თავი 18
„ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“
მათე 4:12; მარკოზი 6:17—20; ლუკა 3:19, 20; იოანე 3:22—4:3
-
იესოს მოწაფეები ხალხს ნათლავენ
-
იოანე ნათლისმცემელს აპატიმრებენ
ახ. წ. 30 წლის გაზაფხულია. პასექმა უკვე ჩაირა. იესო თავის მოწაფეებთან ერთად ტოვებს იერუსალიმს. თუმცა ისინი პირდაპირ მშობლიურ მხარეში, გალილეაში კი არ ბრუნდებიან, არამედ ისევ იუდეის მხარეში განაგრძობენ ქადაგებას, სადაც ბევრი უსმენს მათ და ინათლება. დაახლოებით ერთი წელია, რაც იოანე ნათლისმცემელიც იმავე საქმეს ასრულებს და ზოგი მისი მოწაფე ჯერ კიდევ მასთანაა; ისინი, სავარაუდოდ, კვლავ იორდანის ველზე არიან.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ იესო არავის ნათლავს, თუმცა ამ საქმეს იესოს მოწაფეები მისი ხელმძღვანელობით ასრულებენ. ამ დროს იესოც და იოანეც ერთი და იმავე საქმით არიან დაკავებული — ასწავლიან იუდეველებს, რომლებიც კანონის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს ინანიებენ (საქმეები 19:4).
როდესაც იოანეს მოწაფეები ხედავენ, რამდენი ადამიანი უსმენს იესოსა და მის მოწაფეებს, შურთ მათი და იოანეს შესჩივიან: „ის [იესო], ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო . . . ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“ (იოანე 3:26). თუმცა მოწაფეებისგან განსხვავებით, იოანეს ნამდვილად არ შურს იესოსი. პირიქით, მას უხარია, იესოს ამდენი ხალხი რომ მიჰყვება და სურს, მისმა მოწაფეებმაც გაიზიარონ ეს სიხარული. ის ახსენებს მათ თავის ნათქვამს: „თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, ქრისტე არა ვარ-მეთქი, არამედ მის წინ ვარ გამოგზავნილი“. უკეთ რომ ჩასწვდნენ მის ნათქვამს, იოანეს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა, ხოლო ნეფის მეგობარს, როცა დგას და უსმენს ნეფის ხმას, განსაკუთრებულად უხარია. მეც ამიტომ მიხარია ასე“ (იოანე 3:28, 29).
ამ მაგალითში იოანე თავს ნეფის მეგობარს ადარებს, რომელსაც დიდი სიხარული მოჰგვარა იმან, რომ რამდენიმე თვის წინ თავისი მოწაფეები იესოს გააცნო, რომელთაგანაც ზოგი გაჰყვა მას; ამან მათ იმის შესაძლებლობა მისცა, რომ წლების შემდეგ წმინდა სულით ყოფილიყვნენ ცხებული. იოანეს მთელი გულით უნდა, რომ ის მოწაფეებიც, რომელთაც ახლა ესაუბრება, იესოს მიმდევრები გახდნენ; იოანეს მიზანი სწორედ ესაა — მოამზადოს გზა იესოსთვის. იგი ამბობს: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“ (იოანე 3:30).
წლების შემდეგ იესოს ერთ-ერთმა მოციქულმა, რომელიც ერთ დროს იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო და რომელსაც აგრეთვე იოანე ერქვა, იესოს წარმოშობისა და მისი განსაკუთრებული როლის შესახებ დაწერა: „მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღალია . . . მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელში. ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოანე 3:31, 35, 36). ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა და ყველამ უნდა იცოდეს!
მას შემდეგ მალევე, რაც იოანე ნათლისმცემელმა თავის მოწაფეებს აუხსნა, რომ დროთა განმავლობაში მისი საქმე ამოიწურებოდა, ის მეფე ჰეროდემ დააპატიმრა. მისი დაპატიმრების მიზეზი ის იყო, რომ მან ჰეროდე ამხილა, რადგან ამ უკანასკნელს არ ჰქონდა უფლება, თავისი ნახევარძმის, ფილიპეს ცოლზე, ჰეროდიაზე ექორწინა. როცა იესო იოანეს დაპატიმრების ამბავს იგებს, თავის მოწაფეებთან ერთად ტოვებს იუდეის მხარეს და გალილეისკენ იღებს გეზს (მათე 4:12; მარკოზი 1:14).