არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

აზია და ახლო აღმოსავლეთი

აზია და ახლო აღმოსავლეთი
  • ქვეყნები 48

  • მოსახლეობა 4 315 759 010

  • მაუწყებლები 703 271

  • ბიბლიის შესწავლები 732 106

მან იკითხა, სხვებსაც თუ შეეძლოთ დასწრება

ინდონეზიაში ერთმა ძმამ ავტოსადგომის მეთვალყურეს გახსენების საღამოს მოსაწვევი ორი დღით ადრე მისცა. მეთვალყურემ, რომელიც მუსლიმანი იყო, იკითხა, ერთი მოსაწვევით სხვებსაც თუ შეეძლოთ დასწრება. ძმამ უთხრა, რომ სხვებსაც თავისუფლად შეეძლოთ მისვლა. შემდეგ კაცმა თქვა, რომ დიდი ოჯახი ჰყავდა და დამატებით მაინც ითხოვა მოსაწვევები. ძმამ მას 20 მოსაწვევი მისცა და აუხსნა, რომ ეს იყო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო, სადაც ქრისტიანებსაც შეეძლოთ დასწრება და მუსლიმანებსაც. კაცმა ძმას უთხრა, რომ 60-დან 70-მდე ადამიანს მიიყვანდა.

გახსენების საღამო, რომელსაც 248 კაცი ესწრებოდა, ახალი დაწყებული იყო, რომ ავტოსადგომის მეთვალყურე დაახლოებით 100 კაცის თანხლებით მივიდა. მან მიიყვანა კაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები და ერთი ორსული ქალი. მათ მანქანები დაექირავებინათ და ისე მისულან სასტუმროში, სადაც გახსენების საღამო ტარდებოდა. ამდენი ხალხი რომ დაინახეს, დაცვის თანამშრომლები წინ გადაუდგნენ და სასტუმროში არ უშვებდნენ. ისინი გაკვირვებულები იყვნენ და ვერ გაეგოთ, რა უნდოდა ამდენ მუსლიმანს ქრისტიანების შეხვედრაზე. როდესაც მოსაწვევები აჩვენეს, დაცვამ ისინი დარბაზამდე მიაცილა. დარბაზი ისე იყო გადაჭედილი, რომ მათგან დაახლოებით 60-მა კაცმა შეძლო შიგნით შესვლა.

რამდენიმე დღეში ძმამ კვლავ მოინახულა ავტოსადგომის მეთვალყურე და ჰკითხა, კმაყოფილი დარჩა თუ არა მისი მიყვანილი ხალხი პროგრამით. მან აღნიშნა, რომ თავიდან თავს ყველა უხერხულად გრძნობდა, მაგრამ მათზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ შეხვედრის შემდეგ ყველა თბილად ესალმებოდა და ხელს ართმევდა. ძმამ ის სპეციალური მოხსენების მოსასმენად დაპატიჟა, რომელიც მომავალ კვირას წაიკითხებოდა. ამჯერად მან 40-მდე ადამიანი მიიყვანა, ოჯახის წევრები და მეზობლები. როდესაც ისინი დარბაზში მივიდნენ, კრება უკვე მთავრდებოდა. ამიტომ უხუცესებმა გადაწყვიტეს, მოხსენება მეორედ წაეკითხათ. თავმჯდომარემ ხელახლა გამოაცხადა თემის სათაური, მოკლედ მიმოიხილა პროგრამა და სიმღერით და ლოცვით დაიწყო შეხვედრა. მუსლიმანებისთვის თემა გასაგები რომ ყოფილიყო, მომხსენებელი მათთვის ნაცნობ ისეთ ფრაზებს იყენებდა, როგორიცაა: „წინდა წიგნი“, ნაცვლად „ბიბლიისა“ და „წინასწარმეტყველი ისა“ ნაცვლად „იესოსი“.

მოგვიანებით კრების უხუცესი სახლში ეწვია ავტოსადგომის მეთვალყურეს და დაიწყო ბიბლიის შესწავლა ბროშურით „მოუსმინეთ ღმერთს“. განხილვაში მას შეუერთდა 12 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე მუსლიმანი ქალი და ბავშვი.

ავტობუსში საკითხავი მასალა

მონღოლეთი: მძღოლების ნებართვით ძმები ავტობუსში პუბლიკაციებს ტოვებენ

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორიდან ავტობუსები ქვეყნის ყველა კუთხეში მიდიან. ზოგიერთ ადგილამდე მგზავრობას 48 საათი სჭირდება. ამ დროს ზოგი მგზავრი იძინებს, ზოგიც ფანჯარაში იყურება. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლებს კითხვა უყვართ, ტრანსპორტში საკითხავს არაფერს სთავაზობენ. ამიტომ ძმები სონგინოხაირხანის კრებიდან დაელაპარაკნენ მძღოლებს და უთხრეს: „გვინდა, ერთი კარგი წიგნი გაჩუქოთ. — შემდეგ კი უთხრეს — თვითმფრინავებში, სკამების საზურგეებში, საკითხავი მასალა ყოველთვის არის. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მგზავრები რამის წაკითხვას მოისურვებენ, შეგვიძლია, სკამების საზურგეებში ჩავალაგოთ ლიტერატურა“. რვა ავტობუსის მძღოლი დათანხმდა შეთავაზებას. შედეგად ძმებმა 299 ჟურნალი და 144 ბროშურა გაავრცელეს. ისინი იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ყოველთვე ძველ ჟურნალებს ახლით შეცვლიდნენ.

შეცდომით სხვასთან მოხვდნენ

აზიის ერთ ქვეყანაში ორ უხუცესს სთხოვეს, მოენახულებინათ და, რომელიც რვა წელი არააქტიური იყო. რადგანაც დას არ იცნობდნენ, ძმებმა მას დაურეკეს და შეთანხმდნენ, რომ დიდ საბითუმო ბაზრობაზე, მის მაღაზიაში მიაკითხავდნენ. ბაზრობაზე იმდენად რთული იყო გზის გაკვლევა და ვინმეს პოვნა, რომ ძმები დაიბნენ, მაგრამ ბოლოს მიადგნენ მისამართზე მითითებულ მაღაზიას. შიგნით შესულებს მიესალმა ქალი, რომელსაც მაგიდაზე პატარა ბიბლია ედო. როდესაც ქალს გვარი, საცხოვრებელი ადგილი და ბავშვების ასაკი ჰკითხეს, ძმებმა დაასკვნეს, რომ ეს სწორედ ის იყო, ვისაც ეძებდნენ და უთხრეს: „ჩვენ იეჰოვას მოწმეები, თქვენი ძმები ვართ“.

„მე ქრისტიანი ვარ“, — მიუგო გაკვირვებულმა ქალმა. ძმებს მისი რეაქცია ეუცნაურათ, მაგრამ მაინც დაუტოვეს ბიბლიური ლიტერატურა და ქალმაც სიამოვნებით გამოართვა. თუმცა წამოსვლისას ძმები მიხვდნენ, რომ სხვა მისამართზე იყვნენ მისულები. იმის მაგივრად, რომ 2202-ე მაღაზიაში მისულიყვნენ, თურმე 2200-ში მისულან. ერთმა მათგანმა თქვა: „მე მგონი აქ ანგელოზმა მოგვიყვანა. ტანში მაჟრჟოლებს, ნახე, რა დამთხვევაა: ორივეს ერთი და იგივე გვარი აქვს, ერთი და იგივე ქალაქიდან არიან და ორივეს ერთი ასაკის შვილები ჰყავს. სხვა გვარი რომ ჰქონოდა ან სხვა ქალაქიდან ყოფილიყო, მივხვდებოდით, რომ შეცდომით მოვედით“. ბოლოს, ორი მაღაზიის ქვევით ძმებმა მიაგნეს არააქტიურ დას, რომელიც მათ ელოდა.

„შემრცხვა, როცა გავაანალიზე, რომ თურმე იეჰოვას არ დავვიწყებივარ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი არააქტიური ვიყავი“

არასწორი ვიზიტის შედეგი ის იყო, რომ პირველმა ქალმა ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. არააქტიურმა დამაც დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული და აქტიურად ჩაება მსახურებაში. მან თქვა: „შემრცხვა, როცა გავაანალიზე, რომ თურმე იეჰოვას არ დავვიწყებივარ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი არააქტიური ვიყავი“.

მესიჯებით ქადაგება ცუდ ამინდში

ფილიპინები: გრეგი ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის

გრეგი და ალმა მსახურების გასაფართოებლად ფილიპინებში კუნძულ კატანდუანესზე გადავიდნენ. მათი ტერიტორია მთიან რეგიონსაც მოიცავს. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელად ფეხით 19 კილომეტრის გავლა უწევთ. ზოგ კუნძულებამდე ნავით მისასვლელად კი დაახლოებით ორი საათი უწევთ ნიჩბების მოსმა. წვიმების სეზონზე ძალიან ჭირს ამ ადგილებამდე მიღწევა. ნაცვლად იმისა, რომ ასეთ ამინდში სახლში დარჩენილიყვნენ და არ ექადაგათ, გადაწყვიტეს, ესარგებლათ მობილური ოპერატორის მიერ შეთავაზებული მომსახურებით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მინიმალურ ფასად ულიმიტო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას იძლეოდა.

გრეგი ამბობს, რომ მესიჯის წერას თავისი სახელის მოხსენიებით იწყებს. შემდეგ წერს: „მინდა, ბიბლიიდან ერთი აზრი გაგიზიაროთ“. მან შენიშნა, რომ ამ სახით ქადაგებისას ერთ-ერთი მუხლი, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვება, არის იოანეს 17:3. ამ მუხლის ციტირების შემდეგ გრეგი ორ კითხვას სვამს: ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი? და ვინ არის იესო ქრისტე? შემდეგ ადრესატს სთხოვს, თავისი აზრი დააფიქსიროს. თუ პასუხს მოსწერენ, გრეგი ფსალმუნის 83:18-ს უგზავნის. თუ მიწერ-მოწერა გაგრძელდება, ის მოპასუხეს ტელეფონით საუბარს სთავაზობს. როგორც გრეგი და ალმა ამბობენ, ასეთი სახით მათ ბევრთან შეძლეს ქადაგება.

ერთ ქალს, რომელსაც გრეგი და ალმა დაუკავშირდნენ, ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა, ამიტომ მათ შორის ინტენსიური მიმოწერა გაიმართა, რაც საბოლოო ჯამში ბიბლიის შესწავლით დაგვირგვინდა. ეს ქალი ნასწავლს თავის ძმისშვილსა და თანამშრომელს უზიარებდა, რის შედეგადაც, სამივე მოინათლა.