არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლა

ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლა

თავი მერვე

ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლა

1. განსაკუთრებულად ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს ბოროტ სულთა მოქმედება?

 ბევრს სასაცილოდ მიაჩნია ბოროტი სულების არსებობა. მაგრამ ამ საკითხს არასერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ. იმის მიუხედავად, სჯერათ თუ არა ადამიანებს მათი არსებობის, ბოროტი სულები ნამდვილად არსებობენ და ყველაზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას. ამისგან არც იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან დაზღვეული. ისინი მთავარ სამიზნესაც კი წარმოადგენენ. ამის თაობაზე მოციქული პავლე შემდეგ გაფრთხილებას გვაძლევს: „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ [უხილავ] მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (ეფესელთა 6:12). ჩვენს დღეებში ბოროტი სულები, ისე როგორც არასდროს, მთელ ძალ-ღონეს ხმარობენ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად, რადგან სატანა ზეციდან არის გადმოგდებული და გააფთრებულია იმის გამო, რომ მცირე დრო დარჩა (გამოცხადება 12:12).

2. როგორ შეგვიძლია ზეადამიანური სულების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება?

2  ნუთუ შესაძლებელია ზეადამიანური სულების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება? დიახ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვაზე სრულიად მინდობით. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მას და დავემორჩილოთ მის სიტყვას. ამგვარი მოქმედებით თავს ავარიდებთ სატანის ზეგავლენით გამოწვეულ ფიზიკურ, მორალურ და ემოციურ ზიანს (იაკობი 4:7).

მსოფლიო მმართველები ცისქვეშეთში

3. ვის და როგორ ეწინააღმდეგება სატანა გააფთრებით?

3  იეჰოვა მხატვრული ენით აღგვიწერს, როგორ ხედავს მსოფლიო მდგომარეობას ზეციდან. მან აჩვენა მოციქულ იოანეს ხილვა, რომელშიც სატანა წარმოდგენილი იყო, როგორც „დიდი წითელი გველეშაპი“. თუკი შესაძლებლობა მიეცემოდა, გველეშაპი მზად იყო, ღვთის მესიანური სამეფო, 1914 წელს ზეცაში მისი დამყარებისთანავე შთაენთქა. სატანის ეს მცდელობა მარცხით დამთავრდა, რის შემდეგაც მან თავისი რისხვა ამ სამეფოს მიწიერ წარმომადგენლებზე გადმოანთხია (გამოცხადება 12:3, 4, 13, 17). ამჯერად როგორ აწარმოებდა სატანა ამ ომს? ადამიანებს შორის თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

4. ვინ აძლევს ძალაუფლებას ადამიანთა მთავრობებს და საიდან ვიცით ეს?

4  იოანემ აგრეთვე იხილა შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება „ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“. ამ მხეცით წარმოდგენილია მსოფლიო პოლიტიკური სისტემა. იოანეს ემცნო, რომ „მისცა მას [მხეცს] გველეშაპმა [სატანა ეშმაკმა] თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება“ (გამოცხადება 13:1, 2, 7). დიახ, სატანა აძლევს ძალასა და ძალაუფლებას ადამიანთა მთავრობებს. შესაბამისად, როგორც მოციქულმა პავლემ დაწერა, წუთისოფლის ნამდვილი მპყრობელნი „ცისქვეშეთის ბოროტი სულები“ არიან, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ ადამიანთა მთავრობებს. ყველამ, ვისაც გულით სწადია იეჰოვასადმი თაყვანისცემა, სავსებით უნდა გაანალიზოს ამის მნიშვნელობა (ლუკა 4:5, 6).

5. ამჟამად რა მიზნით ეყრებათ თავი ქვეყნიურ მმართველებს?

5  თუმცა ბევრი ქვეყნიური მმართველი თავს მორწმუნედ თვლის, არც ერთი სახელმწიფო არ ემორჩილება იეჰოვას მმართველობას ან მის მიერ დანიშნულ მეფე იესო ქრისტეს. ყველა გააფთრებით იბრძვის საკუთარი ძალაუფლებისთვის. როგორც წიგნ „გამოცხადებაშია“ ნაჩვენები, დღეს „ეშმაკის სულები“ მსოფლიო მმართველებს კრებენ „საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის“, არმაგედონისთვის (გამოცხადება 16:13, 14, 16; 19:17—19).

6. რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა ჩვენდა უნებურად არ აღმოვჩნდეთ სატანის სისტემის მხარდამჭერნი?

6  ყოველდღიურად ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და რელიგიური კონფლიქტები, რომლებიც ყოფს ადამიანთა ოჯახს. ამ კონფლიქტების დროს ჩვეულებრივი რამ არის, რომ ადამიანები — სიტყვით იქნება ეს თუ საქმით — მიემხრონ გარკვეულ სახელმწიფოს, ტომს, ენობრივ ჯგუფს ან საზოგადოებრივ კლასს, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები უშუალოდ არ ერევიან ამა თუ იმ კონფლიქტში, ხშირად ერთ მხარეს ამჯობინებენ მეორეს. იმისდა მიუხედავად, თუ რომელი ადამიანის ან მიმდინარეობის ინტერესებს იცავენ, ვის უჭერენ ისინი სინამდვილეში მხარს? ბიბლია პირდაპირ აცხადებს: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19, აქ). მაშინ, როგორ შეუძლია ადამიანს თავი აარიდოს იმას, რომ დანარჩენი ადამიანებივით არ იყოს შეცდომაში შეყვანილი? მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სამეფოს სრული მხარდაჭერითა და ქვეყნიური კონფლიქტების დროს სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით (იოანე 17:15, 16).

ბოროტის მზაკვრული ხერხები

7. როგორ იყენებს სატანა დახელოვნებულად ცრუ რელიგიას?

7  მთელი ისტორიის მანძილზე სატანა სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფითა და დევნით ცდილობდა, ადამიანები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან ჩამოეშორებინა. ის აგრეთვე უფრო მოხერხებულ მეთოდებს იყენებდა — მზაკვრულად მოქმედებდა და ვერაგულად სახავდა გეგმებს. ის დახელოვნებულია, რომ ადამიანების უმეტესობა უმეცრებაში ამყოფოს ცრუ რელიგიის საშუალებით და აფიქრებინოს, რომ ნამდვილად ღმერთს ემსახურებიან. ისინი, რომლებიც ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნასა და ჭეშმარიტებისადმი ნამდვილ სიყვარულს არიან მოკლებული, შეიძლება მისტიკურმა და შთამბეჭდავმა რელიგიურმა მსახურებამ მიიზიდოს ან მათზე შთაბეჭდილება სასწაულებრივმა საქმეებმა მოახდინოს (2 თესალონიკელთა 2:9, 10). მაგრამ გაფრთხილება მოგვეცა, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულთა შორისაც კი ‘ზოგიერთები განდგებოდნენ, დაუჯერებდნენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს’ (1 ტიმოთე 4:1). როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

8. როგორ შეუძლია სატანას შეგვიტყუოს ცრუ რელიგიაში მაშინაც კი, თუ იეჰოვას თაყვანისმცემლები ვართ?

8  ეშმაკი ბოროტად სარგებლობს ჩვენი სისუსტეებით. ჯერ კიდევ შეპყრობილი ვართ ადამიანების შიშით? მაშინ, შესაძლოა, ნათესავებისა და მეზობლების გავლენაში მოვექცეთ და ისეთ რიტუალებში ვიმონაწილეოთ, რომლებიც ცრუ რელიგიიდან იღებს სათავეს. ვართ ამაყები? თუ ეს ასეა, შესაძლოა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძნოთ, როცა რჩევა-დარიგებას გვაძლევენ ან როცა სხვები ჩვენს აზრებს არ ეთანხმებიან (იგავნი 15:10; 29:25; 1 ტიმოთე 6:3, 4). იმის მაგივრად, რომ ქრისტეს მივბაძოთ და შევიცვალოთ საკუთარი თვალსაზრისი, შესაძლოა „ყურის მაამებელთა“ მოსმენა მოვისურვოთ, რომელთა აზრითაც, საკმარისია ბიბლიის კითხვა და პატიოსნად ცხოვრება (2 ტიმოთე 4:3). სატანისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვხდებით თუ არა სხვა რომელიმე რელიგიური ჯგუფის წევრები თუ, უბრალოდ, საკუთარი შეხედულებები გვაქვს რელიგიაზე. მისთვის მთავარი ისაა, რომ არ ვცეთ თაყვანი იეჰოვას მისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით მოცემული ხელმძღვანელობის შესაბამისად.

9. როგორ სარგებლობს სატანა სქესობრივი სიახლოვის სურვილით თავისი მიზნების მისაღწევად?

9  სატანა აგრეთვე მზაკვრულად აცდუნებს ადამიანებს, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები არასწორი გზით დაიკმაყოფილონ. ის ასეთი სახით სქესობრივი სიახლოვის სურვილს იყენებს. ამ წუთისოფელში ბევრი უკუაგდებს ბიბლიის მორალურ პრინციპებს და დაუქორწინებელ ადამიანებს შორის სქესობრივ კავშირს სავსებით დასაშვებ სიამოვნებად ან იმის დამამტკიცებელ საშუალებად მიიჩნევს, რომ უკვე სრულწლოვანია. რა შეიძლება ითქვას დაქორწინებულებზე? მათგან ბევრი მრუშობს. მაშინაც კი, თუ დაქორწინებულები ერთმანეთს არ ღალატობენ, მათგან უმრავლესობა მაინც ცდილობს განქორწინებას ან განცალკევებას, რათა სხვასთან იცხოვრონ. სატანა მოხერხებულად ცდილობს თავისი მიზნის მიღწევას — მას სურს, რომ ადამიანებმა დღევანდელი სიამოვნებით იცხოვრონ და არ იფიქრონ იმაზე, თუ მომავალში როგორ იმოქმედებს ასეთი ცხოვრების წესი არა მარტო მათზე ან სხვებზე, არამედ იეჰოვასა და მის ძესთან მათ ურთიერთობაზე (1 კორინთელთა 6:9, 10; გალატელთა 6:7, 8).

10. რით სარგებლობს სატანა უზნეობისა და ძალადობის შესახებ ჩვენი თვალსაზრისის დასამახინჯებლად?

10  აგრეთვე, ადამიანის ბუნებრივი სურვილია, გაერთოს. გონივრული გართობა შეიძლება გამომაცოცხლებელი იყოს ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად. მაგრამ, როგორ ვრეაგირებთ, როცა სატანა მოხერხებულად სარგებლობს გასართობი საშუალებებით იმისათვის, რომ აზროვნებით ღმერთს ჩამოგვაშოროს? მაგალითად, ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ იეჰოვას სძულს სექსუალური უზნეობა და ძალადობა. როდესაც კინოფილმებში, სატელევიზიო პროგრამებსა და სპექტაკლებში უზნეობა და ძალადობაა წარმოდგენილი, უნდა განვაგრძოთ ყურება? აგრეთვე გახსოვდეს: სატანა უსათუოდ იზრუნებს იმაზე, რომ აღსასრულის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მოიკიდოს ფეხი უზნეობამ და ძალადობამ, რადგან „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები... წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:13). ამიტომ გამუდმებით უნდა ვიფხიზლოთ, რომ სატანამ ვერ შეძლოს თავისი ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელება (დაბადება 6:13; ფსალმუნი 10:5; რომაელთა 1:24—32).

11. როგორ შეიძლება ის ადამიანიც კი ცდუნდეს, ვინც იცის სიმართლე სპირიტიზმის შესახებ, თუ არ იფხიზლებს?

11  აგრეთვე ვიცით, რომ ისინი, ვინც სპირიტიზმის ნებისმიერი ფორმით — მკითხაობით, გრძნეულებით, მიცვალებულებთან კონტაქტის დამყარების მცდელობით — არიან გართული, სძულს იეჰოვას (მეორე რჯული 18:10—12). ჩვენ აზრადაც არ მოგვივიდოდა, რომ რჩევისთვის მკითხავებისთვის მიგვემართა და მათი დემონური ხელოვნების სანახავად სახლში მიგვეპატიჟებინა. მაგრამ, ნუთუ მოვუსმენდით მათ, თუ ტელევიზორის ეკრანზე ან ინტერნეტში გამოჩნდებოდნენ? შესაძლოა არასდროს დავთანხმებულიყავით, რომ შემლოცველს ემკურნალა ჩვენთვის, მაგრამ, შევაბამდით ახალშობილს მაჯაზე ზონარს, რომელიც, ვითომცდა ბავშვს ზიანისგან დაიცავდა? რადგან ვიცით, რომ ბიბლია განსჯის მომნუსხველობას, დავრთავდით ნებას ჰიპნოტიზიორს, რომ დაუფლებოდა ჩვენს გონებას? (გალატელთა 5:19—21).

12. ა) როგორ შეიძლება მუსიკის მოსმენით ისეთ რამეზე დავიწყოთ ფიქრი, რაც ვიცით, რომ არასწორია? ბ) როგორ შეიძლება ადამიანის ჩაცმულობა, ვარცხნილობა ან ლაპარაკის მანერა მიანიშნებდეს, რომ ის იწონებს იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების წესიც არ არის მოსაწონი იეჰოვასთვის? გ) რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სატანამ თავისი ხრიკების გამოყენებით არ გვაცდუნოს?

12  ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიძვა და ყველანაირი სახის უწმინდურობა (ბინძური ზრახვებით) არც კი უნდა მოიხსენიებოდეს ჩვენ შორის (ეფესელთა 5:3—5). მაგრამ, რას ვიტყოდით, თუ ასეთი შინაარსის ტექსტები ახლავს სასიამოვნო მელოდიის, მიმზიდველი ან ინტენსიური რიტმის მუსიკას? დავიწყებდით სიმღერის ისეთი სიტყვების გამეორებას, რომლებიც ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს, სიამოვნების მიღების მიზნით ნარკოტიკების გამოყენებას და სხვა ცოდვილ ქმედებებს წარმოგვიდგენს როგორც რაღაც საუცხოოს. ვიცით, რომ არ უნდა მივბაძოთ ისეთი ადამიანების ცხოვრების წესს, რომლებიც ხელს მიჰყოფენ ასეთ საქმეებს, მაგრამ გვაქვს მიდრეკილება, დავემსგავსოთ ასეთებს მათი ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და ლაპარაკის მანერის მიბაძვით? რა მზაკვრულ ხერხებს იყენებს სატანა ადამიანების შესაცდენად, რათა მისი მომწამვლელი აზროვნების გავლენის ქვეშ მოექცნენ! (2 კორინთელთა 4:3, 4). იმისათვის, რომ თავისი ხრიკების გამოყენებით არ გვაცდუნოს, არ უნდა მივყვეთ ამ წუთისოფლის დინებას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ ვინ არიან „ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელნი“ და გამუდმებით ვიბრძოლოთ, რომ არ მოგვაქციონ თავიანთ გავლენაში (1 პეტრე 5:8).

გამარჯვებისთვის აღჭურვილნი

13. როგორ შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს არასრულყოფილების მიუხედავად, სძლიოს ამ წუთისოფელს, რომელსაც სატანა მართავს?

13  იესომ სიკვდილამდე თავის მოციქულებს უთხრა: „გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33). ისინიც შეძლებდნენ გამარჯვებას. დაახლოებით 60 წლის შემდეგ იოანე მოციქულმა დაწერა: „ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?“ (1 იოანე 5:5). ასეთ რწმენას იმით ვავლენთ, რომ ვემორჩილებით იესოს მითითებებს და, მის მსგავსად, ღვთის სიტყვით ვხელმძღვანელობთ. კიდევ რა მოგვეთხოვება? დავრჩეთ ახლო ურთიერთობაში კრებასთან, რომლის თავიც იესოა. შეცოდების შემთხვევაში ჩვენ მთელი გულით უნდა მოვინანიოთ და იესოს მსხვერპლის საფუძველზე ვეძებოთ ღვთის პატიება. ამგვარად, არასრულყოფილებისა და შეცდომების მიუხედავად, ჩვენც შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას (ფსალმუნი 129:3, 4).

14. წაიკითხე ეფესელთა 6:13—17 და გამოიყენე ამ აბზაცში მოცემული კითხვები საღვთო წერილიდან მოყვანილ ადგილებთან ერთად იმის განსახილველად, თუ როგორ შეგიძლია ისარგებლო სულიერი საჭურვლით.

14  წარმატების მისაღწევად „ღვთის სრული საჭურვლით“ უნდა შევიმოსოთ და მისი არც ერთი ნაწილი არ უგულებელვყოთ. გადაშალე ბიბლია ეფესელთა 6:13—17-ზე და წაიკითხე, როგორ აღიწერება ეს საჭურველი. შემდეგ, ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემით დაფიქრდი, როგორ შეგიძლია ისარგებლო ამ საჭურვლის თითოეული ნაწილით.

„ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი“

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიცით ჭეშმარიტება, როგორ გვიცავს რეგულარული შესწავლა, ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე დაფიქრება და კრების შეხვედრებზე დასწრება? (1 კორინთელთა 10:12, 13; 2 კორინთელთა 13:5; ფილიპელთა 4:8, 9).

„სიმართლის ჯავშანი“

ვინ ადგენს სიმართლის ნორმებს? (გამოცხადება 15:3).

თვალსაჩინოდ აჩვენე, სულიერად როგორ დააზარალებდა ადამიანს იეჰოვას სიმართლის ნორმების უგულებელყოფა (მეორე რჯული 7:3, 4; პირველი მეფეთა 15:22, 23).

„ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად“

რატომ ვართ დაცულნი, თუ იმ მიზნით მივდივართ ადამიანებთან, რომ ვესაუბროთ მშვიდობის დასამყარებლად ღვთის მიერ შემუშავებული ღონისძიების შესახებ? (ფსალმუნი 72:2, 3; რომაელთა 10:15; 1 ტიმოთე 5:13).

„რწმენის ფარი“

თუ ჩვენს რწმენას მტკიცე საფუძველი აქვს, როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ ჩვენს დაეჭვებას ან შეშინებას შეეცდებიან? (მეოთხე მეფეთა 6:15—17; 2 ტიმოთე 1:12).

„ხსნის ჩაჩქანი“

როგორ ეხმარება ადამიანს გადარჩენის იმედი, თავი აარიდოს ქონების დაგროვებაზე გადაჭარბებულად ზრუნვას? (1 ტიმოთე 6:7—10, 19).

„სულის მახვილი“

რაზე უნდა ვიყოთ ყოველთვის დაიმედებული, როდესაც თავიდან ვირიდებთ შეუპოვარ თავდასხმებს ჩვენს ან სხვების სულიერობაზე? (ფსალმუნი 118:98; იგავნი 3:5, 6; მათე 4:3, 4).

კიდევ რა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად? რამდენად ხშირად უნდა გავაკეთოთ ეს? ვის სასარგებლოდ ვმოქმედებთ ამგვარად? (ეფესელთა 6:18, 19).

15. როგორ შეგვიძლია შეტევაზე გადასვლა სულიერ ბრძოლაში?

15  ჩვენ, როგორც ქრისტეს მეომრები, იმ დიდი ლაშქრის ნაწილს წარმოვადგენთ, რომელიც სულიერ ბრძოლაში მონაწილეობს. თუ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ და კარგად ვისარგებლებთ ღვთის სრული საჭურვლით, არ დავიღუპებით ამ ბრძოლაში. ნაცვლად ამისა, ღვთის სხვა მსახურებს გავაძლიერებთ. ჩვენ მზად ვიქნებით და მთელი ძალებით გადავალთ შეტევაზე იმით, რომ ღვთის მესიანური სამეფოს, იმ ზეციერი მმართველობის შესახებ გავავრცელებთ სასიხარულო ცნობას, რომელსაც ასე ძლიერ ეწინააღმდეგება სატანა.

გამეორება

• რატომ ინარჩუნებენ იეჰოვას თაყვანისმცემლები სრულ ნეიტრალიტეტს კონფლიქტების დროს?

• რა მზაკვრულ ხერხებს იყენებს სატანა იმისათვის, რომ ქრისტიანები სულიერად დასცეს?

• როგორ გვიცავს ღვთის მიერ ბოძებული სულიერი საჭურველი სულიერ ბრძოლაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 76 გვერდზე]

ერები იკრიბებიან არმაგედონისთვის.