არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 30

რახაბი მალავს მზვერავებს

რახაბი მალავს მზვერავებს

ისრაელი მზვერავები ჩავიდნენ ქალაქ იერიხონში და იქ ერთი ქალის, რახაბის, სახლში დარჩნენ. ეს ამბავი იერიხონის მეფემ შეიტყო და იმ ქალის სახლში ჯარისკაცები გაგზავნა. რახაბმა მზვერავები ბანზე დამალა, ჯარისკაცებს კი უთხრა: აქ არ არიან, რა ხანია წავიდნენ. როცა მეფის კაცებმა იქაურობა დატოვეს, ქალმა მზვერავებს უთხრა: ვიცი, რომ იეჰოვა თქვენთან არის და ისიც ვიცი, რომ ის ხელში ჩაგიგდებთ ამ მიწას. ამიტომ ყველანაირად დაგეხმარებით. გემუდარებით, პირობა მომეცით, რომ მე და ჩემს ოჯახს არაფერს დაგვიშავებთ.

მზვერავებმა მიუგეს: გპირდებით, რომ ვინც შენს სახლში იქნება, არავის არაფერი დაუშავდება. ოღონდ, შენი სახლის სარკმელს წითელი თოკი გამოაბი. წარმოგიდგენია, როგორ გაუხარდებოდა რახაბს ამის მოსმენა?!

რახაბმა მზვერავები სარკმლიდან ძირს თოკით ჩაუშვა. ისინი მთებში გაიქცნენ და სამი დღე იმალებოდნენ; შემდეგ კი დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან. მალე ისრაელებმა გადაკვეთეს მდინარე იორდანე და ბრძოლისთვის მზადება დაიწყეს; პირველად ქალაქ იერიხონს მიადგნენ. იეჰოვამ უთხრა მათ, რომ ექვსი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ ქალაქისთვის გარს შემოევლოთ. მეშვიდე დღეს ღვთის დავალებით მათ შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს. შემდეგ მღვდლებმა ჩაჰბერეს საყვირებს და მებრძოლებმა საომარი ყიჟინა დასცეს. ქალაქის კედლები თვალის დახამხამებაში ჩამოინგრა. რახაბის სახლს კი, რომელიც გალავანში იყო, არაფერი მოსვლია. მისი ოჯახი და მთელი მისი სანათესაო ცოცხლები დარჩნენ.

„განა მეძავი რახაბიც საქმეებით არ იქნა მართლად მიჩნეული, როცა გულთბილად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაუშვა?!“ (იაკობი 2:25).