობრებიც კი შესაძლოა მტრებად აღიქვა.
რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: შეეგუე იმ აზრს, რომ ყოველთვის ყველგან ვერ დაგპატიჟებენ. გარდა ამისა, გახსოვდეს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები სრულ სურათს არ ასახავს. ერთი ახალგაზრდა, სახელად ალექსი, ამბობს: „სოციალურ ქსელებში უმეტესწილად ადამიანთა ცხოვრების ლამაზი წუთებია აღბეჭდილი. რეალობა კი არ არის ყოველთვის ასეთი აღმაფრთოვანებელი; ამაზე კი იქ არავინ არაფერს წერს“.
იყავი მშვიდობისმყოფელი, განსაკუთრებით ოჯახში.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18). სხვების საქციელს შენ ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შენი რეაქციების გაკონტროლება შეგიძლია. შენ შეგიძლია იყო მშვიდობიანი.
რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: როცა ოჯახში ან სამეგობრო წრეში დაძაბული სიტუაციაა, მშვიდობას შეუწყვე ხელი და ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამ. „სრულყოფილი არავინაა და დროდადრო ყველანი ვტკენთ ერთმანეთს გულს. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ასეთ დროს, მშვიდობას შევუწყობთ ხელს თუ გავამწვავებთ სიტუაციას“, – ამბობს ახალგაზრდა გოგო, სახელად მელინდა.
იყავი მადლიერი.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15). მადლიერება დაგეხმარება, შენს ცხოვრებაში დადებითზე გაამახვილო ყურადღება და არა უარყოფითზე.
რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: თვალი გაუსწორე პრობლემებს, მაგრამ ის კარგიც შეამჩნიე, რაც შენს ცხოვრებაში ხდება. „ყოველდღე ვწერ დღიურში ერთ დადებით მოვლენას, რაც იმ დღეს მოხდა. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამეც ხდება, რაზეც ღირს დაფიქრება“, – ამბობს ახალგაზრდა გოგო, სახელად რებეკა.
დაფიქრდი, ვის ირჩევ მეგობრად.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). თუ ადამიანებს, რომლებთანაც ბევრ დროს ატარებ, კრიტიკული, დამცინავი და მწარე საუბრები სჩვევიათ, ბუნებრივია, შენც გადმოგედება მათი ჩვევები.
რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: შეიძლება შენს მეგობარს პრობლემების გამო დროდადრო დარდი და წუხილი შემოაწვეს. დაეხმარე მას, მაგრამ მის პრობლემებში ნუ ჩაიძირები. „ჩვენ მხოლოდ მათთან არ უნდა ვატარებდეთ დროს, ვინც მხოლოდ უარყოფითზე და საკუთარ პრობლემებზე ფიქრობს. თუ მეგობრის პრობლემას შენს პრობლემას დაუმატებ, რა გამოვა? – ერთი დიდი პრობლემა“, – ამბობს გოგონა, სახელად მიშელი.
მეტი წაიკითხე ამ თემაზე
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომელსაც ბიბლია „მძიმე და ძნელად ასატანს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). ხომ არ გიჭირს დადებითი განწყობის შენარჩუნება, როცა ხედავ, რომ მსოფლიოში ამდენი ცუდი რამ ხდება? წაიკითხე თემა „მოეღება ოდესმე ბოლო ტანჯვას?“.