კვლავ ტაძარში მისვლა
თავი 103
კვლავ ტაძარში მისვლა
იესომ და მისმა მოწაფეებმა იერიხონიდან ჩამოსვლის შემდეგ მესამე ღამეც ბეთანიაში გაატარეს. ახლა, ორშაბათს, 10 ნისანს, განთიადისას, ისინი იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებიან. იესო მშიერია, ამიტომ შეფოთლილი ლეღვის ხის დანახვაზე მიდის მასთან, რათა ნახოს, არის თუ არა მასზე ლეღვი.
ხემ ფოთლები უჩვეულოდ ადრე გამოიტანა, რადგან ლეღვის სეზონი ივნისში იწყება, ახლა კი მხოლოდ მარტის ბოლოა. მაგრამ იესო, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ, რადგან ფოთლები ადრე გაიშალა, შეიძლება მასზე ნაადრევი ლეღვიც იყოს. მაგრამ მას იმედი უცრუვდება. ფოთლები ხეს მაცდურ იერს აძლევს. შემდეგ იესო წყევლის ხეს: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!“ იესოს მოქმედების შედეგსა და მის მნიშვნელობას მეორე დილით გებულობენ.
მალე, ამის შემდეგ, იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში ჩადიან. ის მიდის ტაძარში, რომელიც წინა დღით, ნაშუადღევს, დაათვალიერა. მაგრამ დღეს იესო აკეთებს იმას, რაც სამი წლის წინ ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულზე გააკეთა. იესო ტაძრიდან დევნის გამყიდველებსა და მყიდველებს და აყირავებს ფულის გადამცვლელებისა და მტრედების გამყიდველების მაგიდებს. ის იმის ნებასაც კი არ რთავს არავის, რომ საგნები ტაძრის გავლით გადაიტანონ.
იესო ურისხდება ტაძარში ფულის გადამცვლელებსა და ცხოველების გამყიდველებს და ეუბნება: „არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“. ისინი მძარცველები არიან, რადგანაც უზომო ფასებს ითხოვენ იმ ხალხისგან, რომლებსაც სხვა გზა არა აქვთ, გარდა იმისა, რომ მათგან იყიდონ შესაწირავად საჭირო საქონელი. ამიტომ იესო მათ ვაჭრობას გამომძალველობად და მძარცველობად მიიჩნევს.
როცა მღვდელმთავრები, მწიგნობრები და ერისმთავრები გებულობენ მომხდარის შესახებ, ისინი კვლავ ეძებენ იესოს მოკვლის გზებს. ამით ისინი ამტკიცებენ, რომ გამოუსწორებლები არიან. მაგრამ მათ არ იციან, როგორ მოკლან იესო, რადგან მოსმენის მიზნით, მასთან ყოველთვის უამრავი ხალხია.
წარმოშობით იუდეველების გარდა პასექის დღესასწაულზე წარმართებიც მოდიან. ესენი პროზელიტები არიან, ანუ იუდეველთა რელიგიაში ახალმოქცეულები. ზოგი ბერძენი, როგორც ჩანს, პროზელიტი, მიდის ფილიპესთან და სთხოვს, იესო აჩვენოს. ფილიპე მიდის ანდრიასთან, შეიძლება, იმის საკითხავად, მართებულია თუ არა ასეთი შეხვედრა. როგორც ჩანს, იესო ჯერაც ტაძარშია, სადაც ბერძნებს შეუძლიათ მისი ნახვა.
იესომ იცის, რომ სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ამიტომ ის შესანიშნავად აღწერს თავის მდგომარეობას: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოისხამს“.
ხორბლის ერთ მარცვალს ძალიან მცირე ფასი აქვს. მაგრამ რა ხდება, როცა ის ითესება და ‘კვდება’, რითაც მისი, როგორც თესლის, სიცოცხლე მთავრდება? შემდეგ ის აღმოცენდება, დროთა განმავლობაში ღერო ეზრდება და მრავალი მარცვალი გამოაქვს. მსგავსად ამისა, იესო არის ერთადერთი სრულყოფილი ადამიანი. თუ ის ღვთის ერთგული მოკვდება, ის ერთგული პიროვნებები, რომლებსაც იესოს მსგავსი თავგანწირვის სული აქვთ, მისი მეშვეობით მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს. ამგვარად, იესო ამბობს: „ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას“.
რა თქმა უნდა, იესო მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, ვინაიდან ის განმარტავს: „ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა“. რა საოცარი ჯილდოა იესოს მიმდევრობისა და მისადმი მსახურებისთვის! პატივდებული იყო სამეფოში ქრისტესთან ერთად ყოფნით — ეს მამისგან გამომდინარე ჯილდოა.
იესო ფიქრობს უდიდესი ტანჯვითა და წამებით სიკვდილზე, რომელიც მას ელოდება და განაგრძობს: „ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან!“ ნეტავ შეიძლებოდეს იმის არიდება, რაც მას მოელის! მაგრამ არა, როგორც თვითონ ამბობს: ‘ამისთვის მოვიდა ამ ჟამს’. იესო სავსებით ეთანხმება ღვთის ყოველგვარ ღონისძიებას, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ჩათვლით. მათე 21:12, 13, 18, 19; მარკოზი 11:12-18; ლუკა 19:45–48; იოანე 12:20–27.
▪ რატომ აქვს იესოს ლეღვის ხეზე ლეღვის პოვნის იმედი მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დამდგარა?
▪ რატომ უწოდებს იესო ტაძარში მოვაჭრეებს ‘ავაზაკებს’?
▪ რა გაგებით არის იესო იმ ხორბლის მარცვლის მსგავსი, რომელიც კვდება?
▪ რას ფიქრობს იესო თავისი მომავალი ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ?