თავი 14
იესოს პირველი მოწაფეები
-
იესოს პირველი მოწაფეები მიჰყვებიან
40 დღის გასვლის შემდეგ, სანამ უდაბნოდან გალილეისკენ მიმავალ გზას დაადგება, იესო იოანე ნათლისმცემელთან მიდის. როდესაც უახლოვდება, იოანე მისკენ იშვერს ხელს და ამბობს: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი! მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი“ (იოანე 1:29, 30). მართალია, იოანე მხოლოდ რამდენიმე თვითაა იესოზე უფროსი, მაგრამ იცის, რომ იესო მის დაბადებამდე სულიერი ქმნილება იყო და ზეცაში ცხოვრობდა.
თუმცა რამდენიმე კვირის წინ, როცა იესო მასთან მოსანათლად მივიდა, იოანემ დანამდვილებით არ იცოდა, რომ ის აღთქმული მესია იყო. „მე თვითონაც არ ვიცნობდი მას, — აღიარებს იოანე. — მაგრამ ხალხის წყალში მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის გამოცხადებოდა ისრაელს“ (იოანე 1:31).
შემდეგ იოანე მსმენელებს უამბობს, რა მოხდა იესოს ნათლობის დროს: «მე დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დარჩა მასზე. მე თვითონაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც ხალხის წყალში მოსანათლავად გამომგზავნა, მითხრა: „ვისზედაც დაინახავ, რომ სული დაეშვება და დარჩება, ის მონათლავს წმინდა სულით“. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს კაცი ღვთის ძეა» (იოანე 1:32—34).
მეორე დღეს, როდესაც იესო კვლავ მიდის იოანესთან, ეს უკანასკნელი თავის ორ მოწაფესთან ერთადაა. იოანე ეუბნება მათ: „აი ღვთის კრავი!“ (იოანე 1:36). ეს ორი მამაკაცი იესოს მიჰყვება. ერთ-ერთ მათგანს ანდრია ჰქვია, მეორე კი ის არის, ვინც იესოს ცხოვრების ეს ეპიზოდი საკუთარი ხელით დაწერა; მისი სახელი იოანეა. როგორც ჩანს, ეს ის იოანეა, რომელიც იესოს დეიდაშვილად ეკუთვნის, რადგან ის სალომეს, სავარაუდოდ, მარიამის დის და ზებედეს ვაჟია.
იესო ხედავს, რომ უკან ანდრია და იოანე მიჰყვებიან; ის ეკითხება მათ: „რას ეძებთ?“
„რაბი, სად ცხოვრობ?“ — ეკითხებიან ისინი.
„წამოდით და ნახავთ“, — პასუხობს იესო (იოანე 1:37—39).
დაახლოებით დღის ოთხი საათია; ანდრია და იოანე მთელ დარჩენილ დღეს იესოსთან ერთად ატარებენ. გახარებული ანდრია რამდენიმე ხანში თავის ძმას, სიმონს პოულობს და ეუბნება: „მესია ვიპოვეთ“; ეს ის სიმონია, რომელსაც მოგვიანებით პეტრე ეწოდა (იოანე 1:41). ანდრიას პეტრე იესოსთან მიჰყავს. მოგვიანებით განვითარებული მოვლენებიდან ვხედავთ, რომ იოანეც მსგავსად მოიქცა; როგორც ჩანს, მანაც თავისი ძმა, იაკობი იესოსთან მიიყვანა, თუმცა მას ეს დეტალი არ მოუხსენიებია სახარებაში.
მომდევნო დღეს იესო ფილიპეს ხვდება, რომელიც ბეთსაიდიდანაა. ეს ქალაქი გალილეის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს. ანდრია და პეტრეც ამ ქალაქიდან არიან. იესო უხმობს ფილიპეს: „გამომყევი“ (იოანე 1:43).
შემდეგ ფილიპე ნათანაელის, იგივე ბართლომეს, მოსაძებნად მიდის, და როცა პოულობს, ეუბნება: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში და ვისზეც წერდნენ წინასწარმეტყველები — იესო, იოსების ვაჟი, ნაზარეთიდან“. ნათანაელს აეჭვებს მისი ნათქვამი და ეკითხება: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“
„წამოდი და ნახე“, — დაჟინებით სთხოვს ფილიპე. იესო, როცა თავისკენ მომავალ ნათანაელს ხედავს, ამბობს: „აი ნამდვილი ისრაელი, რომელშიც არ არის ცბიერება“.
„საიდან მიცნობ?“ — ეკითხება ნათანაელი.
„როცა ლეღვის ქვეშ იყავი, სანამ ფილიპე დაგიძახებდა, დაგინახე“, — პასუხობს იესო.
„რაბი, შენ ღვთის ძე ხარ, შენ ისრაელის მეფე ხარ“, — გაოცებას ვერ მალავს ნათანაელი.
„იმიტომ ხომ არ გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? — ეკითხება იესო. — ამაზე მეტს იხილავ“. შემდეგ იესო ასეთ დაპირებას იძლევა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იხილავთ გახსნილ ცას და კაცის ძესთან ჩამომავალ და ამავალ ღვთის ანგელოზებს“ (იოანე 1:45—51).
მალე იესო თავის ახალშეძენილ მოწაფეებთან ერთად ტოვებს იორდანის ველს და გალილეაში მიემგზავრება.