არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პიონერული სკოლა ზუგდიდთან ახლოს

საქართველო | 1998—2006

კურთხევები „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ (2 ტიმ. 4:2).

კურთხევები „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ (2 ტიმ. 4:2).

საქართველოში 1990-იანი წლების მიწურულს იეჰოვას მოწმეების უპრეცედენტო ზრდა დაიწყო. დროის სვლასთან ერთად სულ უფრო იზრდებოდა ჭეშმარიტებით დაინტერესებულთა რიცხვი. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 32 409 ადამიანი დაესწრო.

იმ წლებში ბევრ მაუწყებელს, მათ შორის უხუცესებს, გამოცდილება აკლდა. და-ძმებს თეოკრატიული საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დახვეწა ესაჭიროებოდათ. ვინ აღმოუჩენდა მათ საჭირო დახმარებას?

იეჰოვას ორგანიზაციის მხარდაჭერა

1998 წლის მარტში ორგანიზაციამ საქართველოში არნო და სონია ტიუნგლერები გაგზავნა, რომლებსაც სკოლა „გალაადის“ კურსი ჰქონდათ გავლილი გერმანიაში. იმავე წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ამ ქვეყანაში ოფისის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც რუსეთის ფილიალი გაუწევდა ზედამხედველობას.

მალე ჩამოყალიბდა ქვეყნის კომიტეტი, რომელსაც სამქადაგებლო საქმის ზედამხედველობა დაევალა. იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა გაადვილდა, რომელიც გერმანიის ფილიალიდან იგზავნებოდა. ჩვენი საქმიანობის დარეგისტრირების შედეგად ძმებს საშუალება მიეცათ, შეესყიდათ უძრავი ქონება სამეფო დარბაზებისა და ფილიალის ასაშენებლად.

გამოცდილების შეძენის პერიოდი

საბჭოთა რეჟიმის დროს აკრძალვის გამო ბევრი და-ძმა წლების მანძილზე ვერ ქადაგებდა კარდაკარ. არნო იხსენებს: „მაუწყებლების უმეტესობა გულმოდგინედ ამოწმებდა ქუჩაში, თუმცა კარდაკარ ქადაგებას და განმეორებითი მონახულებების გაკეთებას არ იყვნენ მიჩვეული“.

არნო და სონია ტიუნგლერები

დავით დევიძე, რომელმაც 1999 წლის მაისში ახალდაფუძნებულ ოფისში დაიწყო მსახურება, გვიყვება: „უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი კრებებსა თუ ბეთელში. იყო ისეთი საქმეებიც, რომელთა შესახებაც მხოლოდ თეორიული ცოდნა გვქონდა და მეტი არაფერი. ამიტომ ვაკვირდებოდით ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოგზავნილ ძმებს და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდით“.

საქართველოში და-ძმებისთვის გამოცდილების შეძენის პერიოდი დაიწყო. და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს სასიკეთო აღმოჩნდა როგორც ადგილობრივი მაუწყებლებისთვის, ისე მათ დასახმარებლად ჩასული უცხოელი და-ძმებისთვის (იგავ. 27:17).

ადგილობრივი და-ძმების გამორჩეული თვისებები

არნოს და სონიას დღემდე არ ავიწყდებათ ის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელიც ქართველმა და-ძმებმა გამოიჩინეს მათ მიმართ. და-ძმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს წყვილი ადვილად შეგუებოდა ახალ გარემოს.

სონია იხსენებს, როგორი ხელგაშლილები იყვნენ ისინი: „ჩვენ მახლობლად ერთი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომელიც ხშირად გვიმასპინძლდებოდა გემრიელი კერძებით; ერთი და მოთმინებით გვასწავლიდა ქართულ ენას; სხვამ კი მსახურებაში წაგვიყვანა, ახალი კრება გაგვაცნო და ქართულ კულტურას გვაზიარა“.

უორენ და ლესლი შუფელტები, რომლებიც კანადიდან საქართველოში სამეფოს საქმის მხარდასაჭერად 1999 წელს ჩავიდნენ, ყვებიან: „ჩვენზე წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი და-ძმების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა, რამაც აღგვძრა, მათთვის მიგვებაძა. ყველა, ახალგაზრდების ჩათვლით, თავისუფლად გამოხატავდა ერთმანეთის მიმართ თბილ გრძნობებსა და სიყვარულს“.

ადგილობრივი და-ძმები გამოცდილ მისიონერებთან ერთად მსახურობდნენ საქართველოს ოფისში

საქართველოში არსებულმა მძიმე პირობებმა უცხოელ და-ძმებს ხელი ვერ შეუშალა, შეემჩნიათ ადგილობრივი ხალხის შესანიშნავი თვისებები. ამ თავმდაბალმა მისიონერებმა თავიანთი თბილი დამოკიდებულებით ადვილად შეაღეს ქართველი და-ძმების გულის კარი.

ღვთისმოშიში ადამიანები ჭეშმარიტებას ეხმაურებიან

1990-იან წლებში ბევრი გულმართალი ადამიანი გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. მაგალითად, 1998 წელს, ერთ წელიწადში, 1 724 ადამიანი მოინათლა. რამ მიიზიდა ამდენი ხალხი ჭეშმარიტებისკენ?

თამაზ ბიბლაია, რომელმაც მრავალი წელი იმსახურა სარაიონო ზედამხედველად, ამბობს: „ტრადიციულად, ქართველებს ღვთის სიყვარულს ბავშვობიდან გვინერგავენ, ამიტომ, როცა ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუზიარებდით, სიამოვნებით გვისმენდნენ“.

დავით სამხარაძე, რომელიც სამეფოს მახარობელთა სკოლის მასწავლებელია, აღნიშნავს: „როცა ვინმე შესწავლას იწყებს, ნათესავები და მეზობლები ამაზე ხშირად მწვავედ რეაგირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი ახლობელი არასწორ გზას დაადგა და მის გადარწმუნებას ცდილობენ. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ ის, ვინც შემსწავლელის გადარწმუნებას ცდილობს, თავად ინტერესდება ჭეშმარიტებით!“.

აღსანიშნავია, რომ 1999 წლის აპრილში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვმა უმაღლეს მაჩვენებელს, 36 669-ს, მიაღწია. აშკარა იყო, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებამ მთელი საქართველო მოიცვა.

„მოწინააღმდეგეებიც მრავლად არიან“

როცა ეფესოში თავის მსახურებაზე საუბრობდა, პავლემ ასეთი რამ აღნიშნა: „მოღვაწეობისთვის დიდი კარი გამეღო, თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად არიან“ (1 კორ. 16:9). მისი სიტყვები ზუსტად მიესადაგება იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში 1999 წელს, ისტორიული გახსენების საღამოს აღნიშვნიდან, სულ რაღაც, რამდენიმე თვეში შეიქმნა.

იმავე წლის აგვისტოში ეკლესიიდან განკვეთილმა მღვდელმა ვასილ მკალავიშვილმა თავის მრევლთან ერთად თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო და იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა საჯაროდ დაწვა. ამას მოწმეების სასტიკი დევნა მოჰყვა, რაც ოთხ წელიწადს გაგრძელდა.

1999 წელს საქართველოში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო; მდევნელები ბიბლიურ ლიტერატურას წვავდნენ და მოწმეებს თავს ესხმოდნენ

1999 წლის 17 ოქტომბერს დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა გლდანის რაიონში შეკრებილ იეჰოვას მოწმეებს და სასტიკად გაუსწორდა. მათ ხელკეტებითა და რკინის ჯვრებით სცემეს შეკრებილებს, რომელთაგანაც ზოგი სერიოზულად დაშავდა.

სამწუხაროდ, არც ერთი თავდამსხმელი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული, რის გამოც იეჰოვას მოწმეების შევიწროება კვლავ გაგრძელდა. მთავრობის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სასტიკად დაგმო მომხდარი, თუმცა დამნაშავეთა წინააღმდეგ არანაირი ზომები არ მიიღეს. მეტიც, ხშირად შემთხვევის ადგილზე პოლიცია დაგვიანებით მიდიოდა.

ამავე პერიოდში საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. ის აცხადებდა, რომ მოწმეები საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოებას. ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ ქადაგებისთვის „კარგი დრო“ წარსულს ჩაჰბარდა.

იეჰოვას ორგანიზაცია საჭირო ზომებს იღებს

იეჰოვას ორგანიზაცია მყისვე გამოეხმაურა საქართველოში მცხოვრები მოწმეების საჭიროებებს. ძმებს შესაბამისი მითითებები მიეცათ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ თავდასხმის შემთხვევაში. ამასთანავე, ისინი გაამხნევეს და შეახსენეს, რომ ღვთისადმი ერთგულების გამო იდევნებოდნენ (2 ტიმ. 3:12).

მოწმეები შეეცადნენ, ეს უკანონობა კანონის ძალით აღეკვეთათ. ერთი ძმა, რომელიც იმ დროს საქართველოს ოფისის იურიდიულ განყოფილებაში მსახურობდა, აღნიშნავს: „ოთხი წლის განმავლობაში 800-ზე მეტი საჩივარი შევიტანეთ ვასილ მკალავიშვილისა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. აგრეთვე დახმარებისთვის მივმართეთ სახელმწიფო მოხელეებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეების მთავარმა სამმართველომ ორგანიზება გაუწია ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, მაგრამ მდევნელები ვერაფერმა შეაჩერა“. a

a მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა იურიდიული ბრძოლა მიმდინარეობდა მოწმეების უფლებების დასაცავად, იხილეთ 2002 წლის 8 თებერვლის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 18—24.