თავი 29
სიკეთის კეთება შაბათს
-
იესო იუდეაში ქადაგებს
-
იესო ერთ ავადმყოფ კაცს კურნავს ბეთზათას აუზთან
გალილეაში იესომ მართლაც დიდი და გასაოცარი საქმეები მოიმოქმედა. მაგრამ, როგორც თავად თქვა, „სხვა ქალაქებისთვისაც უნდა ეუწყებინა სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ გალილეის ქალაქებით არ უნდა შემოფარგლულიყო. ამიტომ ის „იუდეის სინაგოგებში“ მიდის, რათა იქაც იქადაგოს (ლუკა 4:43, 44). ეს ბუნებრივიცაა, რადგან ახლა გაზაფხულია და მალე იერუსალიმში პასექის დღესასწაულის აღნიშვნის დრო ახლოვდება.
აღსანიშნავია, რომ სახარებები გალილეაში იესოს მსახურების შესახებ უფრო მეტს მოგვითხრობს, ვიდრე იუდეაში მისი მსახურების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ იუდეაში იესო ხალხის მხრიდან გულგრილობას ხვდება, ეს მას ვერ აჩერებს — იგი კვლავაც მთელი გულით ქადაგებს და ყველგან სიკეთეს თესავს.
ახ. წ. 31 წელია; იესო იუდეის მთავარ ქალაქში, იერუსალიმში ჩადის, რათა პასექის დღესასწაული აღნიშნოს. ის უახლოვდება ცხვრის კარიბჭეს, რომლის მახლობლადაც ბეთზათად წოდებული აუზია უზარმაზარი კოლონადებით, სადაც ყოველთვის უამრავი ხალხი იყრის თავს. ვინ აღარ მოდის აქ — ავადმყოფი, ბრმა, კოჭლი. მათ სჯერათ, რომ თუ აუზში იმ დროს ჩავლენ, როცა წყალი იძვრის, განიკურნებიან.
როცა იესო იქ მიდის, შაბათი დღეა. ის აუზთან ხედავს კაცს, რომელიც 38 წელზე მეტია ავადმყოფობს. იესო ეკითხება მას: „გინდა განიკურნო?“. კაცი პასუხობს: „ბატონო, კაცი არა მყავს, წყალი როცა იძვრის, აუზში რომ ჩამიშვას. სანამ მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“ (იოანე 5:6, 7).
შემდეგ იესო მას ისეთ რამეს ეუბნება, რაც უეჭველად ამ კაცსაც და გარშემომყოფთაც აოგნებს: „ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე“ (იოანე 5:8). ასეც ხდება — ეს კაცი უმალვე იკურნება, იღებს თავის საწოლს და სიარულს იწყებს!
იმის მაგივრად, რომ ამ კაცის სიხარული გაიზიარონ და მომხდარით აღფრთოვანდნენ, იუდეველები განსჯიან მას: „დღეს შაბათია და არა გაქვს შენი საკაცის ტარების უფლება“. ამაზე კაცი პასუხობს: „ვინც განმკურნა, მან მითხრა, აიღე შენი საკაცე და იარეო“ (იოანე 5:10, 11). რა სამწუხაროა, რომ ეს იუდეველები განსჯიან მას, ვინც შაბათს ავადმყოფი განკურნა.
ისინი ეკითხებიან განკურნებულს: „ვინ გითხრა, აიღე და იარეო?“. რატომ სურთ მათ ამის გაგება? მათ არ იციან, ვინ განკურნა ეს კაცი, რადგან იესო „ხალხმრავლობის გამო იქაურობას გაერიდა“; როგორც ჩანს, არც განკურნებულმა იცის მისი სახელი (იოანე 5:12, 13). მაგრამ მოგვიანებით ეს კაცი ტაძარში ხვდება იესოს და მის ვინაობას იგებს.
იგი მიდის იმ იუდეველ კაცებთან და ატყობინებს, რომ ის, ვინც განკურნა, იესოა. ამის გაგებისთანავე ეს კაცები იესოსთან მიდიან. როგორ ფიქრობთ, რის გაგება სურთ მათ? იმის ხომ არა, თუ როგორ მოახდინა იესომ ამხელა სასწაული? სამწუხაროდ, არა. ეს კაცები ადანაშაულებენ იესოს იმაში, რომ შაბათს სიკეთე გააკეთა, და მის შევიწროებასაც კი ცდილობენ.