არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 13

იაკობისა და ესავის შერიგება

იაკობისა და ესავის შერიგება

იეჰოვა დაჰპირდა იაკობს, რომ ისევე დაიცავდა მას, როგორც აბრაამსა და ისაკს იცავდა. იაკობი დასახლდა ადგილზე, რომელსაც ხარანი ერქვა. ის იქ დაქორწინდა და შვილები შეეძინა; მან დიდი სიმდიდრეც დააგროვა.

ერთხელ იეჰოვამ უთხრა იაკობს: დაბრუნდი შენს სამშობლოში. იაკობიც ოჯახთან ერთად გრძელ გზას დაადგა. გზად მას თავისმა მსახურებმა უთხრეს: შენი ძმა, ესავი 400 კაცთან ერთად მოდის შენთან შესახვედრად! იაკობს შეეშინდა, რომ ესავს რამე არ დაეშავებინა მათთვის, ამიტომ მან ღმერთს მიმართა ლოცვით: იეჰოვა, გთხოვ, მიხსენი ჩემი ძმის ხელიდან! მეორე დღეს იაკობმა ესავს საჩუქრად გაუგზავნა ცხვრები, თხები, ძროხები, აქლემები და ვირები.

იმ ღამეს, როცა იაკობი მარტო იყო, ანგელოზი დაინახა. ანგელოზი დაეჭიდა მას. ისინი გათენებამდე ეჭიდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ იაკობმა ბარძაყი იტკინა, მაინც არ მოეშვა ანგელოზს. ბოლოს ანგელოზმა უთხრა: გამიშვი! იაკობმა მიუგო: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ!

ანგელოზმა აკურთხა ის. ახლა უკვე იცოდა იაკობმა, რომ იეჰოვა დაიცავდა და ესავი ვერაფერს დაუშავებდა.

დილით იაკობმა შორიდან დაინახა ესავი 400 კაცთან ერთად. მან ცოლ-შვილი უკან დააყენა, თვითონ კი წინ წავიდა. მიუახლოვდა ესავს და შვიდჯერ დაემხო მის წინაშე. ესავიც გაიქცა იაკობისკენ და გულში ჩაიკრა თავისი ძმა. ორივენი აქვითინდნენ. შენი აზრით, რას იგრძნობდა იეჰოვა, როცა დაინახავდა, როგორ შეირიგა იაკობმა თავისი ძმა?

ამის შემდეგ ესავი თავის სახლში წავიდა; იაკობმაც განაგრძო გზა. იაკობს 12 ვაჟი ჰყავდა. მათი სახელები იყო: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, დანი, ნაფთალი, გადი, აშერი, ისაქარი, ზებულონი, იოსები და ბენიამინი. გარკვეული ხნის შემდეგ იეჰოვამ იაკობის ერთ-ერთი ვაჟი იოსები თავისი ხალხის გადასარჩენად გამოიყენა. შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ, როგორ მოხდა ეს.

„გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები“ (მათე 5:44, 45).