არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 12

„უსამართლოა ღმერთი?“

„უსამართლოა ღმერთი?“

1. როგორი გრძნობა შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა უსამართლობას ვხედავთ?

 ᲠᲐ ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ გაგიჩნდებოდა, თაღლითებს ხანში შესული ქვრივისთვის წლების მანძილზე გადანახული დანაზოგი რომ გამოეძალათ, ან უსულგულო მშობლებს ჩვილი ბავშვი უპატრონოდ რომ მიეგდოთ, ანდა უდანაშაულო ადამიანი რომ დაეპატიმრებინათ? ალბათ, უსიამოვნების მწვავე გრძნობა გაგიჩნდებოდა და თავისთავად ცხადია, თუ რატომ. ჩვენ, ადამიანებს კარგად გვესმის, რა არის სწორი და რა არასწორი. მაგალითად, ვბრაზდებით, როცა ვინმეს უსამართლოდ ექცევიან და გვინდა, რომ დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურონ, ხოლო ბოროტების ჩამდენი დასაჯონ. თუ საქმე ასე არ წავა, შეიძლება აღმოგვხდეს: ნუთუ ღმერთი ვერ ხედავს, რაც ხდება? რატომ არაფერს აკეთებს?

2. როგორ გამოხატა თავისი გრძნობა აბაკუმმა უსამართლობაზე და რატომ არ გაკიცხა იეჰოვამ ამის გამო?

2 კაცობრიობის ისტორიის მანძილზე იეჰოვას ერთგულ მსახურებს მსგავსი კითხვა არაერთხელ დაჰბადებიათ. მაგალითად, წინასწარმეტყველი აბაკუმი ღმერთს ეკითხებოდა: „რატომ მაყურებინებ ბოროტებას და რატომ იწყნარებ ჩაგვრას?! რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ?! რატომაა ირგვლივ შუღლი და დავა?!“ (აბაკუმი 1:3). მიუხედავად ასეთი გამოხატვისა, იეჰოვას არ გაუკიცხავს აბაკუმი, რადგან თავად დააჯილდოვა ადამიანი სამართლიანობის გრძნობით, რომელსაც თვითონ აბსოლუტურად ფლობს.

იეჰოვას სძულს უსამართლობა

3. რატომ ვამბობთ, რომ იეჰოვა ჩვენზე უკეთ ხედავს, სად რა უსამართლობა ხდება?

3 იეჰოვას თვალს უსამართლობა არასოდეს ეპარება. ყოველთვის ხედავს, რაც ხდება. მაგალითად, ნოეს დროინდელი მდგომარეობის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ბოროტება და ადამიანებს მხოლოდ ბოროტი ზრახვები ჰქონდათ“ (დაბადება 6:5). რას ნიშნავს ეს სიტყვები? ხშირად ჩვენ მიერ სამართლიანობის შეგრძნება იმ რამდენიმე შემთხვევით შემოიფარგლება, რომელთა შესახებაც გვსმენია ან პირადად შევსწრებივართ. იეჰოვამ კი იცის მთელ დედამიწაზე, სად რა უსამართლობა ხდება. მას არაფერი გამოეპარება! უფრო მეტიც, იმ მოტივებსაც ხედავს, რის გამოც ადამიანები ბოროტებას სჩადიან (იერემია 17:10).

4, 5. ა) როგორ არის ნაჩვენები ბიბლიაში, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვისაც უსამართლოდ ექცევიან? ბ) როგორ გამოსცადა იეჰოვამ საკუთარ თავზე უსამართლობა?

4 მაგრამ იეჰოვა პასიურად არ აკვირდება უსამართლობას. ის უსამართლობით სულგამწარებულებზეც ზრუნავს. იეჰოვას ებრალებოდა ისრაელი ერი, „მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში რომ გმინავდნენ“ (მსაჯულები 2:18). ალბათ, შეგიმჩნევია, რომ რაც უფრო მეტ უსამართლობას ხვდებიან, ადამიანებს მით უფრო უქვავდებათ გული. მაგრამ იეჰოვას — არა! მას დაახლოებით 6 000 წლის განმავლობაში ჩადენილი უსამართლობის არცერთი ფაქტი არ გამოჰპარვია და უსამართლობის მიმართ სიძულვილი არასოდეს განელებია. ბიბლია იმასაც კი გვეუბნება, რომ „მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ და „ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე“ საძულველია მისთვის (იგავები 6:16—19).

5 ისიც ვნახოთ, თუ რა მკაცრად კიცხავდა იეჰოვა ისრაელის უსამართლო წინამძღოლებს. „განა არ უნდა იცოდეთ, რა არის სამართალი?!“ — იკითხა მან წინასწარმეტყველის მეშვეობით. იეჰოვამ ჯერ ცხადი სურათი წარმოგვიდგინა, თუ რა ბოროტად იყენებდნენ გახრწნილი მამაკაცები მიცემულ ძალაუფლებას, და შემდეგ იწინასწარმეტყველა, რას მოუტანდა ეს მათ: „მაშინ საშველად მოუხმობენ იეჰოვას, მაგრამ ის არ უპასუხებს მათ; ზურგს შეაქცევს მათი ბოროტი საქმეების გამო“ (მიქა 3:1—4). როგორ ეზიზღება იეჰოვას უსამართლობა! მან ხომ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რა არის ეს! ათასობით წელია, რაც სატანა ღმერთს უსამართლოდ და გესლიანად შეურაცხყოფს (იგავები 27:11). ყველაზე საშინელი უსამართლობა კი იეჰოვამ მაშინ გამოსცადა, როცა მისი ძე, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია, სიკვდილით დასაჯეს, როგორც ბოროტმოქმედი (1 პეტრე 2:22; ესაია 53:9). დიახ, იეჰოვამ იცის, რა არის უსამართლობა და თანაგრძნობით ეკიდება იმ ხალხის მწვავე მდგომარეობას, ვინც უსამართლობით იტანჯება.

6. როგორი გრძნობა შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა უსამართლობას ვაწყდებით და რატომ?

6 და მაინც, როცა უსამართლობას ვხედავთ ან მისი მსხვერპლი ვხდებით, სავსებით ბუნებრივია, რომ უსიამოვნების მწვავე გრძნობა გაგვიჩნდეს. ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი, ხოლო უსამართლობა ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ღვთის პრინციპებს (დაბადება 1:27). მაშ, რატომღა უშვებს ღმერთი უსამართლობას?

მნიშვნელოვანი საკითხი

7. ახსენი, როგორ დადგა ეჭვქვეშ ღვთის სახელი და ის, თუ რამდენად სამართლიანი მმართველია.

7 ამ კითხვის პასუხი მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. როგორც ვიცით, შემოქმედი ქვეყნიერებისა და ყოველი სულდგმულის სამართლიანი ხელისუფალია (ფსალმუნი 24:1; გამოცხადება 4:11). მიუხედავად ამისა, კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში იეჰოვას სახელი შეიბღალა და მისი მმართველობის უფლება ეჭვქვეშ დადგა. რა მოხდა? იეჰოვამ პირველ ადამიანს, ადამს, უბრძანა, რომ არ ეჭამა სამოთხის ბაღში მდგარი ერთ-ერთი ხის ნაყოფი. რა მოუვიდოდა, თუ არ დაემორჩილებოდა? ღმერთმა უთხრა, რომ მოკვდებოდა (დაბადება 2:17). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ბრძანების შესრულება ადამისა და მისი ცოლისთვის, ევასთვის, რთული არ იყო, სატანამ ევა იმაში დაარწმუნა, რომ ღმერთი მათ უფლებებს მეტისმეტად ზღუდავდა. რა მოხდებოდა, თუ ევა აკრძალული ხის ნაყოფს იგემებდა? სატანამ ევას გადაჭრით უთხრა: „არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“ (დაბადება 3:1—5).

8. ა) რაზე მიანიშნებდა სატანა იმით, რაც ევას უთხრა? ბ) რა დააყენა სატანამ ეჭვქვეშ?

8 ამ განაცხადით სატანა არა მარტო იმას ამბობდა, რომ იეჰოვამ ევას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა, არამედ იმასაც, რომ მოატყუა იგი. მაცდურმა ევას ეჭვები გაუჩინა იეჰოვას პიროვნების მიმართ, რითაც შეურაცხყო მისი სახელი. მან აგრეთვე, ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესობა ანუ ის, თუ რამდენად სამართლიანი მმართველი იყო იგი. სატანა ფრთხილობდა, რომ პირდაპირ არ ეთქვა, იეჰოვა არ უნდა იყოს უზენაესი ხელისუფალიო. მაგრამ მან ეჭვქვეშ დააყენა ღვთის უზენაესობის კანონიერება, მართებულობა და სამართლიანობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმას ამტკიცებდა, რომ იეჰოვა არ იყენებდა ძალაუფლებას სამართლიანად და თავის ქვეშევრდომთა სასარგებლოდ.

9. ა) რა დაემართათ ადამსა და ევას დაუმორჩილებლობის შედეგად და რომელი უმნიშვნელოვანესი კითხვები წამოიჭრა? ბ) რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ ურჩები?

9 ამის შემდეგ ადამი და ევა არ დაემორჩილნენ იეჰოვას და აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამეს. და როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები, თავიანთი ურჩობის გამო ისინი სიკვდილით დაისჯებოდნენ. სატანის სიცრუემ უმნიშვნელოვანესი კითხვები წამოჭრა: აქვს კი იეჰოვას კაცობრიობაზე მმართველობის უფლება თუ ადამიანები თვითონ უნდა განაგებდნენ საკუთარ თავს? იყენებს კი იეჰოვა უზენაესობას იმისათვის, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს? ყოვლისშემძლე ღმერთს შეეძლო ძალა გამოეყენებინა და ურჩები დაუყოვნებლივ გაენადგურებინა, მაგრამ ეჭვქვეშ იეჰოვას ძალა კი არ დადგა, არამედ მისი სახელი, რაც მის მმართველობას მოიაზრებს. ადამის, ევას და სატანის განადგურება ღვთის ხელისუფლების მართებულობის მტკიცება ვერ იქნებოდა. პირიქით, კითხვა კითხვაზე წამოიჭრებოდა. ასე რომ, ერთადერთი საშუალება ჟამთა სვლა იყო, რომელსაც უნდა გაერკვია, შეძლებდა თუ არა ხალხი წარმატებით ეხელმძღვანელა საკუთარი თავისთვის.

10. რა გამოააშკარავა ისტორიამ ადამიანთა მმართველობის შესახებ?

10 რა გამოააშკარავა ჟამთა სვლამ? ათასწლეულების განმავლობაში ადამიანებმა მმართველობის სხვადასხვა ფორმა მოსინჯეს — ავტოკრატიული, დემოკრატიული, სოციალისტური თუ კომუნისტური მმართველობის ჩათვლით. მაგრამ როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). არც იერემია წინასწარმეტყველი ამბობდა უსაფუძვლოდ: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23).

11. რატომ დაუშვა იეჰოვამ ადამიანთა ტანჯვა?

11 იეჰოვამ თავიდანვე იცოდა, რომ ადამიანთა დამოუკიდებლობა, ანუ თვითმმართველობა ტანჯვის მეტს არაფერს მოიტანდა. ამიტომ უსამართლობა ხომ არ არის ის, რომ მოვლენების ასეთ განვითარებაში არ ჩაერია? სულაც არა! მაგალითად, შენს შვილს მძიმე დაავადებისგან განსაკურნავად ქირურგიული ოპერაცია რომ დასჭირვებოდა, მართალია, გეცოდინებოდა, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა და ამის გამო უზომოდაც დამწუხრდებოდი, მაგრამ მაინც გაუკეთებდი ოპერაციას, რათა ბავშვს უკეთესი ჯანმრთელობა ჰქონოდა. ღმერთმაც ასევე იცოდა — და წინასწარ თქვა კიდეც — რომ ადამიანთა მმართველობას ტკივილი და ტანჯვა მოჰყვებოდა (დაბადება 3:16—19). მაგრამ ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობდნენ დიდ და მარადიულ შვებას, თუ იგი დაუშვებდა, რომ კაცობრიობას გარკვეული დროის განმავლობაში ურჩობის მწარე შედეგები საკუთარი თვალით ენახა. ღვთის უზენაესობის საკითხი სამარადჟამოდ მხოლოდ ასე თუ გადაწყდებოდა.

ადამიანთა უმწიკვლობის საკითხი

12. როგორც იობის შემთხვევიდან ჩანს, რა დააბრალა სატანამ ადამიანებს?

12 არის საკითხის მეორე მხარეც. სატანამ ღვთის მმართველობის კანონიერებასა და მართებულობაში ეჭვი რომ შეიტანა, საკამათო გახადა არა მხოლოდ იეჰოვას უზენაესობა და მისი სახელი, არამედ მის მსახურთა უმწიკვლობის საკითხიც. აი, რა უთხრა სატანამ იეჰოვას ერთი მართალი კაცის, იობის, შესახებ: „შენ არ მფარველობ მას, მის სახლ-კარსა და ქონებას?! შენ არ აკურთხე მისი ნაშრომი და შენ არ გაუმრავლე საქონელი?! აბა, გაიწოდე ხელი, შეეხე მის ქონებას და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!“ (იობი 1:10, 11).

13. რას გულისხმობდა სატანა, როცა ბრალს სდებდა იობს და როგორ ეხება ეს მთელ კაცობრიობას?

13 სატანის მტკიცებით, იეჰოვა იობს მხოლოდ იმიტომ მფარველობდა, რომ მისი ერთგულება მოეპოვებინა. გამოდიოდა, რომ იობის უმწიკვლობა, უბრალოდ, მოჩვენებითი იყო და ღმერთს მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით სცემდა თაყვანს. სატანა ამტკიცებდა, რომ, თუ იობი ღვთისგან აღარ იქნებოდა კურთხეული, დაგმობდა კიდეც თავის შემოქმედს. მან იცოდა, რომ იობი მართალი, უმწიკვლო და ღვთისმოშიში კაცი იყო, რომელსაც ბოროტებისგან შორს ეჭირა თავი. a და იობს თუ დააკარგვინებდა უმწიკვლობას, რაღას დამართებდა დანარჩენ ხალხს? ამგვარად, სატანამ ეჭვი შეიტანა ღვთის ყველა მსახურის ერთგულებაში და საკითხს უფრო ფართო მასშტაბები მისცა, როცა იეჰოვას უთხრა: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 1:8; 2:4).

14. რას ცხადყოფს ისტორია ადამიანთა წინააღმდეგ სატანის ბრალდებაზე?

14 ისტორია ცხადყოფს, რომ სატანის განაცხადის საპირისპიროდ, მიუხედავად განსაცდელებისა, იობის მსგავსად, მრავალი დარჩა იეჰოვას ერთგული. თავიანთი ერთგულებით მათ იეჰოვას გული გაუხარეს და სატანის გამოწვევაზე პასუხის გაცემის საშუალება მისცეს, რომელიც ღვარძლიანად ტრაბახობდა, რომ ადამიანები გაჭირვებისას უარს იტყოდნენ ღვთის მსახურებაზე (ებრაელები 11:4—38). დიახ, გულმართლებმა ღმერთს ზურგი არ აქციეს. მაშინაც კი, როცა საგონებელში არიან ჩავარდნილი ამა თუ იმ შემაშფოთებელი მდგომარეობის გამო, კიდევ უფრო ენდობიან ღმერთს, თავიანთ განმამტკიცებელს (2 კორინთელები 4:7—10).

15. რა კითხვა შეიძლება წამოიჭრას ღვთის ადრინდელ და სამომავლო განაჩენთა შესრულების თაობაზე?

15 მაგრამ იეჰოვა სამართლიანად მხოლოდ უზენაესობისა და ადამიანთა უმწიკვლობის საკითხის გადაწყვეტას როდი უდგება. ბიბლიაში ჩაწერილია უამრავი განაჩენი, რომელიც იეჰოვამ როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ ერებს გამოუტანა. აგრეთვე ის მომავალ განაჩენებზეც წინასწარმეტყველებს. რის საფუძველზე შეგვიძლია გვწამდეს, რომ იეჰოვა განაჩენების გამოტანისას სამართლიანი იყო და იქნება?

რატომ არის ღვთის სამართლიანობა აღმატებული

იეჰოვა არასოდეს გაანადგურებს მართლებს ბოროტებთან ერთად.

16, 17. რომელი მაგალითებიდან ვხედავთ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საღად განსაჯონ, როგორი მოქმედება იქნება უეჭველად სამართლიანი და როგორი — არა?

16 იეჰოვაზე სავსებით მართებულადაა ნათქვამი, რომ „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4). ვერცერთი ჩვენგანი საკუთარ თავზე ვერ იტყოდა ამავეს, რადგან არასრულყოფილება ხშირად გვიბუნდოვნებს სამართალზე წარმოდგენას. მაგალითად, გავიხსენოთ აბრაამი, რომელიც ევედრებოდა იეჰოვას, არ გაენადგურებინა სოდომი, სადაც მყარად გაედგა ფესვი ბოროტებასა და უზნეობას. იგი იეჰოვას ეკითხებოდა: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად?“ (დაბადება 18:23—33). რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა. მან სოდომს მხოლოდ მაშინ აწვიმა გოგირდი და ცეცხლი, როცა მართალი ლოტი და მისი ასულები ქალაქ ცოართან სამშვიდობოზე გავიდნენ (დაბადება 19:22—24). არსებობს ამის საპირისპირო მაგალითიც. როცა ღმერთმა ნინეველები შეიწყალა, იონა ძალიან გაბრაზდა. მიუხედავად მათი გულწრფელი მონანიებისა, იონას უნდოდა ნინეველები ნაცარტუტად ქცეულიყვნენ, რადგან ამის შესახებ უკვე ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა (იონა 3:10—4:1).

17 იეჰოვამ დაამშვიდა აბრაამი, რომ მისი სამართლიანობა მარტო ბოროტთა განადგურებას კი არ მოიცავს, არამედ მართალთა გადარჩენასაც. იონას კი დაანახვა თავისი გულმოწყალება. ის მზად არის, მიუტევოს ბოროტებს, თუ ცხოვრების წესს შეიცვლიან (ფსალმუნი 86:5). იგი თანამდებობას ჩაჭიდებულ და მისი დაკარგვის შიშით შეპყრობილ ხალხს როდი ჰგავს, რომ განაჩენი მხოლოდ ძალის საჩვენებლად გამოიტანოს; ან იმის შიშით, სუსტ პიროვნებად არ ჩამთვალონო, ლმობიერება არ გამოავლინოს. მისი მოქმედების წესი გულმოწყალების გამოვლენაა, თუ, რაღა თქმა უნდა, ამის საფუძველი არსებობს (ესაია 55:7; ეზეკიელი 18:23).

18. ბიბლიის საშუალებით ახსენი, თუ რატომ არ არის განპირობებული იეჰოვას მოქმედება ზედმეტი მგრძნობიარობით.

18 ამავე დროს იეჰოვას მოქმედება ზედმეტი მგრძნობიარობით არაა განპირობებული. ეს შესანიშნავად ჩანს მისივე სიტყვებში, კერპთაყვანისმცემელ ხალხს რომ უთხრა: „შენი ნამოქმედარისამებრ გაგასამართლებ და პასუხს მოგთხოვ შენი საძულველი საქმეების გამო. არ შეგიბრალებ და არ შეგიწყალებ, შენი ნამოქმედარისამებრ მოგაგებ“ (ეზეკიელი 7:3, 4). ადამიანები როცა კვლავაც ქედუხრელად ჯიუტობენ, იეჰოვას სათანადო განაჩენი გამოაქვს, რომელსაც ყოველთვის მყარი საფუძველი აქვს. მაგალითად, სოდომისა და გომორის შესახებ „სამდურავი“ რომ გაიგონა, იეჰოვამ განაცხადა: „ჩავალ, ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე?“ (დაბადება 18:20, 21). რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არ ჰგავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ისე გამოაქვთ განაჩენი, რომ ფაქტებს ძირისძირობამდე არ იხილავენ! დიახ, იეჰოვა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ერთგული ღმერთია და უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს“ (კანონი 32:4).

გჯეროდეს იეჰოვას სამართლიანობის

19. რა უნდა გავაკეთოთ, თუ საგონებელში გვაგდებს ესა თუ ის საკითხი, რომელიც იეჰოვას სამართლიანობას ეხება?

19 ბიბლიაში ყველაფერი არ არის მოხსენიებული იეჰოვას ადრინდელ მოქმედებათა შესახებ; არც იმის თაობაზეა ყველაფერი დაწვრილებით მოთხრობილი, თუ მომავალში როგორ გამოუტანს განაჩენს ცალკეულ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს. თუ რომელიმე დეტალურად აუხსნელი ბიბლიური მონათხრობი ან წინასწარმეტყველება საგონებელში გვაგდებს, მოდი ერთგულება შევინარჩუნოთ მიქა წინასწარმეტყველის მსგავსად, რომელიც წერდა: „მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს“ (მიქა 7:7).

20, 21. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მართებულია?

20 გჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც მართებულია. მაშინაც კი, თუ ჩადენილ უსამართლობაზე ადამიანი თითქოს თვალს ხუჭავს, იეჰოვა გვპირდება: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ“ (რომაელები 12:19). თუ სულსწრაფნი არ ვიქნებით, პავლე მოციქულის მსგავსად ჩვენც დაბეჯითებით ვიტყვით: „უსამართლოა ღმერთი? არავითარ შემთხვევაში!“ (რომაელები 9:14).

21 დღეს მძიმე და ძნელად ასატან დროში გვიწევს ცხოვრება (2 ტიმოთე 3:1). უსამართლობისა და ჩაგვრის გამო უამრავი ადამიანი იტანჯება (ეკლესიასტე 4:1). მაგრამ იეჰოვა არ შეცვლილა. მას კვლავაც სძულს უსამართლობა და კვლავაც არ აკლებს მზრუნველობის ხელს უსამართლობის გამო დაზარალებულებს. თუ შევინარჩუნებთ იეჰოვასა და მისი უზენაესობის მიმართ ერთგულებას, ის გაგვაძლიერებს, სანამ დედამიწაზე ყოველგვარ უსამართლობას გამოასწორებს თავისი სამეფოს მეშვეობით (1 პეტრე 5:6, 7).

a იეჰოვამ იობზე თქვა: „დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი“ (იობი 1:8). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იობი იოსების სიკვდილის შემდეგ და ისრაელის წინამძღოლად მოსეს დანიშვნამდე ცხოვრობდა. ამიტომაც შეიძლებოდა თქმულიყო, რომ არავინ იყო იობივით უმწიკვლო.