არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 4

რატომ უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?

რატომ უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?

„პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17)

1, 2. ა) რის გაკეთება გვიჭირს ზოგჯერ? ბ) რომელ საკითხებს განვიხილავთ?

დაკვირვებიხარ, როგორ რეაგირებს ბავშვი, როცა მშობელი იმის გაკეთებას სთხოვს, რის გაკეთებაც მას არ უნდა? ის ყოყმანობს; მან იცის, რომ უნდა დაუჯეროს მშობელს, მაგრამ არ სურს დაემორჩილოს. დროდადრო ყველანი ვიმყოფებით მსგავს მდგომარეობაში.

2 უფლებამოსილთა მიმართ მორჩილების გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ არის. გიჭირს ზოგჯერ, დაემორჩილო მათ, ვისაც გარკვეული ძალაუფლება აქვს? იცოდე, რომ მსგავს მდგომარეობაში მხოლოდ შენ არა ხარ. დღეს, როგორც არასდროს, ადამიანები უპატივცემულობას ავლენენ უფლებამოსილთა მიმართ. მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს, პატივი ვცეთ მათ (იგავები 24:21). თუ გვინდა ღვთის სიყვარულში დავრჩეთ, ასეც უნდა მოვიქცეთ. თუმცა იბადება კითხვები: რატომ გვიჭირს, დავემორჩილოთ უფლებამოსილთ? რატომ ითხოვს იეჰოვა ამას და რა დაგვეხმარება მორჩილების გამოვლენაში? დაბოლოს, როგორ გამოვავლინოთ პატივისცემა და მორჩილება უფლებამოსილთა მიმართ?

რატომ გვიჭირს მორჩილება

3, 4. რა იყო ცოდვისა და არასრულყოფილების პირველმიზეზი და რატომ გვიჭირს, დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?

3 განვიხილოთ ორი მიზეზი, თუ რატომ გვიჭირს, დავემორჩილოთ უფლებამოსილთ. პირველი, ჩვენ არასრულყოფილები ვართ და მეორე, ის ადამიანებიც არასრულყოფილები არიან, ვისაც ჩვენზე გარკვეული ძალაუფლება აქვს. ცოდვისა და არასრულყოფილების პირველმიზეზი ის იყო, რომ დიდი ხნის წინათ ედემის ბაღში ადამმა და ევამ იეჰოვას ძალაუფლების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ასე რომ, პირველი ცოდვა დაუმორჩილებლობა იყო. ადამიანები დაბადებიდანვე დაუმორჩილებლობისკენ არიან მიდრეკილნი (დაბადება 2:15—17; 3:1—7; ფსალმუნი 51:5; რომაელები 5:12).

4 იმის გამო, რომ ცოდვისკენ ვართ მიდრეკილნი, ჩვენში ადვილად იჩენს თავს სიამაყე და ქედმაღლობა. ამის საპირისპიროდ, თავმდაბლობა იშვიათი თვისებაა და მის განსავითარებლად და შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა გვჭირდება. ღვთის მსახურებაში ერთგულად გატარებული მრავალი წლის შემდეგაც შეიძლება ქრისტიანი ჯიუტი და ამაყი გახდეს. გავიხსენოთ კორახის შემთხვევა. ის არაერთი გასაჭირის დროს მხარში ედგა იეჰოვას ხალხს. მაგრამ მან ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოისურვა და უტიფრად აუმხედრა ხალხი მოსეს, იმ დროში მცხოვრებ უთვინიერეს ადამიანს (რიცხვები 12:3; 16:1—3). გავიხსენოთ მეფე უზიაც, რომელსაც სიამაყემ უბიძგა, იეჰოვას ტაძარში შესულიყო და შეესრულებინა მღვდლებისთვის დაკისრებული წმინდა ვალდებულება (2 მატიანე 26:16—21). ურჩობა ამ ადამიანებს ძვირად დაუჯდათ. თუმცა ის, რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გამაფრთხილებელია. ჩვენ უნდა ჩავკლათ სიამაყე, რომელიც უფლებამოსილთა მიმართ მორჩილებაში გვიშლის ხელს.

5. როგორ იყენებენ ძალაუფლებას არასრულყოფილი ადამიანები?

5 მეორე მხრივ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალაუფლების მქონე არასრულყოფილი ადამიანების საქციელი ხალხს მათდამი პატივისცემას უკარგავს. ბევრი მათგანი სასტიკი, მოძალადე და ტირანია. კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 8:9). მაგალითად, როცა იეჰოვამ საული მეფედ აირჩია, ის კარგი და თავმდაბალი ადამიანი იყო, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამაყი და შურიანი გახდა და დევნა დაუწყო ღვთის ერთგულ მსახურს, დავითს (1 სამუელი 9:20, 21; 10:20—22; 18:7—11). მოგვიანებით დავითი ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესო მეფე გახდა. მაგრამ დავითმაც ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება, როცა ხეთელ ურიას ცოლი წაართვა, უდანაშაულო ურია კი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, რომ მოეკლათ (2 სამუელი 11:1—17). ფაქტია, არასრულყოფილების გამო ადამიანებს უჭირთ ძალაუფლების სამართლიანად გამოყენება; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი პატივს არ სცემენ იეჰოვას, კიდევ უფრო უარესად იქცევიან. ერთმა ბრიტანელმა სახელმწიფო მოღვაწემ აღწერა, როგორ წამოიწყო ზოგმა კათოლიკე პაპმა ფართომასშტაბიანი რელიგიური დევნა, და შემდეგ დაასკვნა: „ძალაუფლება ხრწნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად ხრწნის“. მაშ, რატომღა უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?

რატომ უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?

6, 7. ა) რისკენ აღგვძრავს იეჰოვასადმი სიყვარული, და რატომ? ბ) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მორჩილებაზე და როგორ გამოვავლინოთ ის?

6 უფლებამოსილთა მიმართ პატივისცემისა და მორჩილების გამოვლენის უმთავრესი მიზეზი სიყვარულია, რომელსაც იეჰოვას, მოყვასისა და საკუთარი თავის მიმართ ვავლენთ. ყველაზე მეტად იეჰოვა გვიყვარს, ამიტომ გვინდა, მას გული გავუხაროთ (წაიკითხეთ იგავების 27:11 და მარკოზის 12:29, 30). ჩვენ ვიცით, რომ ედემში გამოვლენილი დაუმორჩილებლობის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა იეჰოვას უზენაესობა ანუ ის, ჰქონდა თუ არა მას სამყაროს მართვის უფლება; ასევე ვიცით, რომ ადამიანთა უმრავლესობამ სატანის მხარე დაიკავა და იეჰოვას მმართველობა უარყო. ძალიან გვიხარია, რომ მათგან განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვუერთდებით გამოცხადების 4:11-ში ჩაწერილ გულში ჩამწვდომ სიტყვებს და ვაღიარებთ, რომ იეჰოვაა სამყაროს უფლებამოსილი მმართველი! ჩვენ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას და საშუალებას ვაძლევთ ჩვენს ზეციერ მამას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიხელმძღვანელოს.

7 ამისთვის საჭიროა მორჩილება. იეჰოვასადმი სიყვარული აღგვძრავს, ხალისით დავემორჩილოთ მას. მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა გვიჭირს მორჩილების გამოვლენა. ამ დროს ზემოთ მოხსენიებული ბავშვის მსგავსად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მორჩილება. ჩვენ გვახსოვს, რომ იესო მაშინაც ემორჩილებოდა მამას, როცა ეს ძალიან რთული იყო. მან უთხრა მამას: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:42).

8. ა) როგორ შეგვიძლია დღეს იეჰოვასადმი მორჩილების გამოვლენა და საიდან ჩანს იეჰოვას თვალსაზრისი ამ საკითხზე? ბ) რა დაგვეხმარება, მოვუსმინოთ რჩევას და მივიღოთ დარიგება? (იხილეთ ჩარჩო „ მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება“.)

8 იეჰოვა დღეს თითოეულ ჩვენგანს პირადად არ გველაპარაკება; ის ამას თავისი სიტყვისა და მიწიერი მსახურების მეშვეობით აკეთებს. ჩვენ ვემორჩილებით იეჰოვას, თუ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც მან დაგვინიშნა ხელმძღვანელებად და რომელთაც დღემდე აძლევს ამის უფლებას. თუ არ დავემორჩილებით მათ, მაგალითად, არ მივიღებთ მათგან ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევასა და შეგონებას, ვაწყენინებთ ღმერთს. ეს კარგად გამოჩნდა ისრაელების შემთხვევიდან. როცა მათ დრტვინვა დაიწყეს და მოსეს აუმხედრდნენ, იეჰოვასთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი თავად მას დაუპირისპირდნენ (რიცხვები 14:26, 27).

9. რატომ აღგვძრავს მოყვასის სიყვარული, პატივი ვცეთ და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ? მოიყვანე მაგალითი.

9 ჩვენ აგრეთვე მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, პატივი ვცეთ და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? წარმოიდგინე, რომ ჯარისკაცი ხარ. გამარჯვება და ჯარის გადარჩენა უმეტესწილად დამოკიდებულია ჯარის მეთაურთან თანამშრომლობაზე, მის მიმართ მორჩილებისა და პატივისცემის გამოვლენაზე. თუ არ დაემორჩილები ამ წესრიგს, შეიძლება სხვა მებრძოლების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. სამწუხაროდ, ადამიანთა მიერ ფორმირებულ ჯარებს დღეს ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოაქვთ. თუმცა იეჰოვას ჰყავს ლაშქარი, რომელიც ადამიანთა კეთილდღეობას ემსახურება. ბიბლიაში ღმერთი ორასზე მეტჯერ არის მოხსენიებული, როგორც „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ (1 სამუელი 1:3). ის არის ძლიერი სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ლაშქრის მეთაური. ზოგჯერ იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებს ლაშქარს ადარებს (ფსალმუნი 68:11; ეზეკიელი 37:1—10). თუ არ დავემორჩილებით იეჰოვას მიერ დაყენებულ ხელმძღვანელებს, ჩვენ შეიძლება საფრთხეში ჩავაგდოთ ისინი, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვიან სულიერ ბრძოლაში. თუ ქრისტიანი არ ემორჩილება კრებაში დანიშნულ უხუცესებს, ეს შეიძლება კრების სხვა წევრებზეც უარყოფითად აისახოს (1 კორინთელები 12:14, 25, 26). მთელ ოჯახზე უარყოფითად აისახება, როცა ბავშვი ეურჩება მშობლებს. ასე რომ, პატივისცემითა და თანამშრომლობით ჩვენ მოყვასისადმი სიყვარულს ვავლენთ.

10, 11. რა აღგვძრავს, დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?

10 უფლებამოსილთა მიმართ მორჩილება ჩვენს კეთილდღეობასაც ემსახურება. როცა იეჰოვა გვთხოვს, დავემორჩილოთ უფლებამოსილთ, ის ხშირად იმ კურთხევებსაც მოიხსენიებს, რომელთაც მორჩილების შედეგად მივიღებთ. მაგალითად, ის მოუწოდებს ბავშვებს, დაემორჩილონ თავიანთ მშობლებს, რათა დღეგრძელნი და ბედნიერნი იყვნენ (კანონი 5:16; ეფესოელები 6:2, 3). ის მოგვიწოდებს, დავემორჩილოთ კრების უხუცესებს, რათა ჩვენს სულიერობას საფრთხე არ დაემუქროს (ებრაელები 13:7, 17). ამასთანავე, ღმერთი მოითხოვს ჩვენგან, დავემორჩილოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაცულნი ვიყოთ (რომაელები 13:4).

11 ალბათ, ეთანხმები იმას, რომ როდესაც ვიცით, რატომ ითხოვს იეჰოვა ჩვენგან მორჩილებას, გვიადვილდება უფლებამოსილთა პატივისცემა. განვიხილოთ, როგორ გამოვავლინოთ მორჩილება ცხოვრების სამ ძირითად სფეროში.

მორჩილება ოჯახში

12. რა როლი დააკისრა იეჰოვამ ქმარს და როგორ უნდა შეასრულოს ის მან?

12 ოჯახი იეჰოვამ დააფუძნა. ის წესრიგის მოყვარული ღმერთია, ამიტომ მან ოჯახის თითოეულ წევრს თავისი ადგილი მიუჩინა (1 კორინთელები 14:33). ღმერთმა ოჯახის თავად ქმარი დააყენა. ქმარი პატივისცემასა და მორჩილებას ავლენს თავისი თავის, იესო ქრისტეს მიმართ, თუ ისევე მეთაურობს ოჯახს, როგორც იესო კრებას (ეფესოელები 5:23). ასე რომ, ქმარმა უარი არ უნდა თქვას თავის პასუხისმგებლობაზე; მან ღირსეულად უნდა შეასრულოს თავისი როლი; ქმარი ტირანი ან უხეში კი არა, მოსიყვარულე, გონიერი და კეთილი უნდა იყოს. მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი ძალაუფლება ვერასოდეს გაუტოლდება იეჰოვას ძალაუფლებას.

ქრისტიანი მამა ქრისტეს მსგავსად მეთაურობს თავის ოჯახს

13. როგორ შეუძლია ცოლს იეჰოვას მოსაწონად შეასრულოს თავისი როლი ოჯახში?

13 ცოლი უნდა იყოს ქმრის დამხმარე ანუ შემავსებელი. ისიც გარკვეულ უფლებამოსილებას ფლობს ოჯახში, რადგან ბიბლიაში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავები 1:8). თუმცა მას ქმარზე ნაკლები უფლებამოსილება აქვს. ქრისტიანი ცოლი პატივისცემას ავლენს ქმრისადმი, როცა ეხმარება მას, ოჯახის მეთაურის პასუხისმგებლობა შეასრულოს. ცოლი არ ამცირებს ქმარს და არ ცდილობს, თავის ჭკუაზე ატაროს ან ხელყოს მისი ძალაუფლება. პირიქით, ის მხარს უჭერს ქმარს და თანამშრომლობს მასთან. როცა ქმრის გადაწყვეტილება არ მოსწონს, ის ტაქტიანად გამოთქვამს თავის აზრს, თუმცა ემორჩილება მას. ქმარი თუ ქრისტიანი არ არის, ცოლი შეიძლება არაერთხელ აღმოჩნდეს რთულ მდგომარეობაში, მაგრამ მისმა მორჩილებამ შესაძლებელია, ქმარი აღძრას, დაუახლოვდეს იეჰოვას (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1).

14. როგორ შეუძლიათ შვილებს გული გაუხარონ მშობლებს და იეჰოვას?

14 შვილები გულს უხარებენ იეჰოვას, როცა მშობლებს ემორჩილებიან. ამგვარად ისინი თავიანთ მშობლებსაც ახარებენ და პატივს მიაგებენ მათ (იგავები 10:1). იმ ოჯახებშიც, სადაც მარტოხელა მშობლები არიან, შვილები უნდა ავლენდნენ მორჩილებას; მათ უნდა ესმოდეთ, რომ მშობელს განსაკუთრებით სჭირდება მათი მხარდაჭერა და დახმარება. ოჯახებში, სადაც თითოეული წევრი ღვთისგან დაკისრებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს, მშვიდობა და სიხარული სუფევს. ეს განადიდებს ოჯახის დამფუძნებელს, იეჰოვა ღმერთს (ეფესოელები 3:14, 15).

მორჩილება კრებაში

15. ა) როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი მორჩილების გამოვლენა კრებაში? ბ) რომელი პრინციპები დაგვეხმარება, რომ გავუგონოთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია? (იხილეთ ჩარჩო „ გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია“.)

15 იეჰოვამ თავისი ძე ქრისტიანული კრების ხელმძღვანელად დანიშნა (კოლოსელები 1:13). იესომ „ერთგულ და გონიერ მონას“ დაავალა, რომ ღვთის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე ეზრუნა (მათე 24:45—47). „ერთგულ და გონიერ მონას“ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო წარმოადგენს. პირველი საუკუნის ქრისტიანული კრებების მსგავსად, უხუცესები დღესაც უშუალოდ ხელმძღვანელი საბჭოსგან ან მისი წარმომადგენლებისგან, მაგალითად მიმომსვლელი ზედამხედველებისგან, იღებენ მითითებებსა და რჩევებს. თუ ქრისტიანი უხუცესებისადმი პატივისცემასა და მორჩილებას ვავლენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვასადმი ვავლენთ მორჩილებას (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:12 და ებრაელების 13:17).

16. რა გაგებით ინიშნებიან უხუცესები წმინდა სულით?

16 უხუცესები და მომსახურეები სრულყოფილები არ არიან. როგორც ყველა, ისინიც უშვებენ შეცდომებს. მიუხედავად ამისა, უხუცესები არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“, რადგან კრების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავენ (ეფესოელები 4:8). ისინი წმინდა სულით ინიშნებიან (საქმეები 20:28). რა გაგებით? დანიშვნამდე ისინი უნდა შეესაბამებოდნენ მოთხოვნებს, რომლებიც ბიბლიაში ღვთის წმინდა სულით ჩაიწერა (1 ტიმოთე 3:1—7, 12; ტიტე 1:5—9). ამასთანავე, უხუცესები, რომლებიც განიხილავენ, შეესაბამება თუ არა რომელიმე ძმა ამ მოთხოვნებს, მთელი გულით სთხოვენ იეჰოვას, რომ მათ თავისი წმინდა სულით უხელმძღვანელოს.

17. რატომ უნდა დაიფაროს თავზე ქრისტიანმა დამ კრებაში ზოგიერთი დავალების შესრულების დროს?

17 ზოგჯერ შეიძლება უხუცესები ან მომსახურეები არ იყვნენ ადგილზე, რომ თავიანთი დავალება შეასრულონ, მაგალითად ჩაატარონ მსახურების შეხვედრა. ამ დროს სხვა მონათლულ ძმებს შეუძლიათ ჩაენაცვლონ მათ. თუ ძმებიდან არავინ არის, მაშინ ამ დავალების შესრულება მოწიფულ ქრისტიან დას შეუძლია. მაგრამ, თუ ქალი ასრულებს მონათლული ძმისთვის განკუთვნილ დავალებას, მან თავზე უნდა დაიფაროს (1 კორინთელები 11:3—10). * ეს მოთხოვნა არ ამცირებს ქალებს. პირიქით, შესაძლებლობას აძლევს მათ, დაემორჩილონ იეჰოვას მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს ოჯახსა თუ კრებაში.

ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ პატივისცემის გამოვლენა

18, 19. ა) ახსენი, როგორ შეგვიძლია რომაელების 13:1—7-ში ჩაწერილი პრინციპების გამოყენება. ბ) როგორ ვავლენთ პატივისცემას ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ?

18 ჭეშმარიტი ქრისტიანები კეთილსინდისიერად ასრულებენ რომაელების 13:1—7-ში ჩაწერილ პრინციპებს (წაიკითხეთ). ამ მონაკვეთის წაკითხვისას დაინახავ, რომ „უმაღლეს ხელისუფლებაში“ ქვეყნის მთავრობა იგულისხმება. ვიდრე იეჰოვა მთავრობებს არსებობის ნებას აძლევს, ისინი მნიშვნელოვან საქმეებს ასრულებენ, გარკვეულწილად ხელს უწყობენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფენ. ჩვენ პატივისცემას ვავლენთ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, თუ ვემორჩილებით კანონებს, კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს, ვავსებთ ანკეტებსა და სხვა დოკუმენტებს, რომელთაც მთავრობა მოითხოვს, და ვემორჩილებით ნებისმიერ კანონს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც უშუალოდ ჩვენთან, ისე ჩვენს ოჯახთან, სამუშაოსა და საკუთრებასთან. მაგრამ ჩვენ არ ვემორჩილებით მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ ის ღვთის დაუმორჩილებლობისკენ გვიბიძგებს; ამ დროს მოციქულების მსგავსად ვამბობთ: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:28, 29; იხილეთ ჩარჩო „ ვის უნდა დავემორჩილო?“).

19 ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ პატივისცემას ჩვენი საქციელითაც ვავლენთ. ზოგჯერ შეიძლება პირისპირ შევხვდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ძველად მოციქული პავლეც შეხვდა მეფე ჰეროდე აგრიპას და გამგებელ ფესტუსს. ისინი სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ პავლე მათ პატივისცემით მიმართავდა (საქმეები 26:2, 25). პავლეს მსგავსად, ჩვენც პატივისცემით მივმართავთ როგორც მაღალი თანამდებობის პირს, ისე პოლიციელს. სკოლაში ახალგაზრდა ქრისტიანები ცდილობენ, პატივისცემა გამოავლინონ მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის მიმართ. ამასთანავე, პატივისცემას მხოლოდ ჩვენი რწმენისადმი კარგად განწყობილი ადამიანების მიმართ კი არ ვავლენთ, არამედ მათ მიმართაც, ვისაც იეჰოვას მოწმეებისადმი მტრული დამოკიდებულება აქვს. კარგია, თუ ისინი, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას, დაინახავენ, რომ პატივს ვცემთ მათ (წაიკითხეთ რომაელების 12:17, 18; 1 პეტრე 3:15).

20, 21. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ პატივისცემასა და მორჩილებას გამოვავლენთ?

20 მოდი, ყოველთვის ხალისით გამოვავლინოთ სხვების მიმართ პატივისცემა! მოციქულმა პეტრემ დაწერა: „პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17). დღეს, სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად ავლენენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, ამიტომ ისინი გულგრილნი არ რჩებიან, როცა გრძნობენ, რომ პატივისცემით ვეპყრობით. ამგვარად ჩვენ ვემორჩილებით იესოს მითითებას: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:16).

21 ამ სულიერი სიბნელით მოცულ ქვეყნიერებაში კეთილი გულის ადამიანებს იზიდავს სულიერი სინათლე. ამიტომ თუ ოჯახში, კრებაში თუ სხვაგან პატივისცემასა და მორჩილებას ვავლენთ, შეიძლება სხვები აღიძრან, ჩვენთან ერთად იარონ სინათლეში. თუმცა, ასე რომც არ მოხდეს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამგვარად იეჰოვა ღმერთის ნებას შევასრულებთ და მის სიყვარულში დავრჩებით. განა ამას რამე შეედრება?!

^ აბზ. 17 დანართში „როდის უნდა დაიფაროს დამ თავზე, და რატომ?“ განხილულია, თუ როგორ შეიძლება ამ პრინციპის გამოყენება.