სიერა-ლეონე და გვინეა
1915—1947: ზრდის დასაწყისი (ნაწილი 1)
ჭეშმარიტების სინათლემ გამოანათა
ჭეშმარიტების სინათლემ სიერა-ლეონეში 1915 წელს გამოანათა, მაშინ, როცა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ინგლისიდან ქვეყანაში ბიბლიური ლიტერატურა ჩაიტანეს. ამა წლის ივლისის თვეში ფრიტაუნში პირველი იეჰოვას მოწმე, ალფრედ ჯოზეფი ჩავიდა. ეს 31 წლის ახალგაზრდა წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ გაიანადან, იყო. ის ვესტინდოეთში, კუნძულ ბარბადოსზე, მოინათლა. მისი ნათლობიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა ფრიტაუნში სამუშაო შესთავაზეს. იქ ალფრედმა ლოკომოტივის მძღოლად დაიწყო მუშაობა; ცხოვრობდა კლაინ-ტაუნის რკინიგზის მუშათა დასახლებაში, რომელიც დაახლოებით 3 კილომეტრით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ისტორიული მნიშვნელობის მატყლის ხე იდგა. ალფრედმა ჩასვლისთანავე დაიწყო თანამშრომლებთან ბიბლიური ცნობის გაზიარება.
მომდევნო წელს ბარბადოსიდან ფრიტაუნში ალფრედის ყოფილი თანამშრომელი, ლეონარდ ბლექმენი ჩავიდა. თავის დროზე, ალფრედმა ბლექმენის დედისგან, ელვირა ჰიუიტისგან გაიგო ჭეშმარიტება. ლეონარდი ალფრედის მეზობელი გახდა; ისინი სისტემატურად განიხილავდნენ ბიბლიას. აგრეთვე ბიბლიურ ლიტერატურას მეგობრებსა და დაინტერესებულებსაც სთავაზობდნენ.
ალფრედმა და ლეონარდმა დაინახეს, რომ ფრიტაუნი „გადათეთრებული იყო მოსამკელად“ (იოან. 4:35). 1923 წელს ალფრედმა ნიუ-იორკში მსოფლიო მთავარ სამმართველოს წერილობითი თხოვნით მიმართა: „აქ ბევრი ინტერესდება ბიბლიით. გთხოვთ, გამოგზავნეთ ისეთი ვინმე, ვინც ამ ადამიანებსაც დაეხმარება და სამქადაგებლო საქმიანობასაც უხელმძღვანელებს სიერა-ლეონეში“. მან ასეთი პასუხი მიიღო: „აუცილებლად გამოვგზავნით ვინმეს!“.
„რამდენიმე თვის შემდეგ, ერთ შაბათ საღამოს, მოულოდნელად დამირეკეს“, — იხსენებს ალფრედი.
— შენ სთხოვე ძმებს, რომ მქადაგებლები გამოეგზავნათ? — ყურმილში უცნობის ხმა გაისმა.
— დიახ, ეს მე ვიყავი, — მივუგე.
— ხოდა, მათ მე გამომგზავნეს, — ომახიანად განმიცხადა უცნობმა.
«ეს უილიამ ბრაუნი იყო. იგი თავის მეუღლესთან, ანტონიასთან და თავის პატარა გოგონასთან ერთად სწორედ იმ დღეს ჩამოვიდა ქალაქში და სასტუმრო „გაინფორდში“ იყვნენ გაჩერებულები.
მომდევნო დილით, როცა მე და ლეონარდი ჩვენს ყოველკვირეულ ბიბლიის შესწავლას ვატარებდით, კარს ახოვანი მამაკაცი მოადგა. ეს უილიამ ბრაუნი იყო. ის იმდენად ანთებული მქადაგებელი იყო, რომ მომდევნო დღესვე მოინდომა საჯარო მოხსენებით გამოსვლა. ჩვენ დაუყოვნებლივ ვიქირავეთ ფრიტაუნში ყველაზე დიდი დარბაზი, „ვილბერფორსის მემორიალ-ჰოლი“ და დავგეგმეთ, რომ ძმა ბრაუნი ოთხი მოხსენებიდან პირველს ხუთშაბათ საღამოს წაიკითხავდა.
ჩვენი პატარა ჯგუფი აქტიურად ეპატიჟებოდა ხალხს მოხსენებების მოსასმენად; ამას გაზეთებისა და მოსაწვევი ბარათების მეშვეობითაც
ვაკეთებდით. ცოტა არ იყოს გვაფიქრებდა, როგორ შეხვდებოდა ამ ყველაფერს ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად არ გვქონდა. პირველივე დღეს დარბაზი ხალხით გადაიჭედა; მოხსენების მოსასმენად დაახლოებით 500 ადამიანი მოვიდა, მათ შორის ფრიტაუნის ბევრი სასულიერო პირი. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!».ძმა ბრაუნი თავის ერთსაათიან მოხსენებაში ხშირად ციტირებდა ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც პროექტორის მეშვეობით ჩნდებოდა ეკრანზე. მოხსენების დროს ის არაერთხელ იმეორებდა: „ამას ბრაუნი კი არა, ბიბლია ამბობს“. აუდიტორია იმდენად აღფრთოვანდა მოსმენილით, რომ ყოველი აზრის შემდეგ ტაშს უკრავდნენ. ისინი ძმა ბრაუნის ორატორულმა ნიჭმა კი არა, მის მიერ მოყვანილმა დამაჯერებელმა ბიბლიურმა მტკიცებულებებმა მოხიბლა. დამსწრეთა შორის იმყოფებოდა სასულიერო სემინარიის სტუდენტი, რომელმაც აღიარა: „მისტერ ბრაუნმა კარგად იცის თავისი ბიბლია!“.
ძმა ბრაუნის მოხსენებებით მთელი ქალაქი დაინტერესდა; მის მოსასმენად მოსული ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მომდევნო კვირას კვლავ შეივსო დარბაზი. ამჯერად ძმა ბრაუნი გამოვიდა მეორე მოხსენებით „ჯოჯოხეთისკენ და უკან ჯოჯოხეთიდან! ვინ არიან იქ?“. იმ საღამოს ჭეშმარიტება იმდენად დამაჯერებლად წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას, რომ ბევრ ცნობილ ადამიანს, რომელიც ეკლესიის აქტიური მრევლი იყო, შეიძლება ითქვას, თვალი აეხილა და ცოტა ხანში მათმა უმრავლესობამ დატოვა ეკლესია.
ბოლო, მეოთხე მოხსენების სახელწოდება იყო „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ამჯერადაც უამრავი ხალხი მოვიდა. მოგვიანებით, ერთი ფრიტაუნელი იხსენებდა: „ერთხელ ეკლესიას საღამოს მსახურების გაუქმებაც კი მოუწია, რადგან მთელი მრევლი ბრაუნის მოხსენებას ესწრებოდა“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძმა ბრაუნს მოხსენებების დროს ყოველთვის ბიბლიიდან მოჰყავდა ციტატები და ამით ხაზს უსვამდა იმას, რომ ბიბლიაა რწმენის საყრდენი. ამიტომ ხალხმა მას „ბიბლიის ბრაუნი“ შეარქვა. მას ბოლომდე შემორჩა ეს მეტსახელი და მთელ დასავლეთ აფრიკაში სწორედ ამ სახელით გახდა ცნობილი. მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე ის ღირსეულად ატარებდა ამ სახელს.