არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 15

იესო „სამართალს აღასრულებს დედამიწაზე“

იესო „სამართალს აღასრულებს დედამიწაზე“

1, 2. რამ განარისხა იესო და რატომ?

 ᲧᲕᲔᲚᲐᲛ დაინახა, რა ძლიერ და სამართლიანად გაჯავრდა იესო. ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია ასეთი რბილი ხასიათის ადამიანი აღშფოთებულ მდგომარეობაში (მათე 21:5). იგი სრულყოფილად ფლობდა საკუთარ გრძნობებს და მისი რისხვა სამართლიანი იყო. a და მაინც, რა უნდა გამხდარიყო ასეთი მშვიდობისმოყვარე კაცის განრისხების მიზეზი? ეს იყო აღმაშფოთებელი უსამართლობა.

2 იესოს მთელი გულით უყვარდა იერუსალიმის ტაძარი, მთელი დედამიწის ზურგზე ზეციერი მამისადმი ერთადერთი თაყვანსაცემი წმინდა ადგილი. ტაძარში თაყვანსაცემად რომ ჩასულიყვნენ, იუდეველები შორ გზასაც კი არ ერიდებოდნენ. ღვთისმოშიში არაიუდეველებიც მოდიოდნენ და ტაძრის ეზოში მათთვის განკუთვნილ ადგილას სცემდნენ თაყვანს ღმერთს. ერთხელ, თავისი მსახურების დასაწყისში, იესო შევიდა ტაძარში და წინ ამაზრზენი სურათი გადაეშალა! იქაურობა ბაზარს უფრო ჰგავდა, ვიდრე თაყვანისცემის ადგილს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაჭრებსა და ფულის გადამცვლელებს მოეკალათებინათ. მხოლოდ უსამართლობას ვინღა ჩიოდა, როცა ღვთის ტაძარი ხალხის ყვლეფისა და ძარცვის კერად ქცეულიყო. მაინც რა მოხდა ასეთი? (იოანე 2:14).

3, 4. ხალხის ყვლეფის როგორი სისტემა იყო შემუშავებული იეჰოვას სახლში და რა გადამჭრელი ზომები მიიღო იესომ?

3 რელიგიურ წინამძღოლებს ტაძრის გადასახადად მხოლოდ ერთი კონკრეტული სახის მონეტა დაეწესებინათ. მისულებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავიანთი ფული ასეთ მონეტებზე უნდა გადაეცვალათ. ფულის გადამცვლელებს კი შიგ ტაძარში მოეთავსებინათ მაგიდები და ხალხს ყოველი გარიგებისას გადასახადს ახდევინებდნენ. არც საქონლით ვაჭრობა იყო ურიგო საქმე. ვინც თავისი მოყვანილი მსხვერპლის შეწირვას მოისურვებდა, ტაძრის განმგებლებს, შესაძლოა, მაშინვე ეთქვათ, შენი შესაწირავი არ მიიღებაო. ხოლო თუ იქვე იყიდდა, მაშინ შესაწირავის აღვლენას წინ რა დაუდგებოდა. ხალხი ვაჭართა ხელში ჩავარდნილიყო, რომლებიც თავიანთ საქონელს ცეცხლის ფასად ყიდდნენ. b ხალხის მოტყუებას ვინღა ჩიოდა, ტაძარში პირდაპირ ძარცვა-გლეჯა იყო გაჩაღებული.

4 ცხადია, იესო თვალს ვერ დახუჭავდა ასეთ უსამართლობაზე; ტაძარი ხომ მამამისის სახლი იყო! მან თოკებისგან შოლტი გააკეთა და საქონელი და ცხვარი ტაძრიდან გარეკა. შემდეგ მივიდა ფულის გადამცვლელებთან და მაგიდები ამოუყირავა. ალბათ, მთელი ფული მარმარილოს იატაკზე მოეფინა! მტრედების გამყიდველებს კი მკაცრად უბრძანა: „მოაშორეთ ესენი აქედან!“ (იოანე 2:15, 16). იესოს შემხედვარე, ალბათ, კაციშვილმა ვერ გაბედა ხმის ამოღება.

„მოაშორეთ ესენი აქედან!“.

მამის ანარეკლი

5—7. ა) როგორ განუვითარა იესოს განკაცებამდელმა ცხოვრებამ სამართლიანობის შეგრძნების უნარი და რაზე შეგვექმნება ნათელი წარმოდგენა, თუ მის მაგალითზე დავფიქრდებით? ბ) როგორ დაუპირისპირდა იესო სატანის უსამართლო ბრალდებებს და როგორ აღასრულებს სამართალს მომავალში?

5 ცხადია, ვაჭრებმა თავიანთი მაინც არ დაიშალეს. დაახლოებით სამი წლის შემდეგ იგივე უსამართლობა იესომ ამჯერად უკვე იეჰოვას სიტყვებით დაგმო და გაკიცხა ისინი, ვისაც ღვთის სახლი „ყაჩაღების ბუნაგად“ ექციათ (იერემია 7:11; მათე 21:13). სხვათა შორის, დაინახა თუ არა, როგორ ხარბად ყვლეფდნენ ხალხს და აუწმინდურებდნენ ღვთის ტაძარს, იესოს ისეთივე გრძნობა დაეუფლა, როგორიც მამამისს. მას ხომ მილიონობით წლის მანძილზე ასწავლიდა ზეციერი მამა. შედეგად, იესოს სამართლიანობის ისეთივე გრძნობა განუვითარდა, როგორიც იეჰოვას ჰქონდა. ის მართლაც მამის ანარეკლი იყო. მაშასადამე, თუ გვსურს, იეჰოვას სამართლიანობაზე ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ, იესოს მაგალითს უნდა დავუფიქრდეთ (იოანე 14:9, 10).

6 იეჰოვას მხოლოდშობილმა ძემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ უსამართლოდ დასწამა ცილი სატანამ ღმერთს, მატყუარა უწოდა და ეჭვქვეშ დააყენა მისი ხელისუფლების მართებულობა. ძემ ისიც იცოდა, თუ რა საკამათო საკითხი წამოჭრა სატანამ, თითქოს არავინ ემსახურებოდა იეჰოვას სიყვარულით, პირადი გამორჩენის მიზნის გარეშე. ასეთი ცრუ ბრალდებები მართალ იესოს გულს უეჭველად დაუმძიმებდა. და როგორ გაიხარებდა, როცა გაიგებდა, რომ მდგომარეობის გამოსწორებაში თვითონ უნდა შეეტანა მნიშვნელოვანი წვლილი (2 კორინთელები 1:20). როგორ?

7 როგორც მე-14 თავიდან შევიტყვეთ, იესომ ერთხელ და სამუდამოდ გააბათილა სატანის ბრალდება, რომელიც იეჰოვას მსახურთა უმწიკვლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასე დაიწყო იესომ იეჰოვას სახელის განწმენდა ყველა ბრალდებისგან, მათ შორის იმ ბრალდებისგან, რომ იეჰოვას სრულყოფილ მმართველობას ნაკლი მოეძებნება. მომავალში კი, როგორც იეჰოვას მთავარი წარმომადგენელი, მთელ სამყაროში აღადგენს ღვთის სამართალს (საქმეები 5:31). დედამიწაზე მისი ცხოვრებაც ხომ ღვთის სამართლიანობას ირეკლავდა. იეჰოვამ იესოზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ჩემს სულს დავავანებ მასზე და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი“ (მათე 12:18). როგორ შეასრულა იესომ ეს სიტყვები?

იესო ნათელს ხდის, „რა არის სამართალი“

8—10. ა) როგორ აღვივებდა რელიგიური წინამძღოლების მიერ შემუშავებული ზეპირი კანონები არაიუდეველებისა და ქალებისადმი უღირს დამოკიდებულებას? ბ) რა მხრივ აქცია ზეპირმა კანონებმა იეჰოვას მიერ დაწესებული შაბათის კანონი ტვირთად?

8 იესოს უყვარდა იეჰოვას კანონი და მის თანახმად ცხოვრობდა, ხოლო რელიგიური წინამძღოლები არასწორად გადასცემდნენ მას და უმართებულოდ იყენებდნენ. იესომ მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! . . დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათე 23:23). ღვთის კანონის იმდროინდელი მასწავლებლები შეგნებულად არ აცხადებდნენ, თუ „რა არის სამართალი“. უფრო მეტიც, ღვთის სამართალს გაურკვევლობის ბურუსში ხვევდნენ. რას ნიშნავს ეს? მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

9 იეჰოვამ გააფრთხილა თავისი ხალხი, რომ არაფერი ჰქონოდათ საერთო გარშემომყოფ არაიუდეველ ხალხებთან (1 მეფეები 11:1, 2). მაგრამ ზოგი ფანატიკოსი რელიგიურ სიძულვილს თესავდა ხალხში ყველა არაიუდეველის მიმართ. „მიშნაში“ ასეთი წესიც კი იყო შეტანილი: „არ დატოვოთ საქონელი არაიუდეველების ფუნდუკში, რადგან მათთან სისაძაგლეს ჩაიდენენ“. ასეთი მიკერძოებული თვალსაზრისი არაიუდეველების მიმართ აშკარა უსამართლობა იყო და მოსეს კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა (ლევიანები 19:34). არსებობდა ადამიანთა შეთხზული სხვა კანონებიც, ქალების დამცირებას რომ ემსახურებოდა. ერთი ასეთი ზეპირი კანონის მიხედვით, ცოლს ქმრის უკან უნდა ევლო და არა მის გვერდით. კაცებს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეკრძალებოდათ ქალთან საუბარი, საკუთარ ცოლთანაც კი. ქალებს არ შეეძლოთ სასამართლოებზე ჩვენების მიცემა, ისევე როგორც მონებს. ისეთი ლოცვებიც კი არსებობდა, რომელშიც მამაკაცები ღმერთს ეუბნებოდნენ, მადლობა ღმერთო, ქალებად რომ არ დავიბადეთო.

10 რელიგიურმა წინამძღოლებმა ღვთის კანონს აუარებელი წესი და კანონი დაუმატეს. მაგალითად, კანონის მიხედვით შაბათი დღე თაყვანსაცემად, სულიერი სიმხნევის შესამატებლად და დასასვენებლად იყო დაწესებული და, შესაბამისად, მუშაობა იკრძალებოდა. ფარისევლებმა კი აღნიშნული კანონი ტვირთად აქციეს; თავიანთ თავზე აიღეს, გადაეწყვიტათ, რა ჩაითვლებოდა მუშაობად და რა — არა. მუშაობას მიაკუთვნეს 39 სახის საქმე, მათ შორის მკა და ნადირობა. ამ კლასიფიკაციამ აუარებელი კითხვა წამოჭრა. მაგალითად, კაცს რომ რწყილი მოეკლა შაბათს, ნადირობაში ხომ არ ჩაეთვლებოდა? ან გზად ერთი მუჭა ხორბლის თავთავი რომ მოეგლიჯა, მკაში ხომ არ ჩაეთვლებოდა? ანდა ავადმყოფი რომ მოერჩინა, მუშაობად ხომ არ ჩაეთვლებოდა? ამიტომაც, კიდევ უფრო მეტი და უაღრესად დაწვრილმანებული წესები შემოიღეს.

11, 12. როგორ აღუდგა წინ იესო ფარისეველთა კანონებსა და წესებს, რომლებიც წმინდა წერილებზე არ იყო დაფუძნებული?

11 რას აკეთებდა ასეთ ვითარებაში იესო, რომ ხალხისთვის გაეგებინებინა, რა იყო სამართალი? ის ამხელდა რელიგიურ წინამძღოლებს თავისი სწავლებითა და ცხოვრებით. მოდი ჯერ განვიხილოთ მისი ზოგიერთი სწავლება. მაგალითად, მან უშიშრად დაგმო ადამიანის მიერ დადგენილი კანონები: „თქვენივე ადათ-წესებით აუფასურებთ ღვთის სიტყვას“ (მარკოზი 7:13).

12 იესომ ხალხი იმაშიც გაარკვია, რომ ფარისევლებს უმართებულო დამოკიდებულება ჰქონდათ შაბათის მიმართ — მათ საერთოდ არ ესმოდათ, რა იყო ამ კანონის არსი. როგორც მან ახსნა, მესია „შაბათის უფალი“ იყო და, შესაბამისად, უფლებამოსილება ჰქონდა, შაბათობით განეკურნა ხალხი (მათე 12:8). სიტყვა რომ სიტყვად არ დარჩენოდა, იგი სასწაულებრივად კურნავდა სნეულებს შაბათობით (ლუკა 6:7—10). ეს სასწაულები მცირე მასშტაბით აჩვენებდა იმას, რასაც იესო ათასწლიანი მეფობის დროს მთელი დედამიწის ზურგზე უამრავი ადამიანის სასარგებლოდ მოიმოქმედებს. ხსენებული ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში შაბათის მნიშვნელობა კულმინაციას მიაღწევს და ყველა ერთგული ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს ცოდვისა და სიკვდილის მრავალსაუკუნოვან მონობას.

13. დედამიწაზე ქრისტეს მსახურების შემდეგ, რომელი კანონი შევიდა ძალაში და რით განსხვავდებოდა თავისი წინამორბედისგან?

13 იესომ ხალხს სამართალი ახალი კანონითაც, „ქრისტეს კანონით“, გააგებინა, რომელიც მისი მსახურების დასრულების შემდეგ შევიდა ძალაში (გალატელები 6:2). თავისი წინამორბედის, მოსეს კანონისგან განსხვავებით, ახალ კანონს საფუძვლად დაედო არა კანონთა კრებული, არამედ პრინციპები. თუმცა ახალი კანონი კონკრეტულ მითითებებსაც შეიცავდა. ერთ-ერთ მათგანს იესომ „ახალი მცნება“ უწოდა. მან თავის მიმდევრებს მცნებად დაუდო, რომ ერთმანეთი ისევე ჰყვარებოდათ, როგორც მას უყვარდა ისინი (იოანე 13:34, 35). დიახ, ვინც „ქრისტეს კანონის“ მიხედვით ცხოვრობდა, მათი განმასხვავებელი ნიშანი თავგანწირული სიყვარული უნდა ყოფილიყო.

სამართლიანობის ცოცხალი მაგალითი

14, 15. როგორ ცხადყო იესომ, რომ ყოველთვის საზღვრავდა, რისი უფლება ჰქონდა და რისი — არა, და რას გვეუბნება ეს მის შესახებ?

14 იესო სიყვარულის შესახებ სწავლებაზე მეტსაც აკეთებდა. მან თავისი ცხოვრებით დააწესა „ქრისტეს კანონი“. განვიხილოთ, რა სამი კუთხით განსაზღვრა იესოს მაგალითმა, თუ რა არის სამართალი.

15 პირველი: იესო არასოდეს სჩადიოდა უსამართლობას. ალბათ, შეგიმჩნევია, რომ უსამართლობა უმთავრესად მაშინ ხდება, როცა არასრულყოფილი ადამიანები იმდენად ქედმაღლები ხდებიან, რომ ავიწყდებათ, რისი უფლება აქვთ და რისი — არა. იესო ასე არ აკეთებდა. ერთხელ ერთი კაცი მიუახლოვდა მას და უთხრა: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. გაინტერესებს იესოს პასუხი? „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მოსამართლედ ანდა მომრიგებლად?“ (ლუკა 12:13, 14). რა დიდებულად მოიქცა! მიუხედავად იმისა, რომ შეუდარებელი ინტელექტით, განსჯის უნარითა და უფლებამოსილებით იყო ღვთისგან დაჯილდოებული, მაინც არ ჩაერია სხვის საქმეში, რადგან საამისოდ რაიმე განსაკუთრებული უფლება არ ჰქონდა მიცემული. იესო ყოველთვის ამგვარ მოკრძალებას იჩენდა, განკაცებამდე ათასობით წლის განმავლობაშიც კი (იუდა 9). მრავლისმეტყველია ისიც, რომ იგი თავმდაბლად ანდობდა იეჰოვას იმის განსაზღვრას, რა იქნებოდა სამართლიანი და რა — არა.

16, 17. ა) როგორ ავლენდა იესო ქადაგებისას სამართლიანობას? ბ) როგორ აჩვენა იესომ, რომ მას სამართლიანობა გულმოწყალებასთან ჰქონდა შერწყმული?

16 მეორე: ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იესო ყოველთვის სამართლიანად, მიკერძოების გარეშე ქადაგებდა. მთელი გულით ცდილობდა, ყველანაირ ხალხს დალაპარაკებოდა, მდიდარსა თუ ღარიბს. ფარისევლები კი, იესოსგან განსხვავებით, უბრალო და ღარიბ ხალხს ზედაც არ უყურებდნენ. საძულველ სიტყვას, „ამ-ჰაარეცსაც“ კი უწოდებდნენ, რაც მიწის ხალხს ნიშნავს. იესო გაბედულად გმობდა ასეთ უსამართლობას. სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, ხალხთან ერთად ჭამისას, მათი დაპურებისას, განკურნებისას და აღდგენის დროსაც კი — ყოველთვის ღვთის სამართლიანობის მხარეს იდგა, ღვთისა, რომელსაც სურს, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“ c (1 ტიმოთე 2:4).

17 მესამე: იესოს სამართლიანობა გულმოწყალებასთან ჰქონდა შერწყმული. ცოდვილთათვის დახმარება რომ აღმოეჩინა, თავს არ ზოგავდა (მათე 9:11—13). ის მთელი გულით ეხმარებოდა უმწეოებს. მაგალითად, ფარისევლებისგან განსხვავებით, არაიუდეველების მიმართ უნდობლობის გაღვივებას არ უწყობდა ხელს. პირიქით, დიდი მოწყალებით ეხმარებოდა და ასწავლიდა კიდეც ზოგიერთ მათგანს, თუმცა მისი მთავარი მიზანი იუდეველ ხალხში მსახურება იყო. რომაელ ასისთავს დასთანხმდა, რომ სასწაულებრივად განეკურნა მისი მსახური. იესომ ასისთავზე თქვა: „ამხელა რწმენის მქონეს ისრაელში არავის შევხვედრივარ“ (მათე 8:5—13).

18, 19. ა) საიდან ვხედავთ, რომ იესო პატივისცემით ეკიდებოდა ქალებს? ბ) როგორ გვანახვებს იესოს მაგალითი სიმამაცესა და სამართლიანობას შორის კავშირს?

18 იესო არ იზიარებდა იმ მოსაზრებას, თითქოს ქალები მდაბიოები იყვნენ და გაბედულად აკეთებდა მხოლოდ იმას, რაც სამართლიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამარიელი ქალებიც არაიუდეველთა მსგავსად უწმინდურთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, იესომ სიქარში ჭასთან ერთ-ერთ მათგანს უქადაგა. პირველად მან სწორედ ამ ქალს განუცხადა პირდაპირ, რომ აღთქმული მესია იყო (იოანე 4:6, 25, 26). როგორც ფარისევლები ამბობდნენ, ქალებისთვის ღვთის კანონის სწავლება მიუღებლად ითვლებოდა, მაგრამ იესო ამას დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა (ლუკა 10:38—42). მაშინ როცა ფარისეველთა ზეპირი კანონების მიხედვით ქალები სანდო მოწმედ არ ითვლებოდნენ, იესო აღდგომის შემდეგ პირველად სწორედ თავის მიმდევარ ქალებს ეჩვენა. უფრო მეტიც, დაავალა, რომ მისი მოწაფეებისთვის, მამაკაცებისთვის, ეცნობებინათ ამ დაუვიწყარი მოვლენის შესახებ (მათე 28:1—10).

19 დიახ, იესომ გააგებინა ხალხებს, თუ რა იყო სამართალი. ამის გაკეთება ხშირად ხიფათთან იყო დაკავშირებული. როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტი სამართლიანობა სიმამაცეს მოითხოვს. ტყუილად კი არ ეწოდა ქრისტეს „ლომი იუდას ტომიდან“ (გამოცხადება 5:5). ლომი ხომ სამართლიანობის მამაცურად გამოვლენის სიმბოლოა. ახლო მომავალში კი იესო კიდევ უფრო დიდებულ სამართალს დაამყარებს. ის პირდაპირი გაგებით აღასრულებს სამართალს დედამიწაზე (ესაია 42:4).

მესიანური მეფე „სამართალს აღასრულებს დედამიწაზე“

20, 21. როგორ ამყარებს მესიანური მეფე ჩვენს დროში სამართალს როგორც მთელ დედამიწაზე, ისე ქრისტიანულ კრებაში?

20 მას შემდეგ, რაც 1914 წელს მესიანური მეფე გახდა, იესომ დედამიწაზე სამართლის აღსრულება დაიწყო. როგორ? მან თავის თავზე აიღო მათეს 24:14-ში მოცემული წინასწარმეტყველების შესრულების პასუხისმგებლობა. მისი მიმდევრები მთელი დედამიწის ზურგზე ასწავლიან ხალხს ჭეშმარიტებას იეჰოვას სამეფოს შესახებ და მის მსგავსად სამართლიანად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე აკეთებენ ამას. ცდილობენ, ყველას — ახალგაზრდას თუ მოხუცს, მდიდარსა თუ ღარიბს, კაცსა თუ ქალს — მისცენ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ იეჰოვას, სამართლიან ღმერთს.

21 იესო სამართალს ქრისტიანულ კრებაშიც ამყარებს, რომლის თავიც თავად არის. როგორც ნაწინასწარმეტყველებია, ხელმძღვანელობის გასაწევად კრებებში ერთგულ ქრისტიან უხუცესებს ნიშნავს, რომლებიც არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფესოელები 4:8—12). ღვთისთვის ძვირფასი სამწყსოს მწყემსვისას ისინი იესოს მაგალითს მიჰყვებიან სამართლის აღსრულებაში. არასოდეს ივიწყებენ იესოს სურვილს, რომ მის ცხვარს სამართლიანად მოეპყრონ და არ განარჩიონ ისინი უფლებამოსილების, სტატუსისა თუ მატერიალური მდგომარეობის მიხედვით.

22. რა გრძნობა ეუფლება იეჰოვას ქვეყნიერებაში მყარად ფეხმოკიდებული უსამართლობის გამო და ღვთის დავალებით რას გააკეთებს იესო?

22 სულ მალე, იესო სრულად აღასრულებს სამართალს მთელ დედამიწაზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყნიერება უსამართლობითაა სავსე. ყოველი ბავშვი, რომელიც შიმშილისგან კვდება, მიუტევებელი უსამართლობის მსხვერპლია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რა თანხები იხარჯება საომარი იარაღის წარმოებასა და განცხრომის მოყვარულთა სურვილების დაკმაყოფილებაზე. მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი ერთ-ერთია უსამართლობის იმ მრავალგვარ გამოვლინებათაგან, რაც იეჰოვას სამართლიან რისხვას იწვევს. მან თავისი ძე დანიშნა, რომ სამართლიანი ომი წამოიწყოს დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ, რათა სამუდამოდ მოუღოს ბოლო ყოველგვარ უსამართლობას (გამოცხადება 16:14, 16; 19:11—15).

23. როგორ დაამყარებს იესო მარადიულ სამართლიანობას არმაგედონის შემდეგ?

23 თუმცა იეჰოვას სამართალი მხოლოდ ბოროტთა განადგურებას არ ნიშნავს. მან თავისი ძე „მშვიდობის მთავრადაც“ დანიშნა. არმაგედონში ომის შემდეგ, იესო მთელ დედამიწაზე დაამყარებს მშვიდობას და სამართლიანად იმმართველებს (ესაია 9:6, 7). იესო სიამოვნებით აღმოფხვრის უსამართლობას, რამაც უამრავი ტკივილი და ტანჯვა მიაყენა კაცობრიობას. ის მუდამჟამს იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანობის მხარდამჭერი იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლავე მივბაძოთ იეჰოვას სამართლიანობაში. მოდი განვიხილოთ, როგორ.

a იესო სამართლიანი აღშფოთდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვაც რისხდება უკეთურობაზე (ნაუმი 1:2). მაგალითად, იეჰოვამ თავის ქედუხრელ ხალხს უთხრა, რომ მისი სახლი „ყაჩაღების ბუნაგად“ აქციეს და დასძინა: „გადმოვღვრი ჩემს რისხვასა და მრისხანებას ამ ადგილზე“ (იერემია 7:11, 20).

b „მიშნას“ თანახმად, ტაძარში მტრედების შესასყიდი მაღალი ფასის გამო მოგვიანებით განხეთქილება ჩამოვარდნილა და შედეგად საფასური თითქმის 99 პროცენტით დაწეულა. ვინ ითბობდა ხელს ტაძარში ვაჭრობით? ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მღვდელმთავარ ანას ოჯახი ფლობდა ტაძარში მოწყობილ ბაზარს, რაც მათთვის აურაცხელი სიმდიდრის წყაროს წარმოადგენდა (იოანე 18:13).

c ფარისევლები კანონში გაუწაფავ, მდაბიო ხალხს დაწყევლილებად თვლიდნენ (იოანე 7:49). ამბობდნენ, რომ ასეთებისთვის არც არავის უნდა ესწავლებინა, არც საქმე უნდა დაეჭირა მათთან, არც ეჭამა და არც ელოცა. ერჩივნათ, შვილი მხეცისთვის მიეცათ გასაგლეჯად, ვიდრე რომელიმე ასეთი მდაბიოსთვის მიეთხოვებინათ. ისინი იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ასეთ ხალხზე აღდგომის იმედი არ ვრცელდებოდა.