მოთხრობა 62
უამრავი უბედურება დავითის სახლში
იერუსალიმში გამეფების შემდეგ იეჰოვამ დავითს ბევრჯერ გაამარჯვებინა მტრებზე. იეჰოვა დაჰპირდა ისრაელს, რომ ქანაანის მიწას მისცემდა. მისი დახმარებით ეს მიწა საბოლოოდ ისრაელების საკუთრება გახდა.
დავითი კარგი მეფე იყო. მას უყვარდა იეჰოვა. ამიტომ იერუსალიმის დაპყრობისთანავე მან იეჰოვას შეთანხმების კიდობანი ქალაქში გადაიტანა. მას სურდა, ტაძარი აეშენებინა, სადაც შეთანხმების კიდობანს დადგამდა.
მოგვიანებით დავითმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. მან იცოდა, რომ სხვისი არაფერი უნდა მიესაკუთრებინა. მაგრამ ერთ საღამოს რაღაც მოხდა. მან სასახლის ბანიდან ძალიან ლამაზი ქალი დაინახა. მას ბათ-შება ერქვა. ის დავითის ერთ-ერთი მეომრის, ურიას ცოლი იყო.
დავითს ძალიან მოეწონა ბათ-შება და სასახლეში მიაყვანინა. მისი ქმარი ომში იყო. დავითი დაწვა ბათ-შებასთან და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი დაორსულდა. დავითი ძალიან შეწუხდა და თავისი ჯარის მეთაურს, იოაბს შეუთვალა, ურია ბრძოლის წინა ხაზზე გაეშვა, რომ მოეკლათ. ურიას სიკვდილის შემდეგ დავითი ბათ-შებაზე დაქორწინდა.
იეჰოვა განრისხდა დავითზე. მან თავისი მსახური ნათანი გაგზავნა, რომ დავითი ემხილებინა. სურათზე ჩანს, რომ ნათანი დავითს ელაპარაკება. დავითმა ძალიან ინანა, რაც გააკეთა, ამიტომ იეჰოვამ ის სიკვდილით არ დასაჯა. თუმცა უთხრა: ‘რადგან ეს ბოროტება ჩაიდინე, შენს სახლში არაერთი უბედურება დატრიალდება’. აი რამდენი უბედურება დაატყდა დავითს.
ბათ-შებას ბავშვი მოუკვდა. დავითის უფროსმა ვაჟმა, ამნონმა გააუპატიურა თავისი და, თამარი. ეს რომ დავითის მეორე ვაჟმა, აბესალომმა გაიგო, ძალიან გამწარდა და მოკლა ამნონი. ბოლოს, აბესალომმა ხალხის კეთილგანწყობა მოიპოვა და საკუთარი თავი მეფედ გამოაცხადა. დავითმა გაიმარჯვა აბესალომთან ბრძოლაში, რომლის დროსაც აბესალომი მოკლეს. დავითს მართლაც უამრავი უბედურება დაატყდა თავს.
ამასობაში ბათ-შებას სოლომონი შეეძინა. როცა დავითი მოხუცდა და დაუძლურდა, გამეფებას მისი ვაჟი ადონია ცდილობდა. ამიტომ დავითმა უთხრა მღვდელ ცადოკს, სოლომონისთვის თავზე ზეთი დაესხა და მეფედ ეკურთხებინა. მალე 70 წლის დავითი გარდაიცვალა. ის ორმოცი წელი მეფობდა. მის შემდეგ ისრაელში სოლომონი გამეფდა.