ᲗᲐᲕᲘ 27
„საგულდაგულოდ უქადაგებდა“
პატიმარი პავლე რომშიც არ წყვეტს ქადაგებას.
1. რაში არ შეპარვიათ ეჭვი პავლესა და მის თანამსახურებს?
ᲐᲮ. Წ. დაახლოებით 59 წელია. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პატიმარი პავლე, თანაქრისტიანებთან, ლუკასა და არისტარქესთან, ერთად გემზეა, რომელსაც ქიმზე „ზევსის ვაჟების“ ნიშანი აქვს (საქ. 27:2). როგორც ჩანს, ეს საკმაოდ დიდი გემია, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულ მალტიდან იტალიაში მარცვლეული გადააქვს. მეზღვაურებისგან განსხვავებით ეს მქადაგებლები ბერძნული ღვთაების ზევსის ვაჟების, ტყუპი ძმების, კასტორისა და პოლუქსის, იმედად არ არიან (საქ. 28:11). ისინი იეჰოვას ემსახურებიან — მას, ვინც პავლეს გაუცხადა, რომ ჭეშმარიტებას რომში იქადაგებდა და კეისრის წინაშე წარდგებოდა (საქ. 23:11; 27:24).
2, 3. რა მიმართულებით გაცურა გემმა და ვის თანადგომას გრძნობდა მთელი გზა?
2 გემი სამ დღეს დარჩა სირაკუსეში, სიცილიის მშვენიერ ქალაქში, რომელიც თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ათენსა და არც რომს. იქიდან იტალიის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიუმში გაცურეს. სამხრეთის ქარის წყალობით გემმა წარმოუდგენლად სწრაფად გაიარა 320 კილომეტრი და მეორე დღეს იტალიის საპორტო ქალაქ პუტეოლში (დღევანდელ ნეაპოლთან ახლოს) ჩავიდა (საქ. 28:12, 13).
3 მალე ჩავიდოდა პავლე რომში, სადაც იმპერატორი ნერონის წინაშე წარდგებოდა. მთელი გზა „ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი“ იყო მასთან (2 კორ. 1:3). დავინახავთ, რომ პავლეს არც ამის შემდეგ დაჰკლებია ღვთის დახმარება და არც მისიონერული მსახურების ხალისი დაუკარგავს.
„პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა“ (საქმეები 28:14, 15)
4, 5. ა) როგორ უმასპინძლეს პუტეოლში პავლესა და მის თანამსახურებს და რატომ შეეძლოთ ასე თავისუფლად პავლეს გაშვება? ბ) როგორ შეიძლება დაფასდეს ქრისტიანის კარგი საქციელი, თუნდაც პატიმრობისას?
4 ლუკა წერს: „[პუტეოლში] ძმებს შევხვდით, რომლებიც შეგვეხვეწნენ, შვიდი დღე დავრჩენილიყავით მათთან“ (საქ. 28:14). ეს ნამდვილი ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის გამოვლენა იყო. პავლესა და მისი თანამსახურების მასპინძლობა თვითონ მასპინძლებს არანაკლებ გაამხნევებდა. რატომ გაუშვეს ასე თავისუფლად სტუმრად მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პავლე? შესაძლოა მას თავისი რომაელი ზედამხედველების ნდობა ჰქონდა მოპოვებული.
5 ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ქრისტიანული საქციელის გამო იეჰოვას მსახურებზე ჩვენს დროშიც დაუშვიათ გამონაკლისები. მაგალითად, რუმინეთში ერთმა კაცმა, რომელსაც ყაჩაღობისთვის 75 წელი ჰქონდა მისჯილი, პატიმრობისას ღვთის სიტყვის შესწავლა დაიწყო და რადიკალურად შეიცვალა. მისი შემყურე ციხის ზედამხედველები მას მეთვალყურის გარეშე უშვებდნენ ციხიდან საჭირო ათასი წვრილმანის საყიდლად. რაც მთავარია, ჩვენი კარგი საქციელი იეჰოვას განადიდებს (1 პეტ. 2:12).
6, 7. როგორ გამოავლინეს რომაელმა ძმებმა სიყვარული?
6 პუტეოლიდან პავლემ და მისმა თანამსახურებმა რომში მიმავალი აპიუსის გზით დაახლოებით 50 კილომეტრი, როგორც ჩანს, ფეხით გაიარეს ქალაქ კაპუამდე. გაქვავებული ლავის დიდი ფილებით მოკირწყლულ გზის გაყოლებაზე კაცის თვალწინ იტალიური დაბისთვის ჩვეული მშვენიერი პეიზაჟი იშლებოდა, ადგილ-ადგილ ხმელთაშუა ზღვაც მოჩანდა. გზა ჭაობიან ადგილას (Agro Pontino) გადიოდა, რომიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, სადაც აპიუსის მოედანი იყო. ლუკა წერს, რომ როგორც კი მათი „ამბავი გაიგეს“, რომაელი ძმები მოედანზე დახვდნენ, ზოგი კი რომიდან 50 კილომეტრში დასასვენებელ ადგილთან, „სამ ფუნდუკთან“ ელოდებოდა მათ. ეს სიყვარულის არაჩვეულებრივი გამოვლენა იყო (საქ. 28:15).
7 აპიუსის მოედანი გზით დაქანცული მგზავრების დასასვენებლად საუკეთესო ადგილი არ ყოფილა. რომაელი პოეტი და სატირიკოსი ჰორაციუსი წერდა, რომ მოედანი „სავსე იყო მეზღვაურებითა და სასტუმროების უჟმური მეპატრონეებით“, და „წყალი უსაზიზღრესი იყო“. ჰორაციუსი იქ სადილობაზეც კი უარს ამბობდა. არასასიამოვნო გარემოს მიუხედავად, რომიდან ჩასული ძმები დიდი სიხარულით ელოდნენ პავლესა და მის თანამსახურებს, რათა ერთად გაევლოთ გზის ბოლო მონაკვეთი.
8. რატომ შესწირა პავლემ მადლობა ღმერთს ძმების დანახვაზე?
8 ლუკა წერს, რომ ძმების „დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა“ (საქ. 28:15). საყვარელი ძმების დანახვამ გააძლიერა და გაამხნევა მოციქული; ზოგ მათგანს შესაძლოა პირადად იცნობდა. რატომ გადაუხადა პავლემ მადლობა ღმერთს? მან იცოდა, რომ ძმების გამოვლენილი უანგარო სიყვარული ღვთის სულის ნაყოფი იყო (გალ. 5:22). დღესაც წმინდა სული ქრისტიანებს აღძრავს, სხვების ინტერესები საკუთარ კეთილდღეობაზე წინ დააყენონ და მათთვის გამხნევების წყარო იყვნენ (1 თეს. 5:11, 14).
9. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ რომაელ ძმებს?
9 მაგალითად, წმინდა სული აღძრავს სტუმართმოყვარე და-ძმებს, გაუმასპინძლდნენ სარაიონო ზედამხედველებს, მისიონერებსა და სხვა სრული დროით მსახურებს, რომელთაგან ბევრმა დიდი მსხვერპლი გაიღო იეჰოვას მსახურებაში უფრო მეტის გასაკეთებლად. ჰკითხეთ საკუთარ თავს: შემიძლია უფრო მეტი გავაკეთო სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს, მაგალითად, ის და მისი მეუღლე შინ მივიპატიჟო? შემიძლია დავგეგმო მათთან ერთად მსახურება? ამგვარ მოქმედებას კურთხევის გარეშე არ დატოვებს ღმერთი. წარმოიდგინეთ, რა დიდ სიხარულს განიცდიდნენ რომაელი ძმები, როცა პავლესა და მის თანამსახურთა მონათხრობ გამამხნევებელ შემთხვევებს ისმენდნენ (საქ. 15:3, 4).
„ყველგან ამ სექტის წინააღმდეგ ლაპარაკობენ“ (საქმეები 28:16—22)
10. რა პირობებში ცხოვრობდა პავლე რომში და რა გააკეთა იქ ჩასვლიდან მალევე?
10 ბოლოს, როცა რომში ჩავიდნენ, „პავლეს ნება დართეს, ცალკე ეცხოვრა ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ“ (საქ. 28:16). ასეთ შინაპატიმრობაში მყოფი რომ არ გაქცეულიყო, მეთვალყურეს მიაბამდნენ ხოლმე ჯაჭვით. მაგრამ არც ჯაჭვს შეუშლია პავლესთვის ხელი ქადაგებაში. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მოციქულს სამ დღეზე მეტი არ დაუსვენია; მერე რომში მცხოვრები გავლენიანი იუდეველები მიიწვია, რათა მათთვის თავი წარედგინა და ექადაგა.
11, 12. როგორ ცდილობდა პავლე, იუდეველებისთვის დამოკიდებულება შეეცვლევინებინა?
11 პავლემ უთხრა მათ: „ძმებო, მე ჩვენი ხალხისა და ჩვენი მამა-პაპის ჩვეულებების საწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია, თუმცა დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელებს გადამცეს. დაკითხვის შემდეგ ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, რადგან ჩემი სიკვდილით დასჯის მიზეზი არ ჰქონდათ. მაგრამ, რაკი იუდეველებმა თავისი არ დაიშალეს, იძულებული გავხდი, კეისართან გამესაჩივრებინა, თუმცა არა იმიტომ, რომ ჩემი ხალხი რამეში დამედანაშაულებინა“ (საქ. 28:17—19).
12 იმით, რომ იუდეველ მსმენელებს ძმები უწოდა, პავლე შეეცადა, ისინი მოსასმენად განეწყო და მათი დამოკიდებულება შეეცვალა, ვისაც ქრისტიანები ათვალწუნებული ჰყავდა (1 კორ. 9:20). მან აგრეთვე გასაგებად უთხრა, რომ იქ იუდეველების დასადანაშაულებლად კი არ იყო ჩასული, არამედ კეისართან გასასაჩივრებლად. მაგრამ იქაურმა იუდეველებმა პავლეს საჩივარზე არაფერი იცოდნენ (საქ. 28:21). რატომ არაფერი ჰქონდათ გაგონილი იუდეაში მცხოვრები იუდეველებისგან? ერთ წიგნში ნათქვამია: „როგორც ჩანს, ზამთრის პაუზის შემდეგ პავლეს გემი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც იტალიაში ჩავიდა. მანამდე ვერც იერუსალიმში მცხოვრები გავლენიანი იუდეველების წარმომადგენლები ჩავიდოდნენ იქ და ვერც [პავლეზე დაწერილ] წერილს ჩაიტანდა ვინმე“.
13, 14. როგორ დაიწყო პავლემ სამეფოს შესახებ ქადაგება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
13 პავლემ სამეფოს შესახებ ქადაგება ისეთი სიტყვებით დაიწყო, რომ შეუძლებელი იყო, იუდეველი სტუმრებისთვის ცნობისმოყვარეობა არ აღეძრა: „გთხოვეთ, რომ შემხვედროდით და მელაპარაკა, რადგან ამ ჯაჭვით იმ იმედის გამო ვარ შეკრული, რომელიც ისრაელსაც აქვს“ (საქ. 28:20). ცხადია, ეს იმედი არაფერი იყო მესიისა და მისი სამეფოს გარეშე, რომლებზეც ქრისტიანული კრება ქადაგებდა. იუდეველმა უხუცესებმა მიუგეს: „ჩვენი აზრით, კარგი იქნება, შენგან გავიგოთ შენი შეხედულებები, რადგან ვიცით, რომ ყველგან ამ სექტის წინააღმდეგ ლაპარაკობენ“ (საქ. 28:22).
14 სასიხარულო ცნობის ქადაგების დაწყებისას ჩვენც შეგვიძლია საინტერესო რამ ვუთხრათ მსმენელს ან ინტერესის აღმძვრელი კითხვები დავუსვათ. შეგიძლიათ შესანიშნავი რჩევები ნახოთ პუბლიკაციებში „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“ და „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“. ყოველთვის იყენებთ ამ სახელმძღვანელოებს?
პავლე „საგულდაგულოდ უქადაგებდა“ ხალხს, რაც მაგალითია ჩვენთვის (საქმეები 28:23—29)
15. რა ოთხი რამ გამოიკვეთა პავლეს ქადაგებაში?
15 დათქმულ დღეს უამრავი ადგილობრივი იუდეველი მივიდა პავლესთან სახლში. „ის დილიდან საღამომდე უხსნიდა მათ ყველაფერს, საგულდაგულოდ უქადაგებდა ღვთის სამეფოზე და დამაჯერებლად ელაპარაკებოდა იესოზე მოსეს კანონიდან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან“ (საქ. 28:23). პავლეს ამ ქადაგებაში ოთხი რამ გამოიკვეთა. პირველი, ის სამეფოზე ამახვილებდა ყურადღებას; მეორე, „დამაჯერებლად ელაპარაკებოდა“ ისე, რომ მსმენელისთვის ადვილი დასაჯერებელი ყოფილიყო მისი სიტყვა; მესამე, წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა; და მეოთხე, „ის დილიდან საღამომდე“ ქადაგებდა, რითაც თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენდა. ის მართლაც მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის! რა მოჰყვა შედეგად საგულდაგულოდ ქადაგებას? „ზოგმა ირწმუნა, . . ზოგმა — არა“. იუდეველებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და, როგორც ლუკა ამბობს, „წასვლა დააპირეს“ (საქ. 28:24, 25ა).
16—18. ა) რატომ არ გაჰკვირვებია პავლეს, რომ იუდეველებმა არ მოუსმინეს? ბ) რა რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ხალხს არ უნდა ჩვენი მოსმენა?
16 პავლესთვის უცხო არ ყოფილა მათი რეაქცია, ამიტომაც არაფერი გაჰკვირვებია; თანაც ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო (საქ. 13:42—47; 18:5, 6; 19:8, 9). პავლემ სტუმრებს, რომლებმაც მოსმენა არ ისურვეს და წასვლა დააპირეს, უთხრა: «წმინდა სულმა სწორად უთხრა თქვენს მამა-პაპას ესაია წინასწარმეტყველის პირით: „წადი ამ ხალხთან და უთხარი: მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; შეხედავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. უგრძნობი გაუხდა ამ ხალხს გული“» (საქ. 28:25—27). სიტყვა, რომელიც „უგრძნობად“ ითარგმნა, დედნისეულ ენაზე გაქონილ, გასქელებულ გულს ნიშნავს, რის გამოც სამეფოს ცნობა ვერ შეაღწევდა მასში. ამაზე უარესი რა შეიძლება ყოფილიყო?!
17 პავლემ ბოლოს თქვა, რომ თავისი იუდეველი მსმენელებისგან განსხვავებით უცხოტომელები „ნამდვილად მოისმენდნენ“ (საქ. 28:28; ფსალმ. 67:2; ეს. 11:10). მოციქულს, მართლაც, დამაჯერებლად შეეძლო ამის თქმა, რადგან თვითონ იყო იმის მოწმე, თუ ბევრმა უცხოტომელმა როგორ მიიღო სამეფოს ცნობა (საქ. 13:48; 14:27).
18 პავლეს მსგავსად, არც ჩვენ უნდა გაგვიტყდეს გული, როცა ხალხი უარს ამბობს სასიხარულო ცნობის მოსმენაზე. ხომ ვიცით, რომ მხოლოდ ცოტანი პოვებენ სიცოცხლის გზას (მათ. 7:13, 14). იმით უნდა გავიხაროთ, რომ სიმართლისმოყვარეები ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გვიერთდებიან, და გულისკარი უნდა გავუღოთ მათ (ლუკ. 15:7).
საქმეები 28:30, 31)
„უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე“ (19. შინაპატიმრობისას როგორ იყენებდა პავლე თავის შესაძლებლობას?
19 ლუკა თხრობას დადებით სულში ამთავრებს: „პავლე ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და ყველას გულთბილად იღებდა; უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე“ (საქ. 28:30, 31). პავლე სტუმართმოყვარეობის, რწმენისა და გულმოდგინების არაჩვეულებრივი მაგალითია!
20, 21. ვისთვის აღმოჩნდა კურთხევა პავლეს რომში მსახურება?
20 ერთ-ერთი, ვინც პავლემ გულთბილად მიიღო, კოლოსედან გაქცეული მონა ონისიმე იყო. პავლეს ქადაგების წყალობით ონისიმე ქრისტიანი გახდა, მოგვიანებით კი მოციქულმა ის „ერთგულ და საყვარელ ძმად“ და თავის შვილად მოიხსენია (კოლ. 4:9; ფლმ. 10—12). პავლესთვის გამამხნევებელი იქნებოდა ონისიმესთან ურთიერთობა. a
21 პავლეს მაგალითი სხვებისთვისაც გამამხნევებელი აღმოჩნდა. ფილიპელებს მან მისწერა: „ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა; ქრისტეს გამო ჩემი დაპატიმრების შესახებ მთელმა პრეტორიულმა გვარდიამ გაიგო, და არა მარტო მათ. ძმების უმრავლესობას ჩემმა ბორკილებმა გაბედულება შემატა და უშიშრად და უფრო მეტი შემართებით აუწყებენ ღვთის სიტყვას“ (ფილ. 1:12—14).
22. რა გააკეთა პავლემ პატიმრობისას?
22 პავლემ პატიმრობისას არაერთი წერილი დაწერა, რომლებიც დღეს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ ნაწილია. b მართალია, მოციქულმა ეს წერილები პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა, მაგრამ მასში მოცემული რჩევები დღესაც ისევე პრაქტიკული და გამოსადეგია, როგორც მაშინ (2 ტიმ. 3:16, 17).
23, 24. პავლეს მსგავსად, რას არ კარგავენ დღევანდელი ქრისტიანები და რის კეთებას განაგრძობენ?
23 „საქმეების“ წიგნში არაფერი წერია პავლეს გათავისუფლების შესახებ, თუმცა ის ვიცით, რომ გათავისუფლებამდე მან დაახლოებით ოთხი წელი გაატარა პატიმრობაში — ორი კესარეაში და ორი რომში (საქ. 23:35; 24:27). c მიუხედავად ამისა, პავლეს სიხარული არ დაუკარგავს და შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდა ღვთის მსახურებისთვის. დღესაც ბევრი იეჰოვას მსახური, პატიმრობის მიუხედავად, არ კარგავს სიხარულს და არ წყვეტს ქადაგებას. მაგალითად, ესპანელი ადოლფო ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს. ერთმა ციხის თანამშრომელმა უთხრა მას: „გაოცებას ვერ ვმალავთ. ჩვენ ცხოვრებას გირთულებთ, შენი სახიდან კი ღიმილი არ ქრება და არასდროს გენანება ჩვენთვის ტკბილი სიტყვა“.
24 დროთა განმავლობაში ადოლფომ ისეთი ნდობა დაიმსახურა, რომ საკნის კარსაც კი აღარ უკეტავდნენ. მცველები ბიბლიით ინტერესდებოდნენ. ერთი მცველი ადოლფოს საკანში კითხულობდა ხოლმე ბიბლიას, ადოლფო კი ამ დროს მის მოვალეობას ასრულებდა; ფაქტობრივად, პატიმარი „მეთვალყურეობდა“ მცველს. ასეთი ერთგული მოწმეების მაგალითმა უნდა აღგვძრას, რთული პირობების მიუხედავად, გაბედულად და უშიშრად ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვა.
25, 26. რა საოცარი წინასწარმეტყველების შესრულება იხილა პავლემ დაახლოებით 30 წელიწადში და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროში?
25 შინაპატიმრობაში მყოფი მოციქული „უქადაგებდა . . . ღვთის სამეფოზე“ ყველას, ვინც მას სტუმრობდა. როგორ გამამხნევებლად მთავრდება „საქმეების“ წიგნი! პირველ თავში წავიკითხეთ დავალება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ამ სიტყვების თქმიდან 30 წელი არც კი იყო გასული, როცა „ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ ნაქადაგები ჰქონდა სამეფოს ცნობა (კოლ. 1:23). d ეს ღვთის სულის ძლიერების საუკეთესო მაჩვენებელი იყო! (ზაქ. 4:6).
26 დღეს იმავე სულის ძალით ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი ქრისტეს ძმები და მათი თანამსახურები, „სხვა ცხვარი“, 240 ტერიტორიაზე განაგრძობენ სამეფოს შესახებ საგულდაგულოდ ქადაგებას (იოან. 10:16; საქ. 28:23). შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მონაწილეობთ ამ საქმეში?
a პავლეს უნდოდა, ონისიმე მასთან დარჩენილიყო, მაგრამ ამით რომის კანონსა და ონისიმეს ბატონის, ქრისტიანი ფილიმონის, უფლებებს დაარღვევდა. ასე რომ, ონისიმე ფილიმონთან დაბრუნდა და მას პავლეს წერილი მიუტანა, რომელშიც სთხოვდა, გულთბილად მიეღო თავისი მონა ახლა უკვე სულიერ ძმად (ფლმ. 13—19).
b იხილეთ ჩარჩო „რომში პირველი პატიმრობისას დაწერილი პავლეს ხუთი წერილი“.
c იხილეთ ჩარჩო „პავლეს ცხოვრება ახ. წ. 61 წლის შემდეგ“.
d იხილეთ ჩარჩო «სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ხალხს“».