არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 19

„ილაპარაკე, არ გაჩუმდე“

„ილაპარაკე, არ გაჩუმდე“

პავლე თვითონ ირჩენდა თავს, თუმცა პირველ ადგილზე მსახურებას აყენებდა.

საქმეები 18:1—22

1—3. რატომ ჩავიდა მოციქული პავლე კორინთში და რაზე უნდა ეზრუნა იქ?

 ᲐᲮ. Წ. 50 ᲬᲚᲘᲡ მიწურულია. მოციქული პავლე მდიდარ სავაჭრო ქალაქ კორინთშია, a სადაც ბევრი ბერძენი, რომაელი და იუდეველი ცხოვრობს. მაგრამ პავლე არც სავაჭროდ ჩასულა იქ და არც სამუშაოს საძებნელად; მისი იქ ჩასვლის მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია, ეს ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებაა. მას თავშესაფარი სჭირდება, მაგრამ არ სურს, ტვირთად ექცეს ვინმეს; არც ვინმეს დავალდებულება უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის სიტყვის მქადაგებელია. რას აპირებს?

2 პავლეს კარვების კერვა ეხერხება. ეს ადვილი საქმე როდია, მაგრამ მას შრომა არ ეზარება და მზად არის თავის სარჩენად. იპოვის სამუშაოს ამ მოფუსფუსე, გადატვირთულ ქალაქში? ნახავს შესაფერის საცხოვრებელს? საზრუნავის მიუხედავად, პავლეს უყურადღებოდ არ რჩება მთავარი საქმე — ქადაგება.

3 პავლე კორინთში კარგა ხანს დარჩა და მის ქადაგებას შესანიშნავი შედეგი მოჰყვა. ვნახოთ, როგორ ქადაგებდა პავლე კორინთში და უკეთ გავიგებთ, საგულდაგულოდ როგორ ვიქადაგოთ ღვთის სამეფოს შესახებ ჩვენს ტერიტორიაზე.

„მათთან ერთად დაიწყო კარვების კერვა“ (საქმეები 18:1—4)

4, 5. ა) ვისთან ცხოვრობდა პავლე კორინთში და რით ირჩენდა თავს? ბ) საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა პავლეს კარვების კერვა?

4 პავლე კორინთში ერთ სტუმართმოყვარე წყვილს შეხვდა, ებრაელ აკვილასა და მის ცოლს, პრისკილას, იგივე პრისკას. ეს ცოლ-ქმარი რომიდან კორინთში გადასულიყო საცხოვრებლად, რადგან იმპერატორ კლავდიუსს ნაბრძანები ჰქონდა, „ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი“ (საქ. 18:1, 2). აკვილამ და პრისკილამ პავლეს არა მხოლოდ თავშესაფარი შესთავაზეს, არამედ ერთად მუშაობაც. „რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, [პავლე] მათთან დარჩა და მათთან ერთად დაიწყო კარვების კერვა“ (საქ. 18:3). კორინთში მსახურების დროს პავლე ამ გულთბილ და სტუმართმოყვარე ცოლ-ქმართან ცხოვრობდა. აკვილასა და პრისკილასთან ყოფნისას მან, როგორც ჩანს, რამდენიმე წერილი დაწერა, რომლებიც მოგვიანებით ბიბლიის ნაწილი გახდა. b

5 საიდან იცოდა გამალიელის მიერ განსწავლულმა პავლემ კარვების კერვა? (საქ. 22:3). პირველ საუკუნეში იუდეველები, როგორ ჩანს, არ მიიჩნევდნენ დამამცირებლად ხელობის სწავლას მიუხედავად იმისა, რომ შვილისთვის შესაძლოა დამატებითი განათლებაც მიეცათ. პავლე წარმოშობით კილიკიის ქალაქ ტარსოსიდან იყო, სადაც თხის ბეწვისგან ყველასთვის კარგად ცნობილი საკარვე ქსოვილი მზადდებოდა, ამიტომ პავლეს ეს ხელობა სიყმაწვილეში ექნებოდა ნასწავლი. ეს საქმე ალბათ ჯერ საკარვე ქსოვილის დამზადებას, მერე კი ამ უხეში და ხეშეში ქსოვილის დაჭრასა და შეკერვას მოითხოვდა. ნებისმიერ შემთხვევაში კარვების კერვა შრომატევადი უნდა ყოფილიყო.

6, 7. ა) რა დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს კარვების კერვაზე და საიდან ჩანს, რომ აკვილასაც და პრისკილასაც მსგავსი შეხედულება ჰქონდათ? ბ) როგორ ჰბაძავენ დღეს ქრისტიანები პავლეს, აკვილასა და პრისკილას?

6 კარვების კერვა პავლეს მოწოდება არ ყოფილა. ის იმიტომ შრომობდა, რომ თავი ერჩინა და სასიხარულო ცნობა უსასყიდლოდ ეხარებინა (2 კორ. 11:7). რა შეიძლება ითქვას აკვილასა და პრისკილაზე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ თავიანთ ხელობასთან? უეჭველია, ისეთივე როგორიც პავლეს. ახ. წ. 52 წელს მათაც პავლესთან ერთად დატოვეს კორინთი და ეფესოში გადავიდნენ, სადაც თავიანთი სახლის კარი ადგილობრივ კრებას გაუღეს (1 კორ. 16:19). მოგვიანებით აკვილა და პრისკილა რომში დაბრუნდნენ საცხოვრებლად, მერე კი კვლავ ეფესოში გადავიდნენ. ეს გულმოდგინე ცოლ-ქმარი სამეფოს საქმეს უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებდა და სხვების დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა, რის გამოც „უცხოტომელთა ყველა კრება“ ემადლიერებოდა (რომ. 16:3—5; 2 ტიმ. 4:19).

7 დღევანდელი ქრისტიანები ჰბაძავენ პავლეს, აკვილასა და პრისკილას. გულმოდგინე მსახურები მუყაითად შრომობენ, რათა არავინ დაამძიმონ „დიდი ხარჯებით“ (1 თეს. 2:9). საქებარია, რომ მრავალი სრული დროით სამეფოს მაუწყებელი ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობს ან სეზონურად, რათა თავიც ირჩინოს და ძირითადი საქმე, ქრისტიანული მსახურებაც შეასრულოს. აკვილასა და პრისკილას მსგავსად იეჰოვას მრავალი სტუმართმოყვარე მსახური სიამოვნებით მასპინძლობს სარაიონო ზედამხედველებს. ვინც სტუმართმოყვარეა, თვითონვე მხნევდება (რომ. 12:13).

„მრავალმა კორინთელმაც . . . ირწმუნა“ (საქმეები 18:5—8)

8, 9. როგორ მოიქცა პავლე, როცა იუდეველებთან ქადაგებისას წინააღმდეგობას შეხვდა, და სად ქადაგებდა ამის შემდეგ?

8 განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, რა დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს სამუშაოსთან მიმართებით, როცა მაკედონიიდან ჩასულმა სილამ და ტიმოთემ ძმების გაგზავნილი უხვი შესაწირავი ჩაუტანეს (2 კორ. 11:9). ამის შემდეგ პავლე „მთლიანად ჩაება ღვთის სიტყვის ქადაგებაში“ (საქ. 18:5). მისმა გულმოდგინე ქადაგებამ იუდეველები მტრულად განაწყო მის მიმართ. მათ არ მიიღეს ქრისტეს შესახებ ცნობა, ამიტომ პავლემ ტანსაცმელი დაიბერტყა და ამით აჩვენა, რომ მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იხსნიდა. „თქვენი სისხლი თქვენს კისერზე იყოს. მე სუფთა ვარ. ამიერიდან უცხოტომელებთან წავალ“ (საქ. 18:6; ეზეკ. 3:18, 19).

9 სად იქადაგებდა ახლა პავლე? ტიციუს იუსტუსმა, რომელიც, როგორც ჩანს, იუდეველი პროზელიტი იყო და სახლი სინაგოგაზე ჰქონდა მიშენებული, თავისი სახლის კარი ფართოდ გაუღო პავლეს. ასე რომ, პავლემ სინაგოგის ნაცვლად იუსტუსის სახლში დაიწყო ქადაგება (საქ. 18:7). მოციქული კორინთში ყოფნისას აკვილასა და პრისკილას სახლში ცხოვრობდა, სასიხარულო ცნობას კი იუსტუსის სახლში ქადაგებდა.

10. საიდან ჩანს, რომ პავლეს მხოლოდ უცხოტომელებისთვის ქადაგება არ ჰქონდა გადაწყვეტილი?

10 პავლემ კი თქვა, უცხოტომელებთან წავალო, მაგრამ გულისხმობდა იმას, რომ, თუნდაც მოესმინათ ღვთის სიტყვა, აღარც იუდეველებს უქადაგებდა და აღარც იუდეველ პროზელიტებს? საეჭვოა, რომ ასე ყოფილიყო. მაგალითად, „სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა და მისმა სახლეულობამ ირწმუნეს უფალი“. როგორც ჩანს, ბევრი, ვინც სინაგოგაში დადიოდა, კრისპუსის მაგალითს მიჰყვა: „მრავალმა კორინთელმაც მოისმინა სასიხარულო ცნობა, ირწმუნა და მოინათლა“ (საქ. 18:8). კორინთში ახლად ჩამოყალიბებული ქრისტიანული კრება შეხვედრებს ტიციუს იუსტუსის სახლში ატარებდა. თუ მოვლენები ლუკას სტილისთვის ჩვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის ჩაწერილი, იუდეველები და პროზელიტები მას შემდეგ გაქრისტიანდებოდნენ, რაც პავლემ ტანსაცმელი დაიბერტყა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოციქული არ ყოფილა კატეგორიული და ადვილად უღებდა ალღოს ნებისმიერ სიტუაციას.

11. როგორ ჰბაძავენ დღეს იეჰოვას მოწმეები პავლეს, როცა სხვადასხვა ეკლესიის მრევლს უქადაგებენ?

11 დღეს ბევრ ქვეყანაში უძველესი ტრადიციის მქონე ეკლესიებს დიდი გავლენა აქვთ მრევლზე. ქრისტიანული სამყაროს მისიონერებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ბევრი გადაიბირეს. პირველი საუკუნის კორინთელი იუდეველების მსგავსად დღეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები ხშირად ტრადიციების ტყვეობაში ექცევიან. ამის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები პავლეს ჰბაძავენ და გულმოდგინედ ქადაგებენ მათთან, რათა უკეთ გააცნონ წმინდა წერილები. მაშინაც კი, როცა ისინი ან მათი რელიგიური წინამძღოლები გვეწინააღმდეგებიან და გვდევნიან, იმედს არ ვკარგავთ. მათ შორის, ვინც „ღვთისთვის არიან გულანთებულნი, მაგრამ საფუძვლიანი ცოდნის გარეშე“, შეიძლება ბევრი თავმდაბალი ადამიანი იყოს, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაძებნი არიან (რომ. 10:2).

„ამ ქალაქში ბევრმა უნდა მირწმუნოს“ (საქმეები 18:9—17)

12. რაში დაარწმუნა პავლე იესომ?

12 პავლე რომც დაეჭვებულიყო, შეძლებდა თუ არა კორინთში მსახურების გაგრძელებას, ყველა ეჭვი გაუქარწყლდებოდა იმ ღამეს, როცა უფალი იესო ხილვაში ეჩვენა და უთხრა: „ნუ გეშინია, ილაპარაკე, არ გაჩუმდე; შენთანა ვარ და ვერავინ გავნებს; ამ ქალაქში ბევრმა უნდა მირწმუნოს“ (საქ. 18:9, 10). პავლეს ძალას შემატებდა ეს ხილვა. თავად უფალმა დაარწმუნა პავლე, რომ დაიცავდა მას და ბევრ ღვთისნიერ ადამიანს მოაძებნინებდა. როგორ იმოქმედა მასზე ამ ხილვამ? „ის წელიწადი და ექვსი თვე დარჩა იქ და ღვთის სიტყვას ასწავლიდა“ (საქ. 18:11).

13. რა შეიძლებოდა გახსენებოდა პავლეს „სასამართლო ტახტის“ დანახვაზე, მაგრამ რას შეეძლო მისი დაიმედება?

13 პავლე კორინთში დაახლოებით ერთი წლის ჩასული იყო, როცა კიდევ ერთხელ დარწმუნდა უფლის მხარდაჭერაში. „იუდეველები პავლეს აუმხედრდნენ, სასამართლო ტახტთან მიიყვანეს“ (საქ. 18:12). ზოგის აზრით, „სასამართლო ტახტი“ მოჩუქურთმებული ლურჯი და თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკი იყო, რომელიც შესაძლოა კორინთის ბაზრის შუაში იდგა. „სასამართლო ტახტის“ წინ საკმარისი ადგილი იყო იმისთვის, რომ დიდძალი ხალხი შეკრებილიყო. არქეოლოგიური აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ „სასამართლო ტახტს“ სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა სინაგოგისგან და, შესაბამისად, იუსტუსის სახლისგან. „სასამართლო ტახტის“ დანახვაზე შესაძლოა პავლეს სტეფანეს ჩაქოლვა გახსენებოდა, რომელიც პირველ ქრისტიან წამებულად მოიხსენიება. მაშინ „იწონებდა [პავლე, იგივე სავლე] სტეფანეს მკვლელობას“ (საქ. 8:1). ახლა პავლეც სტეფანეს ბედს ხომ არ გაიზიარებდა? არა, რადგან იესო დაჰპირდა: „ვერავინ გავნებს“ (საქ. 18:10).

„ეს რომ თქვა, ბრძანა, დაეტოვებინათ ადგილი, სადაც სასამართლო ტახტი იდგა“ (საქმეები 18:16).

14, 15. ა) რა ბრალდება წაუყენეს პავლეს და რატომ თქვა გალიონმა უარი საქმის განხილვაზე? ბ) რა დაემართა სოსთენეს და რას ვარაუდობენ?

14 რა მოხდა მაშინ, როცა პავლე „სასამართლო ტახტის“ წინაშე წარადგინეს? მოსამართლე იყო აქაიას პროკონსული გალიონი, რომაელი ფილოსოფოსი სენეკას უფროსი ძმა. იუდეველებმა ასეთი ბრალდება წაუყენეს პავლეს: „ეს კაცი ხალხს მოუწოდებს, რომ ღმერთს ისე სცენ თაყვანი, რაც კანონს ეწინააღმდეგება“ (საქ. 18:13). იუდეველები ამბობდნენ, რომ პავლე კანონს არღვევდა და სხვებს თავის რწმენას ახვევდა თავს. მაგრამ გალიონი მიხვდა, რომ პავლე დანაშაულსა და ბოროტმოქმედებაში ბრალდაუდებელი იყო (საქ. 18:14). აშკარა იყო, რომ მას არ სურდა იუდეველთა კამათში ჩარევა; პავლეს თავის დასაცავად სიტყვაც კი არ ჰქონდა ნათქვამი, ისე თქვა გალიონმა უარი სასამართლო საქმის განხილვაზე. ბრალმდებლები აღშფოთდნენ და რისხვა სოსთენეზე ანთხიეს, რომელიც, როგორც ჩანს, კრისპუსის შემდეგ სინაგოგის წინამძღვარი გამხდარიყო. მათ დაიჭირეს სოსთენე და „სასამართლო ტახტის წინ სცემეს“ (საქ. 18:17).

15 რატომ არაფერი გააკეთა გალიონმა ბრბოს შესაჩერებლად და სოსთენეს დასაცავად? შესაძლოა გალიონმა იფიქრა, რომ პავლეს წინააღმდეგ ბრბო სოსთენეს წაქეზებული იყო, ამიტომ გამოქომაგებას არ იმსახურებდა. ასე იყო თუ ისე, ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო. პავლემ კორინთელების მიმართ მიწერილ პირველ წერილში ძმად მოიხსენია ვინმე სოსთენე (1 კორ. 1:1, 2). თუ ეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე იყო, შესაძლოა სწორედ ეს ავად გასახსენებელი შემთხვევა დახმარებოდა მას ქრისტიანობის მიღებაში.

16. როგორ უკავშირდება ჩვენს მსახურებას უფლის სიტყვები „ნუ გეშინია, ილაპარაკე, არ გაჩუმდე; შენთანა ვარ“?

16 ალბათ გახსოვთ მას შემდეგ, რაც იუდეველებმა არ მოუსმინეს პავლეს, უფალმა იესომ ასე გაამხნევა ის: „ნუ გეშინია, ილაპარაკე, არ გაჩუმდე; შენთანა ვარ“ (საქ. 18:9, 10). ჩვენც უნდა გვახსოვდეს ეს სიტყვები განსაკუთრებით მაშინ, როცა ქადაგებისას არ გვისმენენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა გულებს იკვლევს და გულწრფელ ადამიანებს თავისკენ იზიდავს (1 სამ. 16:7; იოან. 6:44). ეს ძალას გვმატებს, რომ აქტიურად ჩავებათ მსახურებაში! ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ინათლება, ესე იგი, ყოველდღიურად — ასობით. მათ, ვინც ემორჩილება მითითებას, „წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი“, იესო ასეთი სიტყვებით ამხნევებს: „მეც ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე!“ (მათ. 28:19, 20).

„თუ იეჰოვა ინებებს“ (საქმეები 18:18—22)

17, 18. რაზე შეიძლებოდა ეფიქრა ეფესოში მიმავალ პავლეს?

17 მართალია, გალიონმა შეაჩერა პავლეს მოწინააღმდეგეები, მაგრამ ამის საფუძველზე ზუსტად ვერ ვიტყვით, ახლად ჩამოყალიბებულ კორინთის კრებას დაუდგა თუ არა მშვიდობის პერიოდი. როგორც უნდა ყოფილიყო, „პავლე კარგა ხანს დარჩა“ კორინთში. ახ. წ. 52 წლის გაზაფხულზე პავლემ კენქრედან (კორინთიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 11 კილომეტრში) გემით სირიაში წასვლა დააპირა. წასვლამდე პავლემ „თმა მოკლედ შეიკრიჭა, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული“ (საქ. 18:18). c თან აკვილა და პრისკილა წაიყვანა და ეგეოსის ზღვის გადაღმა მცირე აზიის ქალაქ ეფესოში ჩავიდა.

18 პავლე, ალბათ, გემში იჯდა და კორინთი ახსენდებოდა; ბევრი კარგი რამ მოაგონდებოდა და დიდ კმაყოფილებას იგრძნობდა. შედეგიანი აღმოჩნდა მისი თვრამეტთვიანი მსახურება. კორინთში უკვე კრება დატოვა, რომელიც იუსტუსის სახლში იკრიბებოდა. გაქრისტიანებულთა შორის იყვნენ იუსტუსი, კრისპუსი თავის სახლეულობასთან ერთად და ბევრი სხვა. ეს ახალმოქცეულები ძვირფასნი იყვნენ პავლესთვის, რადგან დიდი იყო მისი წვლილი მათ გაქრისტიანებაში. მოგვიანებით პავლემ მისწერა მათ: „[თქვენ] ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულისფიცარზე დაწერილი“. ჩვენც განსაკუთრებით გვიყვარს ისინი, ვისაც ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარეთ. მართლაც, დიდად ვხარობთ ასეთი „საშუამავლო წერილებით“! (2 კორ. 3:1—3).

19, 20. რა გააკეთა პავლემ ეფესოში ჩასვლისთანავე და რას გვასწავლის მისი განწყობა?

19 ეფესოში ჩასვლისთანავე პავლემ ქადაგება დაიწყო. „წავიდა სინაგოგაში და იუდეველებთან მსჯელობდა“ (საქ. 18:19). ამჯერად პავლე ეფესოში დიდხანს არ დარჩენილა; ეფესოელები ეხვეწებოდნენ რომ დარჩენილიყო, „მაგრამ არ დათანხმდა“. დამშვიდობებისას მათ უთხრა: „თუ იეჰოვა ინებებს, კვლავ დავბრუნდები“ (საქ. 18:20, 21). პავლეს, ალბათ, კარგად ესმოდა, რომ ეფესოში ჯერ კიდევ ბევრისთვის უნდა ექადაგა. მას უნდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ დაბრუნდებოდა თუ არა, ამას იეჰოვას ანდობდა. პავლეს განწყობა სამაგალითოა ჩვენთვის. სულიერი მიზნები რომ განვახორციელოთ, პირველი ნაბიჯი ჩვენ თვითონ უნდა გადავდგათ, თუმცა იეჰოვას ხელმძღვანელობას უნდა მივენდოთ და შევეცადოთ, მისი ნების თანახმად ვიმოქმედოთ (იაკ. 4:15).

20 პავლემ აკვილა და პრისკილა ეფესოში დატოვა და თვითონ კესარეაში ჩავიდა. როგორც ჩანს, იქიდან იერუსალიმში გაემგზავრა და კრება მოინახულა (საქ. 18:22, სქოლიო). შემდეგ სირიის ანტიოქიაში დაბრუნდა. მისი მეორე მისიონერული მოგზაურობაც წარმატებით დამთავრდა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა მისი ბოლო მოგზაურობა?