თავი 7
რას დაგვპირდა ღმერთი წინასწარმეტყველთა მეშვეობით?
ძველ დროში მცხოვრებ წინასწარმეტყველებს ღვთისადმი ძლიერი რწმენა ჰქონდათ. მათი ცხოვრებიდან ჩანდა, რომ ეჭვი არ ეპარებოდათ ღვთის დაპირებებში. რას დაჰპირდა ღმერთი ადამიანებს?
ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ გამოჩნდებოდა ღვთის რჩეული, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა „გველს“, ანუ „დიდ დრაკონს, ძველ გველს, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ და სამუდამოდ გაანადგურებდა მას (დაბადება 3:14, 15; გამოცხადება 12:9, 12). ვინ იქნებოდა ეს რჩეული?
ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ იეჰოვამ წინასწარმეტყველ აბრაამს აღუთქვა, რომ ის, ვინც უნდა მოსულიყო, მისი შთამომავალი იქნებოდა. ღმერთმა აბრაამს უთხრა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან დამემორჩილე“ (დაბადება 22:18).
ძვ. წ. 1473 წელს ღმერთმა წინასწარმეტყველ მოსეს შთამომავლის შესახებ ზოგიერთი დეტალი გაუმჟღავნა. მოსემ ისრაელის შთამომავლებს უთხრა: „იეჰოვა, თქვენი ღმერთი, თქვენს მოძმეთაგან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს; მას უსმინეთ“ (კანონი 18:15). ამგვარად, მოსესნაირი წინასწარმეტყველი აბრაამის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.
ეს წინასწარმეტყველი მეფე დავითის შთამომავალიც იქნებოდა და დიდებული მეფე გახდებოდა. ღმერთი დავითს დაჰპირდა: „შენს შთამომავალს, შენს ვაჟს, გავამეფებ და განვუმტკიცებ მეფობას [და] მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს“ (2 სამუელი 7:12, 13). ღმერთმა ისიც გაამჟღავნა, რომ დავითის შთამომავალს ეწოდებოდა „მშვიდობის მთავარი“ და დასძინა: „მისი მმართველობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში, რათა სამართლიანობისა და სიმართლის წყალობით განმტკიცდეს და შენარჩუნდეს ეს სამეფო ახლაც და მარადიულადაც!“ (ესაია 9:6, 7). დიახ, ეს სამართლიანი წინამძღოლი აღადგენდა მშვიდობასა და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში. მაგრამ, როდის გამოჩნდებოდა ის?
მოგვიანებით ანგელოზმა გაბრიელმა ღვთის წინასწარმეტყველ დანიელს შემდეგი სიტყვები უთხრა: „უნდა იცოდე და გაიგო, რომ იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოცემიდან მესიის, წინამძღოლის, გამოჩენამდე 7 კვირა და 62 კვირა გავა“ (დანიელი 9:25). ეს 69 კვირა — თითოეულ კვირაში იგულისხმებოდა 7 წელი — მთლიანობაში 483 წელს შეადგენდა. ათვლა იწყება ძვ. წ. 455 წლიდან და ახ. წ. 29 წლამდე მივყავართ. *
რა მოხდა ახ. წ. 29 წელს? ნამდვილად მოვიდა მესია, მოსესნაირი წინასწარმეტყველი და დიდი ხნის ნანატრი შთამომავალი? მოდი გავიგოთ.
^ იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, დამატებითი ინფორმაცია 2, გვერდი 255. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.