საქართველო
მეგონა, წარმატებული ადამიანი ვიყავი
მადონა კანკია
-
დაიბადა: 1962 წ.
-
მოინათლა: 1990 წ.
-
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი კომუნისტური პარტიის წევრი, რომელიც ბევრს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. 2015 წელს მიიწვიეს სამეფოს მახარობელთა სკოლის პირველ კლასში.
1989 წელს, როცა ჭეშმარიტება გავიგე, ქალაქ სენაკში ვცხოვრობდი. მაშინ კომუნისტური პარტიის წევრი და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი. ეს თანამდებობა დღევანდელი პარლამენტის წევრობის ტოლფასი იყო. იმ დროს საქმროც მყავდა. ყოველმხრივ აწყობილი ცხოვრება მქონდა და მეგონა, რომ წარმატებული ადამიანი ვიყავი.
მართალია, კომუნისტი ვიყავი, მაგრამ ღმერთი მწამდა, რადგან მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს ღვთისადმი სიყვარული. როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ყველა ჩემს კითხვაზე მივიღე პასუხი. ამიტომ გადავწყვიტე, თავი მიმეძღვნა იეჰოვასთვის და მოვნათლულიყავი. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისა და ჩემი საქმროსთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.
ახალშეძენილი რწმენის გამო ოჯახის წევრებმა ზურგი მაქციეს. პოლიტიკურ კარიერასაც ვეღარ გავაგრძელებდი. ჩემ გარშემო ისეთი
ამბები დატრიალდა, რომ ისღა დამრჩენოდა, სახლიდან წავსულიყავი, გამეწყვიტა საქმროსთან ურთიერთობა და უარი მეთქვა სამსახურსა და თანამდებობაზე. ნათლობის შემდეგ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან უფრო მეტ წინააღმდეგობას შევხვდი. ვინაიდან ქალაქში ყველა მიცნობდა, ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ამბავმა. ამიტომ გადავწყვიტე, ქუთაისში გადავსულიყავი, სადაც მალევე შევუდექი სრული დროით მსახურებას.როცა მეკითხებიან, ღირდა კი ჩემი რწმენა ამდენ ტანჯვად, უყოყმანოდ ვპასუხობ, რომ არაფერს ვნანობ და ძალიან ბედნიერი ვარ! მართალია, მშობლებს არ ესმოდათ, რატომ ავირჩიე ასეთი ცხოვრების გზა, მაგრამ მადლიერი ვარ მათი, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული ჩამინერგეს, რაც დღემდე მეხმარება.