იესოს ოჯახური ცხოვრების ადრეული წლები
თავი 9
იესოს ოჯახური ცხოვრების ადრეული წლები
იესო იზრდება პატარა უმნიშვნელო ქალაქ ნაზარეთში. ის მდებარეობს გალილეად წოდებულ მთიან რეგიონში, იზრეყელის საუცხოო ველის მახლობლად.
დაახლოებით ორი წლის იესო იოსებსა და მარიამს ეგვიპტიდან ჩამოჰყავთ და, როგორც ჩანს, ის მათი ერთადერთი შვილია. მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. დროთა განმავლობაში იბადებიან: იაკობი, იოსე, სიმონი და იუდა. მარიამი და იოსები გოგონების მშობლებიც ხდებიან. როგორც ჩანს, იესოს, სულ მცირე, ექვსი უმცროსი და-ძმა ჰყავს.
იესოს სხვა ნათესავებიც ჰყავს. ჩვენ უკვე ვიცით მასზე უფროსი ნათესავის, იოანეს, შესახებ, რომელიც ცხოვრობს იუდეაში, ნაზარეთიდან მრავალი კილომეტრის მოშორებით. მაგრამ გალილეაში მათთან ახლოს ცხოვრობს სალომე, რომელიც, როგორც ჩანს, მარიამის დაა. სალომეს ქმარია ზებედე. ასე რომ, მათი ორი ვაჟი, იაკობი და იოანე, იესოს დეიდაშვილები უნდა იყვნენ. ჩვენ არ ვიცით, ბავშვობაში რამდენ დროს ატარებდა იესო მათთან, მაგრამ ვიცით, რომ მოგვიანებით ისინი მისი ახლო მეგობრები ხდებიან.
იოსებს მძიმე შრომა უწევს თავისი მზარდი ოჯახის სარჩენად. ის დურგალია. იოსები საკუთარი შვილივით ზრდის იესოს, ამიტომ მას ‘ხუროს ძესაც’ უწოდებენ. იოსები იესოსაც დურგლობას ასწავლის, რასაც ის კარგად ითვისებს. ამიტომ მოგვიანებით ხალხი იესოზე ამბობს: „ეს ხურო არ არის?“
იოსების ოჯახის ცხოვრება იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობაზეა აგებული. ღვთის რჯულის თანახმად, იოსები და მარიამი ბავშვებს სულიერად მოძღვრავენ „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. ნაზარეთში არის სინაგოგა და სარწმუნოა, რომ იოსებს რეგულარულად დაჰყავს იქ ოჯახი თაყვანისცემისთვის. მაგრამ, ეჭვგარეშეა, მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებს იერუსალიმში, იეჰოვას ტაძარში რეგულარულად სიარული. მათე 13:55, 56; 27:56; მარკოზი 15:40; 6:3; მეორე რჯული 6:6–9.
▪ სულ მცირე, რამდენი უმცროსი და-ძმა ჰყავს იესოს და რა ჰქვია ზოგიერთ მათგანს?
▪ ვინ არის იესოს სამი ცნობილი ნათესავი?
▪ რა ხელობას სწავლობს იესო და რატომ?
▪ რა მნიშვნელოვანი დარიგებით უზრუნველყოფს იოსები ოჯახს?