თავი 11
„გუშაგად დაგაყენე“
თემა: იეჰოვა ნიშნავს „გუშაგს“ და უხსნის მის მოვალეობას
1. ა) რა შედიოდა ღვთის მიერ დანიშნული „გუშაგების“ ანუ წინასწარმეტყველების მოვალეობაში? ბ) რა მოჰყვა შედეგად ისრაელების დაუმორჩილებლობას?
იერუსალიმის გალავანზე მდგომი გუშაგი ჰორიზონტს გაჰყურებს. მას ჩამავალი მზის სხივები თვალს ჭრის და სახეს ხელით იჩრდილავს. უეცრად ის საყვირს აყვირებს და განგაშს ტეხს — ხალხს ბაბილონელთა ჯარის მოახლოებას აუწყებს. რეაგირება რომც მოახდინოს ხალხმა საყვირის ხმაზე, უკვე დაგვიანებულია! ათწლეულების განმავლობაში იეჰოვას მიერ დანიშნული „გუშაგები“ ანუ წინასწარმეტყველები აფრთხილებდნენ მათ ამ დღის შესახებ, თუმცა ისინი არაფრად აგდებდნენ გაფრთხილებას. ამასობაში ბაბილონელები ქალაქს გარს ერტყმიან და რამდენიმეთვიანი ალყის შემდეგ გალავანს არღვევენ, ტაძარს მიწასთან ასწორებენ, ქალაქის მკვიდრთ ხოცავენ, ხოლო ცოცხლად დარჩენილნი ტყვედ მიჰყავთ.
2, 3. ა) რა მოელის მალე დედამიწის მკვიდრთ და რისი გაკეთება მართებთ? ბ) რომელ კითხვებზე მივიღებთ პასუხებს?
2 დღეს იეჰოვას ზეციერი ლაშქარი ემზადება, რომ იერიში მიიტანოს ურჩ კაცობრიობაზე (გამოცხ. 17:12—14). ეს ომი წერტილს დაუსვამს უდიდეს გასაჭირს, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს (მათ. 24:21). თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, რომ ხალხმა ყურად იღოს იეჰოვას მიერ დანიშნული „გუშაგის“ გაფრთხილება.
3 რატომ ნიშნავდა იეჰოვა „გუშაგებს“? რა ცნობას აუწყებდნენ ისინი? ვინ არიან ეს „გუშაგები“ და ჩვენ რისი გაკეთება მოგვეთხოვება? მოდი მივიღოთ პასუხები ამ კითხვებზე.
„ჩემი სახელით გააფრთხილე ისინი“
4. რატომ ნიშნავდა იეჰოვა „გუშაგებს“? (იხილეთ სურათი 121-ე გვერდზე)
4 წაიკითხეთ ეზეკიელის 33:7. ბიბლიურ დროში გუშაგები ქალაქის გალავანზე იდგნენ და მაცხოვრებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ქალაქის გალავანზე გადმომდგარი გუშაგი იმაზე მოწმობდა, რომ მეფეს თავისი ქვეშევრდომების ბედი აღელვებდა. მართალია, გუშაგის საყვირის ხმას შესაძლოა ძილი გაეკრთო მოსახლეობისთვის, მაგრამ სწორედ ამ გამაყრუებელი ხმის წყალობით ქალაქის მკვიდრთ შეეძლოთ, დროული რეაგირება მოეხდინათ და გადარჩენილიყვნენ. იეჰოვას იმიტომ ჰყავდა დანიშნული „გუშაგები“, რომ ეზრუნა თავის ხალხზე და დაეცვა ისინი, და არა იმიტომ, რომ უბედურების მომასწავებელი ცნობებით დაეზაფრა.
5, 6. რა მოწმობს იეჰოვას სამართლიანობაზე?
5 როდესაც იეჰოვამ ეზეკიელი „გუშაგად“ დააყენა, ამით მან ხალხს თავისი პიროვნება უკეთ გააცნო; მის თვისებებზე ფიქრი ჩვენთვისაც რწმენის განმამტკიცებელია. მოდი ვიმსჯელოთ ღვთის ორ თვისებაზე.
6 სამართლიანობა: იეჰოვას სამართლიანობაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი ინდივიდებად აღგვიქვამს და თითოეულს მიუკერძოებლად გვეპყრობა. მაგალითად, იეჰოვას მთელი ისრაელი ერი ურჩად არ შეურაცხავს იმის გამო, რომ მათგან უმრავლესობა ეურჩებოდა მას და ეზეკიელის გადაცემულ ცნობას არაფრად აგდებდა. ღვთისთვის მნიშვნელობა იმას ჰქონდა, თუ რა არჩევანს გააკეთებდა თითოეული ებრაელი. მან არაერთხელ მოუწოდა ეზეკიელს, რომ თავისი სათქმელი გადაეცა ბოროტისა თუ მართლისთვის. დედანში „ბოროტი“ და „მართალი“ მხოლობით რიცხვშია გამოყენებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა თითოეულ ადამიანს უყურებს როგორც ცალკეულ პიროვნებას. შესაბამისად, იეჰოვას იმისდა მიხედვით გამოაქვს განაჩენი, თუ როგორ რეაგირებს მის გაფრთხილებაზე ცალკეული ადამიანი (ეზეკ. 33:8, 18—20).
7. რის საფუძველზე ასამართლებს იეჰოვა ხალხს?
7 იეჰოვას სამართლიანობაზე მოწმობს ისიც, თუ როგორ ასამართლებს ადამიანებს. ღმერთი ხალხს წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო კი არ სთხოვს პასუხს, არამედ მისთვის ისაა გადამწყვეტი, იღებენ თუ არა ისინი ყურად იმ გაფრთხილებას, რომელსაც მათ დღეს აძლევს. იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „როცა ბოროტს ვეტყვი, მოკვდები-მეთქი და ის შეწყვეტს ცოდვის ჩადენას და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, . . იცოცხლებს“. შემდეგ მან დასძინა: „არცერთი ჩადენილი ცოდვა არ მოეკითხება“ (ეზეკ. 33:14—16). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი საქმეებით ვერ გაამართლებს ღვთისადმი ურჩობას. იეჰოვამ თქვა, რომ თუ ადამიანი „თავისი სიმართლის იმედად იქნება და ბოროტებას ჩაიდენს, უწინ რომ სიმართლეს იქმოდა, ეს არ ჩაეთვლება; მოკვდება იგი ჩადენილი ბოროტების გამო“ (ეზეკ. 33:13).
8. კიდევ რა მეტყველებს იეჰოვას სამართლიანობაზე?
იერ. 6:17). არც იეჰოვას და არც მის მიერ დაყენებულ „გუშაგებს“ არ მიუძღოდათ ბრალი მათ სისხლში, ვინც ბაბილონელებმა იეჰოვას განაჩენის აღსრულებისას გამოასალმეს სიცოცხლეს.
8 იეჰოვას სამართლიანობაზე მეტყველებს ისიც, რომ იგი ყოველთვის წინასწარ აფრთხილებს ადამიანებს. ეზეკიელი წინასწარმეტყველად მსახურებას ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებამდე ექვსი წლით ადრე შეუდგა. მაგრამ ის არ იყო პირველი, ვინც ისრაელებს აცნობა, რომ თავიანთი საქციელის გამო ღმერთი პასუხს მოსთხოვდა. იერუსალიმის განადგურებამდე ბოლო 200 წლის განმავლობაში მან თავის ერს „გუშაგებად“ დაუყენა ოსია, ესაია, მიქა, ოდედი და იერემია. იერემიას პირით იეჰოვამ ისრაელებს შეახსენა: „გუშაგები დაგიყენეთ, რომელთაც გითხრეს, ყურადღებით უსმინეთ საყვირის ხმასო!“ (9. როგორ ავლენდა იეჰოვა ურყევ სიყვარულს?
9 სიყვარული: იეჰოვა ურყევ სიყვარულს ავლენდა — ის აფრთხილებდა როგორც მართლებს, ისე ბოროტებს, რომლებიც გულს სტკენდნენ მას და შეურაცხყოფდნენ მის სახელს. დაფიქრდით: მართალია, ისრაელები ღვთის ხალხად იყვნენ ცნობილი, მაგრამ ისინი გამუდმებით აქცევდნენ მას ზურგს და უცხო ღმერთების თაყვანისცემაში ებმებოდნენ! იეჰოვამ საკუთარი განცდების სიღრმის დასანახვებლად თავისი მოღალატე ერი მრუშ ცოლს შეადარა (ეზეკ. 16:32). მიუხედავად ამისა, ღმერთს მაშინვე არ ჩაუქნევია მათზე ხელი. მას შურისძიება კი არა, მათთან შერიგება სურდა. იეჰოვა არ ჩქარობდა თავის ხალხზე ხელის აღმართვას; ის მხოლოდ მაშინ სჯიდა მათ, როცა სხვა გზას აღარ უტოვებდნენ. ამგვარი მოქმედების მიზეზი ეზეკიელს იეჰოვამ ასე აუხსნა: „არ მიხარია ბოროტის სიკვდილი! მე ის მირჩევნია, რომ ბოროტი მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან და იცოცხლოს“ (ეზეკ. 33:11). ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას უწინ და ის დღემდე უცვლელია (მალ. 3:6).
10, 11. რას ვსწავლობთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან თავისი ხალხის მიმართ?
10 რას გვასწავლის იეჰოვას მაგალითი, რომელიც სამართლიანობითა და სიყვარულით ეპყრობოდა თავის ხალხს? მათ, ვისაც ვუქადაგებთ, ჯგუფად კი არა, ცალკეულ ინდივიდებად უნდა აღვიქვათ. მართლაც დიდი შეცდომა იქნებოდა, თუ წინასწარშექმნილი აზრით მივუდგებოდით ადამიანს და განვსჯიდით წარსულში ჩადენილი შეცდომების ან წარმომავლობის, ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ენობრივი კუთვნილების გამო. იეჰოვამ მოციქულ პეტრეს ყურადსაღები გაკვეთილი ასწავლა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა: „ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35).
11 იეჰოვას დამოკიდებულება თავისი ხალხის მიმართ იმასაც შეგვახსენებს, რომ თვალი გვეჭიროს საკუთარ თავზე და არ დაგვავიწყდეს, რომ წარსულში ჩადენილი კარგი საქმეებით ვერ გავამართლებთ ცოდვებს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ჩვენც ცოდვილები ვართ მათ მსგავსად, ვისაც ვუქადაგებთ. ის რჩევა, რომელიც მოციქულმა პავლემ კორინთის კრებას მისწერა, ჩვენც გვეხება: „ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს. არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანისთვის ჩვეული ცდუნებისა“ (1 კორ. 10:12, 13). არ გვინდა, ჩვენი „სიმართლის იმედად“ ვიყოთ და თავი მოვიტყუოთ, რომ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში კარგი საქმეებით გადავფარავთ მას (ეზეკ. 33:13). მთავარი ის კი არაა, რამდენი ხანია, ვემსახურებით ღმერთს, არამედ რამდენად თავმდაბლები და მორჩილები ვართ.
12. რა უნდა გვახსოვდეს, თუკი წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო სინდისი გვქენჯნის?
12 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუკი წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო დღემდე სინდისი გვქენჯნის? ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა მხოლოდ მოუნანიებელ ცოდვილებს სჯის. მეტიც, ბიბლიაში იეჰოვას „შურისძიების ღმერთი“ კი არა, „სიყვარულის ღმერთი“ ჰქვია (1 იოან. 4:8). თუ ვინანიებთ და ამას საქმეებით ცხადვყოფთ, არანაირი მიზეზი არა გვაქვს, ეჭვი შეგვეპაროს იეჰოვას გულმოწყალებაში (იაკ. 5:14, 15). თუკი ის წარსულში პატიობდა ცოდვებს თავის მოღალატე ერს, იგი დღესაც მზადაა, გვაპატიოს ცოდვები (ფსალმ. 86:5).
„დაელაპარაკე შენს ხალხს“
13, 14. ა) რა ცნობას აუწყებდნენ „გუშაგები“? ბ) რა ცნობას აუწყებდა ესაია?
13 წაიკითხეთ ეზეკიელის 33:2, 3. რა ცნობას აუწყებდნენ იეჰოვას მიერ დანიშნული „გუშაგები“? მათი ძირითადი დავალება ხალხის გაფრთხილება იყო. თუმცა ისინი მათ სასიხარულო ცნობასაც გადასცემდნენ. მიმოვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
14 ესაია, რომელმაც წინასწარმეტყველება დაახლოებით ძვ. წ. 778 წელს დაიწყო და 732 წლამდე წინასწარმეტყველებდა, ისრაელებს აფრთხილებდა, რომ ბაბილონელები აიღებდნენ იერუსალიმს, ხოლო მის მკვიდრთ ტყვედ წაასხამდნენ (ეს. 39:5—7). თუმცა მან ღვთის შთაგონებით დასძინა: „ისმინე! ხმას იმაღლებენ შენი გუშაგები. ერთხმად შესძახიან სიხარულით. თვალნათლივ იხილავენ, როგორ შემოიკრებს იეჰოვა სიონს“ (ეს. 52:8). ესაია ხალხს მართლაც სასიხარულო ცნობას აუწყებდა — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგებოდა!
15. რა ცნობას აცხადებდა იერემია?
15 იერემიას, რომელიც ძვ. წ. 647—580 წლებში მსახურობდა წინასწარმეტყველად, უბედურების მაუწყებლად მიიჩნევდნენ. მართალია, იგი ბოროტ ისრაელებს აფრთხილებდა იმ უბედურების * შესახებ, რომელსაც იეჰოვა დაატეხდა თავს, მაგრამ სასიხარულო ცნობასაც აცხადებდა, კერძოდ იმას, რომ ღვთის ხალხი სამშობლოში დაბრუნდებოდა და წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა (იერ. 29:10—14; 33:10, 11).
16. როგორ ეხმარებოდა ეზეკიელი ბაბილონში გადასახლებულთ?
16 იეჰოვამ ეზეკიელი „გუშაგად“ ძვ. წ. 613 წელს დანიშნა. იგი ამ დავალებას, როგორც ჩანს, ძვ. წ. 591 წლამდე ასრულებდა. როგორც ამ წიგნის მე-5 და მე-6 თავებიდან შევიტყვეთ, ეზეკიელი დაუღალავად აფრთხილებდა ისრაელებს მოახლოებული განადგურების შესახებ, რის გამოც ბრალი არ დასდებია სხვების სისხლში. ამ წლების მანძილზე იგი არა მხოლოდ აფრთხილებდა გადასახლებულ ისრაელებს, რომ იეჰოვა დასჯიდა იერუსალიმში მყოფ განდგომილებს, არამედ ეხმარებოდა კიდეც მათ, რომ ღვთისადმი რწმენა შეენარჩუნებინათ, რათა სამომავლოდ ღვთის საქმეში კვლავ გამოსადეგნი ყოფილიყვნენ; იეჰოვას დაპირებისამებრ, 70-წლიანი ტყვეობის ბოლოს ისინი ისრაელის მიწაზე დაბრუნდებოდნენ (ეზეკ. 36:7—11). სამშობლოში დაბრუნებულები მათი შვილები და შვილიშვილები იქნებოდნენ, ვინც ყური ათხოვეს ეზეკიელის ცნობას. როგორც შემდეგი თავები მოწმობს, ეზეკიელი ხალხს მართლაც სასიხარულო ცნობას გადასცემდა, რომელიც არწმუნებდა მათ, რომ იერუსალიმში წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა.
17. როდის ნიშნავდა იეჰოვა „გუშაგებს“?
17 მხოლოდ ის წინასწარმეტყველები იყვნენ იეჰოვას მიერ დანიშნული „გუშაგები“, რომლებიც იერუსალიმის განადგურებამდე წინასწარმეტყველებდნენ? რა თქმა უნდა, არა! თითოეული მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, რომელიც საბოლოოდ ღვთის განზრახვის შესრულებას უწყობდა ხელს, იეჰოვა „გუშაგებს“ ნიშნავდა ბოროტთა გასაფრთხილებლად და სასიხარულო ცნობის საუწყებლად.
„გუშაგები“ პირველ საუკუნეში
18. რა შედიოდა იოანე ნათლისმცემლის მოვალეობაში?
18 ახ. წ. 1-ლ საუკუნეში იოანე ნათლისმცემელი გუშაგის მოვალეობას ასრულებდა. ის აფრთხილებდა ისრაელებს, რომ მალე ღმერთი უარყოფდა მათ (მათ. 3:1, 2, 9—11). თუმცა იოანე ბევრად მეტი იყო, ვიდრე „გუშაგი“. იესომ თქვა, რომ იგი ნაწინასწარმეტყველები მაცნე იყო, რომელმაც გზა გაუმზადა მესიას (მალ. 3:1; მათ. 11:7—10). მისთვის დავალებული საქმე სასიხარულო ცნობის გაცხადებასაც მოიცავდა, რომლის თანახმადაც, „ღვთის კრავი“, იესო, რომელიც უკვე მოსული იყო, ქვეყნიერების ცოდვას აღმოფხვრიდა (იოან. 1:29, 30).
19, 20. როგორ ასრულებდნენ გუშაგის მოვალეობას იესო და მისი მოწაფეები?
19 და მაინც, „გუშაგთა“ შორის ყველაზე გამორჩეული იესო იყო. ეზეკიელის მსგავსად, იეჰოვამ იგი ისრაელის „გუშაგად“ დააყენა (ეზეკ. 3:17; მათ. 15:24). იესო აფრთხილებდა ისრაელებს, რომ იეჰოვა მალე მათ, როგორც ერს, უარყოფდა, ხოლო იერუსალიმს გაანადგურებდა (მათ. 23:37, 38; 24:1, 2; ლუკ. 21:20—24). თუმცა იესოს ძირითადი საქმე სასიხარულო ცნობის გაცხადება იყო (ლუკ. 4:17—21).
20 დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ თავის მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდა (მათ. 24:42). ისინიც დაემორჩილნენ მის მითითებას და გუშაგის მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ, შეახსენებდნენ ხალხს, რომ იეჰოვამ ზურგი აქცია ისრაელებს და უარყო იერუსალიმი (რომ. 9:6—8; გალ. 4:25, 26). ძველი დროის „გუშაგთა“ მსგავსად, მოწაფეებიც სასიხარულო ცნობას აუწყებდნენ. ეს სასიხარულო ცნობა იმ დაპირებასაც შეიცავდა, რომ უცხოტომელები სულით ცხებული „ღვთის ისრაელის“ ნაწილი გახდებოდნენ და ქრისტესთან ერთად დედამიწაზე წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდნენ (საქ. 15:14; გალ. 6:15, 16; გამოცხ. 5:9, 10).
21. რისი მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა პავლემ?
21 ახ. წ. 1-ლ საუკუნეში კიდევ ერთი სამაგალითო „გუშაგი“ მოციქული პავლე იყო. ის თავის პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებოდა. ეზეკიელის მსგავსად, მასაც ესმოდა, რომ თუ დავალებას პირნათლად არ შეასრულებდა, სხვების სისხლი მოეკითხებოდა (საქ. 20:26, 27). წინამორბედთა მსგავსად, მოციქული არა მხოლოდ აფრთხილებდა ხალხს, არამედ სასიხარულო ცნობასაც გადასცემდა (საქ. 15:35; რომ. 1:1—4). წმინდა სულით აღძრულმა პავლემ წინასწარმეტყველი ესაიას სიტყვებით, „რა მშვენიერია მთებზე მიმავალი მახარობლის ხილვა“, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად სასიხარულო იყო ცნობა, რომელსაც ქრისტეს მიმდევრები ღვთის სამეფოს შესახებ აუწყებდნენ (ეს. 52:7, 8; რომ. 10:13—15).
22. რა მოხდა მოციქულების სიკვდილის შემდეგ?
22 მოციქულების სიკვდილის შემდეგ ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამ ღრმად გაიდგა ფესვი ქრისტიანულ კრებაში (საქ. 20:29, 30; 2 თეს. 2:3—8). დროთა განმავლობაში „სარეველამ ხორბალს გადაუარა“ — განდგომილმა ქრისტიანებმა რიცხობრივად გადააჭარბეს ქრისტეს ერთგულ მიმდევრებს, ცრუ მოძღვრებებმა კი სამეფოს შესახებ ცნობა გააბუნდოვნეს (მათ. 13:36—43). თუმცა, როცა დადგა ხორბლის სარეველასგან გამოცალკევების დრო, იეჰოვამ დანიშნა „გუშაგები“ ხალხის გასაფრთხილებლად და სასიხარულო ცნობის საუწყებლად, რაც მისი სიყვარულისა და სამართლიანობის დასტური იყო. ახლა ვინ გასწევდა ასეთ „გუშაგობას“?
იეჰოვა კვლავ ნიშნავს „გუშაგებს“ ბოროტთა გასაფრთხილებლად
23. რა შედიოდა რასელისა და მისი თანამოაზრეების მოვალეობაში?
23 1914 წლამდე ჩარლზ რასელი თავის თანამოაზრეებთან ერთად იმ „მაცნის“ როლს ასრულებდა, რომელიც მესიანური სამეფოს დამყარებამდე ცხებულ მეფეს გზას გაუმზადებდა (მალ. 3:1). * ეს ჯგუფი გუშაგის მოვალეობასაც ასრულებდა; ისინი ჟურნალით, „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“, აფრთხილებდნენ ხალხს ღვთის განაჩენის შესახებ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოზე.
24. ა) როგორ შეითავსა „ერთგულმა მონამ“ გუშაგის მოვალეობა? ბ) რა ისწავლეთ ძველი დროის „გუშაგების“ მაგალითზე? (იხილეთ ჩარჩო «სამაგალითო „გუშაგები“»)
24 ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ იესომ ცხებული მამაკაცებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი „ერთგულ მონად“ დანიშნა (მათ. 24:45—47). მას შემდეგ მოყოლებული „ერთგული მონა“, რომელსაც ხელმძღვანელ საბჭოდაც ვიცნობთ, გუშაგის მოვალეობას ასრულებს. ის არა მხოლოდ აფრთხილებს ხალხს „ღვთის შურისძიების დღის“ შესახებ, არამედ „იეჰოვას წყალობის წელიწადსაც“ აუწყებს (ეს. 61:2; იხილეთ აგრეთვე 2 კორინთელების 6:1, 2).
25, 26. ა) რა შედის ქრისტეს თითოეული მიმდევრის მოვალეობაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
25 მართალია, „ერთგული მონა“ ფხიზლობს და პირნათლად ასრულებს გუშაგის მოვალეობას, მაგრამ იესომ თავის თითოეულ მიმდევარს მოუწოდა სიფხიზლისკენ (მარ. 13:33—37). თუკი სულიერ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ და მხარს ვუჭერთ იესოს მიერ დაყენებულ „გუშაგს“, ცხადვყოფთ, რომ ვემორჩილებით ამ მითითებას. სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობაც იმის დასტურია, რომ ვფხიზლობთ (2 ტიმ. 4:2). გვესმის, რომ მრავალი მალე დაკარგავს სიცოცხლეს, რადგან ისინი არ უსმენენ იესოს მიერ დაყენებულ „გუშაგს“ (ეზეკ. 3:19). ამიტომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ქადაგებისკენ აღგვძრავს, სხვების გადარჩენის სურვილია (1 ტიმ. 4:16). და მაინც, ქადაგების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ვფლობთ ნამდვილად სასიხარულო ცნობას — წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა! ახლა, „იეჰოვას წყალობის წელიწადის“ დროს, კარი ყველასთვის ღიაა, რომ შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად სცენ თაყვანი სამართლიან და მოსიყვარულე ღმერთ იეჰოვას! მალე ისინი, ვინც გადაურჩებიან ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს, გულმოწყალე მმართველის, იესო ქრისტეს, ქვეშევრდომობით გაიხარებენ. მაშ, მოდი მხარი დავუჭიროთ იესოს მიერ დანიშნულ „გუშაგს“ და გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა! (მათ. 24:14).
26 ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე იეჰოვამ სასწაულებრივად გააერთიანა თავისი ხალხი! მომდევნო თავში განვიხილავთ წინასწარმეტყველებას ორი ჯოხის შესახებ, რაც დაგვანახვებს, როგორ მოხდა ეს.
^ აბზ. 15 წიგნ „იერემიაში“ სიტყვა „უბედურება“ 80-ზე მეტჯერ გვხვდება.
^ აბზ. 23 ამ წინასწარმეტყველებისა და მისი შესრულების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს!“, მე-2 თავი, „სამეფოს დაარსება ზეცაში“.