დაკრძალული პარასკევს — ცარიელი სამარხი კვირას
თავი 127
დაკრძალული პარასკევს — ცარიელი სამარხი კვირას
პარასკევი საღამოა; მზის ჩასვლისას კი დაიწყება 15 ნისანი, შაბათი. იესოს მკვდარი სხეული ძელზე ჰკიდია, მაგრამ მის გვერდზე ორი ყაჩაღი ჯერაც ცოცხალია. პარასკევ საღამოს „მომზადების საღამო“ ეწოდება, ვინაიდან ამ დროს ხალხი საჭმელს ამზადებს ან ამთავრებს სხვა სასწრაფო საქმეებს, რომლებიც შაბათის დასრულებამდე ვერ მოიცდის.
შაბათი, რომელიც მალე დაიწყება, მხოლოდ ჩვეულებრივი შაბათი (კვირის მეშვიდე დღე) კი არ არის, არამედ ორმაგი ანუ „დიდი“ შაბათია. მას „დიდი“ იმიტომ ეწოდება, რომ 15 ნისანი, ხმიადობის შვიდდღიანი დღესასწაულის პირველი დღე (ის ყოველთვის „შაბათია“, არა აქვს მნიშვნელობა კვირის რომელი დღეა), ამ წელს ჩვეულებრივ შაბათ დღეს ემთხვევა.
ღვთის რჯულის თანახმად, ღამის განმავლობაში სხეულები ძელზე არ უნდა დარჩენილიყო. ამიტომ იუდეველები პილატეს სთხოვენ, რომ წვივების გადამტვრევით დააჩქარონ სიკვდილმისჯილების სიკვდილი. ამიტომ ჯარისკაცები წვივებს უმტვრევენ ამ ორ ყაჩაღს. მაგრამ, რადგანაც ჩანს, რომ იესო მკვდარია, მას არ უმტვრევენ წვივებს. ამით სრულდება საღვთო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება“.
მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად, რომ იესო ნამდვილად მკვდარია, ერთ-ერთი ჯარისკაცი შუბს აძგერებს ფერდში. შუბი გულის არემდე აღწევს და მაშინვე გადმოიღვრება სისხლი და წყალი. ამის თვითმხილველი მოციქული იოანე გვაუწყებს, რომ ამით სრულდება საღვთო წერილის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: „შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს“.
სიკვდილით დასჯას სინედრიონის საპატიო წევრი იოსებ არიმათიელიც ესწრება. მან უმაღლესი სასამართლოს უსამართლო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იოსები, როგორც ჩანს, იესოს მოწაფეა, თუმცა მას ეშინოდა ამის გამოაშკარავება. მაგრამ ახლა ის ვაჟკაცობას ავლენს და იესოს სხეულის სათხოვნელად პილატესთან მიდის. პილატე უხმობს ასისთავს და მას შემდეგ, რაც ასისთავი უდასტურებს, რომ იესო მოკვდა, ის აძლევს გვამს.
იოსები იღებს სხეულს, ახვევს სუფთა ტილოში, რათა დასაკრძალავად მოამზადოს. მას ეხმარება სინედრიონის კიდევ ერთი წევრი, ნიკოდემოსი. ნიკოდემოსი არ ამჟღავნებდა იესოსადმი თავის რწმენას, რადგანაც მასაც ეშინოდა მდგომარეობის დაკარგვისა. მაგრამ ახლა მას დაახლოებით 33 კილოგრამი სმირნისა და ალოეს ძვირფასი ნაზავი მოაქვს. იესოს სხეულს ნელსაცხებლებიან სახვევში ახვევენ, როგორც ეს იუდეველთა ჩვეულების თანახმად, სხეულის დასაკრძალავად მომზადებისთვის არის მიღებული.
შემდეგ სხეულს ასვენებენ მახლობლად მდებარე ბაღში, სადაც იოსების ახალი სამარხია, რომელიც კლდეშია გამოჭრილი. ბოლოს სამარხის შესასვლელს უზარმაზარ ლოდს აფარებენ. სხეულს ნაჩქარევად ამზადებენ, რათა შაბათის დადგომამდე მოასწრონ დაკრძალვა. ამიტომ მარიამ მაგდალელი და მარიამი, იაკობ მცირის დედა, რომლებიც შეიძლება ეხმარებიან მომზადებაში, სახლისკენ მიიჩქარიან, რათა მოამზადონ უფრო მეტი ნელსაცხებელი და სურნელოვანი ზეთი. ისინი გეგმავენ შაბათის გასვლის შემდეგ იესოს სხეულის შემდგომ დამუშავებას, რათა სხეული უფრო დიდხანს შეინახოს.
მომდევნო დღეს, შაბათს, მღვდელმთავრები და ფარისევლები პილატესთან მიდიან და ეუბნებიან:
— ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.
— თქვენ გყავთ დაცვა, — პასუხობს პილატე. — წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით.
ასე რომ, ისინი მიდიან და იცავენ სამარხს: ლუქს ადებენ ლოდს და რომაელ ჯარისკაცებს მცველებად აყენებენ.
კვირას, დილით ადრე, მარიამ მაგდალელსა და მარიამს, იაკობ მცირის დედას, სალომეს, იოანასა და სხვა ქალებს სამარხთან მოაქვთ ნელსაცხებელი, რათა დაამუშაონ იესოს სხეული. გზაში ერთმანეთს ეუბნებიან: „ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდან?“ მაგრამ მისვლისას ხედავენ, რომ მიწისძვრა მომხდარა და იეჰოვას ანგელოზს ლოდი გადაუგორებია. მცველები წასულან და სამარხი ცარიელია! მათე 27:57—28:2; მარკოზი 15:42—16:4; ლუკა 23:50—24:3, 10; იოანე 19:14, 31—20:1; 12:42; ლევიანნი 23:5–7; მეორე რჯული 21:22, 23; ფსალმუნი 33:21; ზაქარია 12:10.
▪ რატომ ეწოდება პარასკევ საღამოს „მომზადების საღამო“ და რა არის „დიდი“ შაბათი?
▪ საღვთო წერილის რომელი ადგილები სრულდება იესოს სხეულთან დაკავშირებით?
▪ რას აკეთებენ იოსები და ნიკოდემოსი იესოს დასაკრძალავად და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ იესოსთან?
▪ რას სთხოვენ მღვდლები პილატეს და რას პასუხობს ის?
▪ რა ხდება კვირას, დილით ადრე?