ახალგაზრდების შეკითხვები
არის ოკულტიზმი უწყინარი გართობა?
შენ რას ფიქრობ?
მოაქვს რაიმე ზიანი ჰოროსკოპის და სამკითხაო დაფების გამოყენებას ან ექსტრასენსებთან და ნათელმხილველებთან სიარულს?
მისტიკური ისტორიები მხოლოდ სიმბოლური ბრძოლაა ბოროტსა და კეთილს შორის, ანუ ალეგორიული ხასიათისაა, თუ სინამდვილეა?
ამ სტატიაში განხილული იქნება, რატომ იზიდავს სპირიტიზმი ადამიანებს და რატომ არის საჭირო სიფრთხილის გამოვლენა.
რატომ იზიდავს სპირიტიზმი ადამიანებს?
გართობის ინდუსტრია ხშირად იყენებს ოკულტიზმის სხვადასხვა ფორმას ფილმებში, სატელევიზიო შოუებში, ვიდეოთამაშებსა თუ წიგნებში. შედეგად, ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება ასტროლოგიითა და ჯადოქრობით; მათ სურთ, მეტი გაიგონ დემონებისა და ვამპირების შესახებ. რატომ? ამის მიზეზები შეიძლება იყოს:
ცნობისმოყვარეობა: იმის გაგების სურვილი, არსებობენ თუ არა სინამდვილეში ანგელოზები და დემონები.
წუხილი: იმის მცდელობა, რომ გაარკვიონ, რას უქადის მათ მომავალი.
ურთიერთობა: საყვარელ გარდაცვლილ ადამიანთან დაკავშირების მცდელობა.
ეს ჩამონათვალი შეიძლება თავისთავად ცუდი არ იყოს. მაგალითად, სრულიად ბუნებრივია, გაინტერესებდეს, რა მოხდება მომავალში ან გენატრებოდეს საყვარელი ადამიანი, რომელიც დაკარგე. მაგრამ არსებობს საფრთხეები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე.
რატომ არის საჭირო სიფრთხილე?
ბიბლიაში მკაცრი გაფრთხილებებია მოცემული, რომ მოვერიდოთ ყველაფერს, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სპირიტიზმთან. მაგალითად, მასში წერია:
„არ იყოს შენში ... არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12).
რატომ გმობს ბიბლია სპირიტიზმს?
სპირიტიზმში მონაწილეობა დემონებთან კავშირის დამყარების და მათი მხარდაჭერის მცდელობაა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთი ანგელოზი ღმერთს დაუპირისპირდა და მის მტრად იქცა (დაბადება 6:2; იუდა 6). ამ ბოროტ ანგელოზებს, რომელთაც დემონები ეწოდებათ, უამრავი ადამიანი შეჰყავთ შეცდომაში სულების გამომძახებლების, მკითხავებისა და ასტროლოგების მეშვეობით. სპირიტიზმის ნებისმიერი ფორმის გამოყენება ღვთის მტრად გვაქცევს.
სპირიტიზმი მხარს უჭერს ცრურწმენას იმის თაობაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მომავლის განჭვრეტა. არადა ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, „რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10; იაკობი 4:13, 14).
სპირიტიზმი მხარს უჭერს ცრურწმენას იმის თაობაზე, რომ მიცვალებულთა სულებს შეუძლიათ ცოცხლებთან კავშირის დამყარება. თუმცა ბიბლიაში ვკითხულობთ: „მკვდრებმა კი არაფერი იციან ... არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში“ (ეკლესიასტე 9:5, 10).
სწორედ ამ მიზეზების გამო იეჰოვას მოწმეები თავს არიდებენ ნებისმიერ რამეს, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სპირიტიზმთან. აგრეთვე, ისინი უარს ამბობენ გართობის ისეთ სახეობებზე, სადაც ზომბები, ვამპირები ან სხვა ზებუნებრივი არსებები არიან წარმოდგენილნი. 21 წლის მარია ამბობს: „თუ ფილმი სპირიტიზმის ელემენტებს შეიცავს, მის ყურებაზე უარს ვამბობ“. a
რის გაკეთება შეგიძლია?
მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, რომ იეჰოვას წინაშე სუფთა სინდისი შეინარჩუნო და მოერიდო გართობის ისეთ სახეობას ან ნებისმიერ რამეს, რასაც შესაძლოა ოკულტიზმთან ჰქონდეს კავშირი (საქმეები 24:16).
მოიშორე ოკულტიზმთან დაკავშირებული ნივთები. წაიკითხე საქმეების 19:19, 20 და ყურადღება მიაქციე, რა მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვეს ამ მხრივ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა.
გახსოვდეს: როცა უარს ამბობ სპირიტული ელემენტების შემცველ გართობასა და სხვა საქმეებზე, ამით იეჰოვას მხარეს იკავებ, რითაც მას გულს უხარებ (იგავები 27:11).
a ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ფანტასტიკური ჟანრის ფილმი პირდაპირ მხარს უჭერს სპირიტიზმს. თუმცა ქრისტიანებმა ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა იხელმძღვანელონ და თავი აარიდონ ისეთ საქმეებს ან გართობას, რაც შეიძლება სპირიტიზმის ელემენტებს შეიცავდეს (2 კორინთელები 6:17; ებრაელები 5:14).