არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 88

იესო შეიპყრეს

იესო შეიპყრეს

იესო და მისი მოციქულები კედრონის ხევის გავლით ზეთისხილის მთაზე ავიდნენ. შუაღამე გადასულიყო. სავსე მთვარე ანათებდა. გეთსემანეს ბაღში რომ მივიდნენ, იესომ მოციქულებს უთხრა: „დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ“. თვითონ ოდნავ მოშორებით გავიდა, მუხლებზე დაემხო და ილოცა. ღრმად დამწუხრებულმა იესომ ღმერთს ასეთი რამ უთხრა: „იყოს არა ჩემი, არამედ შენი ნება“. ამის შემდეგ იეჰოვამ ანგელოზი გაუგზავნა მას გასამხნევებლად. ბოლოს იესო მოციქულებთან დაბრუნდა და დაინახა, რომ სამივეს ეძინა. უთხრა მათ: იფხიზლეთ! ახლა ძილის დრო არ არის. მოვიდა დრო, რომ მტრების ხელში გადამცენ!

მალე იუდაც გამოჩნდა. ის წინ მიუძღოდა მახვილებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ხალხის დიდ ჯგუფს. იუდამ იცოდა, სად იქნებოდა იესო, რადგან ამ ბაღში ისინი მანამდეც ხშირად დადიოდნენ. იუდას ნათქვამი ჰქონდა ჯარისკაცებისთვის, რომ ვისაც აკოცებდა, ის იქნებოდა იესო. ის პირდაპირ იესოსკენ წავიდა და უთხრა: გამარჯობა, მოძღვარო! შემდეგ კი აკოცა მას. იესომ ჰკითხა: კოცნით გამცემ, იუდა?

იესომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და ხალხს ჰკითხა: „ვის ეძებთ?“. მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელს“. მან უთხრა: „მე ვარ“. მაშინ მათ უკან დაიხიეს და მიწაზე დაეცნენ. იესომ კიდევ ერთხელ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“. მათ ისევ უპასუხეს: „იესო ნაზარეთელს“. იესომ მიუგო: „გითხარით, მე ვარ-მეთქი! თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით!“.

პეტრე მიხვდა, რაც ხდებოდა; მახვილი ამოიღო და მღვდელმთავრის მონას, რომელსაც მალქე ერქვა, ყური ჩამოათალა. მაგრამ იესომ მას ყურზე ხელი დაადო და გაუმთელა. შემდეგ პეტრეს მიუბრუნდა და უთხრა: ჩააბრუნე მახვილი, რადგან ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება. ჯარისკაცებმა შეიპყრეს იესო და ხელები შეუკრეს. მოციქულები გაიქცნენ. იესო უფროს მღვდელთან, ანასთან, წაიყვანეს. ანამ დაჰკითხა იესო და მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა. მაგრამ სად წავიდნენ მოციქულები?

„ქვეყნიერებაში გასაჭირს შეხვდებით, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას!“ (იოანე 16:33).