არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 87

იესოს ბოლო ვახშამი

იესოს ბოლო ვახშამი

იუდეველები ყოველი წლის 14 ნისანს პასექის დღესასწაულს ზეიმობდნენ. ეს დღესასწაული მათ შეახსენებდა, როგორ დაიხსნა იეჰოვამ ისინი ეგვიპტის მონობიდან და როგორ შეიყვანა აღთქმულ მიწაზე. ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს იესომ და მისმა მოციქულებმა იერუსალიმში, ერთ-ერთი სახლის ზედა ოთახში, პასექი აღნიშნეს. ვახშმის ბოლოს იესომ მათ უთხრა: ერთი თქვენგანი მიღალატებს. მოციქულები გაოგნდნენ და იესოს უთხრეს: გთხოვ, გვითხარი, ვინ გიღალატებს? იესომ თქვა: ის, ვისაც ამ პურს მივცემ. შემდეგ პურის ნატეხი იუდა ისკარიოტელს მიაწოდა. იუდა მაშინვე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

ამის შემდეგ იესომ ილოცა, დაამტვრია პური, დანარჩენ მოციქულებს ჩამოურიგა და უთხრა: ჭამეთ ეს პური. ის ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელსაც თქვენთვის გავიღებ. შემდეგ ისევ ილოცა, აიღო ღვინო, მოწაფეებს გადააწოდა და უთხრა: ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, რომელიც იმისთვის დაიღვრება, რომ ადამიანებს ცოდვები მიეტევოთ. გპირდებით, რომ თქვენ ჩემთან ერთად იმეფებთ ზეცაში. ეს გააკეთეთ ყოველ წელს ჩემ გასახსენებლად. იესოს მიმდევრები დღესაც ყოველ წელს იკრიბებიან ამ საღამოს აღსანიშნავად. ამ განსაკუთრებულ შეხვედრას „უფლის გახსენების საღამო“ ეწოდება.

ვახშმის შემდეგ მოციქულებმა იმაზე დაიწყეს კამათი, რომელი მათგანი იყო უფრო დიდი. მაგრამ იესომ უთხრა მათ: თქვენ შორის ყველაზე დიდი ის არის, ვინც თავს ყველაზე უმნიშვნელო, უმცირეს ადამიანად მიიჩნევს.

თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მე თქვენ ყველაფერს გეუბნებით, რაც მამას უნდა, რომ გითხრათ. მალე მე მამასთან წავალ ზეცაში. თქვენ აქ დარჩებით და ხალხი მიხვდება, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, რადგან ერთმანეთი გეყვარებათ. ისე უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე მიყვარხართ.

ბოლოს იესომ ილოცა და სთხოვა იეჰოვას, დაეცვა მისი მოწაფეები და დახმარებოდა მათ, რომ ერთმანეთთან მშვიდობიანად ეთანამშრომლათ. იესომ იეჰოვას სახელის განწმენდაზეც ილოცა. ამის შემდეგ მან და მისმა მოციქულებმა იეჰოვა სიმღერით განადიდეს და იქაურობა დატოვეს. ახლოვდებოდა იესოს დაპატიმრების დრო.

„ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან მამათქვენმა თქვენთვის მოისურვა სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32).