არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეთა თვალსაზრისი განათლებაზე

იეჰოვას მოწმეთა თვალსაზრისი განათლებაზე

ყველა მშობლის მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ზრუნავენ თავიანთი შვილების მომავალზე. ამიტომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას. „განათლება უნდა ეხმარებოდეს ადამიანს, გახდეს საზოგადოების გამოსადეგი წევრი. აგრეთვე უნდა ეხმარებოდეს თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის დაფასებასა და უფრო ხალისიან ცხოვრებაში“.

„მსოფლიო ენციკლოპედიაში“ მოყვანილი ამ ციტატის თანახმად, განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადებაა, რაც მომავალში ოჯახის მოთხოვნილებებზე ზრუნვასაც მოიცავს. იეჰოვას მოწმეებისთვის ოჯახზე ზრუნვა — წმინდა მოვალეობაა. ბიბლია ამბობს: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთეს 5:8). მოწაფეობის პერიოდში ბავშვები მომავალი პასუხისმგებლობებისთვის ემზადებიან. ამიტომ იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ძალიან სერიოზულად უნდა ეკიდებოდნენ განათლებას.

„განათლება უნდა ეხმარებოდეს ადამიანს, გახდეს საზოგადოების გამოსადეგი წევრი. აგრეთვე უნდა ეხმარებოდეს თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის დაფასებასა და უფრო ხალისიან ცხოვრებაში“ („მსოფლიო ენციკლოპედია“).

მოწმეები ცდილობენ იცხოვრონ ბიბლიური მცნების შესაბამისად: „რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ, როგორც უფლისთვის, და არა როგორც კაცთათვის“ (კოლასელთა 3:23, სსგ). ეს პრინციპი ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროს ეხება, მათ შორის სკოლასაც. ამიტომ მოწმეები ახალისებენ თავიანთ ბავშვებს ბეჯითად ისწავლონ და სკოლაში დაკისრებულ დავალებებს სერიოზულად მოეკიდონ.

„რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ, როგორც უფლისთვის, და არა როგორც კაცთათვის“ (კოლასელთა 3:23, სსგ).

ბიბლია აგრეთვე ქვეყნის კანონებისადმი მორჩილებას ასწავლის. ამიტომ, თუ განსაზღვრულ ასაკამდე სასკოლო განათლება კანონით მოითხოვება, იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან ამას (რომაელთა 13:1—7).

სასარგებლო დასვენება, მუსიკა, ჰობი, ფიზიკური ვარჯიში, ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობა და მუზეუმების მონახულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველმხრივ განვითარებაში.

ბიბლია არ ამცირებს ყოველდღიური ცხოვრებისათვის მომზადების მნიშვნელობას, მაგრამ ამავე დროს გვიჩვენებს, რომ ეს არ არის განათლების ერთადერთი და მთავარი მიზანი. შედეგიანმა განათლებამ აგრეთვე სიცოცხლის ხალისი უნდა განავითაროს ბავშვებში, ჩამოაყალიბოს გაწონასწორებულ პიროვნებად და დაეხმაროს საზოგადოებაში თავიანთი ადგილის მოძებნაში. ამიტომ იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ სკოლისგან თავისუფალ დროს საქმიანობის არჩევა მეტად მნიშვნელოვანია. ისინი თვლიან, რომ სასარგებლო დასვენება, მუსიკა, ჰობი, ფიზიკური ვარჯიში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში სიარული და ასე შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველმხრივ განვითარებაში. გარდა ამისა, ისინი უნერგავენ თავის ბავშვებს უფროსებისადმი პატივისცემასა და თავაზიანობას.

რას ფიქრობ დამატებით განათლებაზე?

ახალი ტექნიკის გამო შრომის ბირჟაზე მდგომარეობა გამუდმებით იცვლება. ეს კი ნიშნავს, რომ მრავალ ახალგაზრდას მოუწევს მუშაობა ისეთ დარგში თუ ხელობაზე, რომელშიც საკმარისად ვერ ერკვევა. ასეთ შემთხვევაში მათ უფრო გამოადგებათ შრომისმოყვარეობა, პირადი გამოცდილება და განსაკუთრებით ცვლილებებთან შეგუების უნარი. შესაბამისად, უკეთესია, რომ აღორძინების ხანაში მცხოვრები ესეისტი მონტენის თანახმად, მოსწავლეები ისეთები გაიზარდონ, რომლებსაც მხრებზე „ცოდნით გატენილის ნაცვლად, მოაზროვნე თავი“ ექნებათ.

უმუშევრობა, ხშირად, ემუქრება ნაკლებად კვალიფიცირებულ ახალგაზრდებს როგორც ღარიბ აგრეთვე მდიდარ ქვეყნებში. ამიტომ, თუ შრომის ბირჟა კანონით სავალდებულო მინიმუმზე მეტს მოითხოვს, მშობლებზეა დამოკიდებული, უხელმძღვანელონ შვილებს დამატებით განათლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში და შეაფასონ ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მაგრამ, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ცხოვრებაში წარმატება მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ბევრად მეტს მოიცავს. ბოლო წლებში კარიერით გატაცებული მამაკაცები და ქალები სამუშაოს დაკარგვით ცხოვრების არსსაც კარგავდნენ. სამსახურს გადაყოლილმა ზოგმა მშობელმა იმსხვერპლა ოჯახური ცხოვრება და დრო, რომელიც ბავშვებთან უნდა გაეტარებინა და აღსაზრდელად გამოეყენებინა.

უდავოა, ყოველმხრივი განათლება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ნამდვილი ბედნიერებისთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტია საჭირო. იესო ქრისტემ თქვა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). როგორც ქრისტიანებს, იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ მატერიალურ საჭიროებებზე საზრუნველად საკუთარი თავის მომზადების გარდა, მნიშვნელოვანია მორალური და სულიერი თვისებების განვითარება.