სიერა-ლეონე და გვინეა
მას „ბიბლიის ბრაუნს“ ეძახდნენ
უილიამ ბრაუნი
-
დაიბადა: 1879 წ.
-
მოინათლა: 1908 წ.
-
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასიხარულო ცნობა იქადაგა დასავლეთ აფრიკაში.
უილიამმა 1907 წელს, როდესაც პანამის არხის მშენებლობაზე მუშაობდა, სრულიად შემთხვევით მოისმინა ბიბლიური მოხსენება, რომელსაც ბიბლიის მკვლევარი, აისაია რიჩარდსი ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში კითხულობდა. რიჩარდსი საუბრობდა იმ დიაგრამაზე დაფუძნებით, რომელსაც „საუკუნეების სქემა“ ეწოდებოდა. ეს დიაგრამა ხსნიდა ღვთის სამომავლო განზრახვებს. უილიამი იმდენად მოიხიბლა ამ ყველაფრით, რომ უმალვე მიიღო ჭეშმარიტება და იამაიკაზე დაბრუნდა, რათა თავისი დედისა და დისთვისაც ეწილადებინა ეს სიხარული. მოგვიანებით ისინიც ბიბლიის მკვლევრები გახდნენ.
ძმა ბრაუნი გარკვეული ხნის განმავლობაში პანამის დედაქალაქ პანამაში ქადაგებდა. იქ ის შეხვდა ივანდერ კაუარდს, ბიბლიის მკვლევართა წარმომადგენელს, რომელიც პანამაში იყო წარგზავნილი, მოხსენებები რომ ეკითხა. ძმა კაუარდის მოხსენებები შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყო და მის მოსასმენად ხალხი საიდან აღარ მოდიოდა. კაუარდმა დაინახა, რომ უილიამს უზომოდ უყვარდა ჭეშმარიტება
და სთხოვა, წაჰყოლოდა ტრინიდადში სამქადაგებლო მოგზაურობაში.იმ დღიდან მოყოლებული, ათი წლის განმავლობაში, უილიამმა მთელი ვესტინდოეთი მოიარა, მსახურობდა პიონერად და ამხნევებდა ბიბლიის მკვლევრების პატარ-პატარა ჯგუფებს. 1920 წელს მან ცოლად შეირთო ერთგული ქრისტიანი და, ანტონია. ქორწინებიდან სულ რაღაც ორ დღეში უილიამმა და ანტონიამ პატარა კუნძულ მონსერატს მიაშურეს; თან წაიღეს ოთხნაწილიანი ფერადი სლაიდებისგან შემდგარი „შემოქმედების ფოტოდრამა“. ამ მოგზაურობის დროს მათ აგრეთვე იქადაგეს ბარბადოსის, დომინიკისა და გრენადის კუნძულებზე. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად შესანიშნავი თაფლობის თვე მოიწყვეს.
ორი წლის შემდეგ უილიამმა ჯოზეფ რუტერფორდს, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმეს უწევდა ხელმძღვანელობას, ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „იეჰოვას კურთხევით კარიბის თითქმის ყველა კუნძულზე ვიქადაგე და მრავალი მოწაფე მოვამზადე. როგორ მოვიქცე, კვლავ მოვინახულო ისინი?“ სულ რამდენიმე დღეში ძმა რუტერფორდმა უპასუხა: „შენს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დასავლეთ აფრიკაში სიერა-ლეონესკენ გაეშურე“.
ძმა ბრაუნი 27 წლის მანძილზე მსახურობდა თავის ოჯახთან ერთად დასავლეთ აფრიკაში. მას ოფისში ჯდომას ყოველთვის ქადაგება ერჩივნა. იმის გამო, რომ თავის საუბრებში ხშირად ბიბლიის მნიშვნელოვნებას უსვამდა ხაზს, ხალხმა მას „ბიბლიის ბრაუნი“ შეარქვა.
1950 წელს, 71 წლის ასაკში, უილიამი მეუღლესთან ერთად იამაიკაზე დაბრუნდა და იქ განაგრძეს პიონერად მსახურება. ის 1967 წლამდე, თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლომდე, ერთგულად მსახურობდა პიონერად. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ უყვარდა მას ეს მსახურება! იგი თვლიდა, რომ პიონერობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი იყო!